Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის პოლიტიკური მონაწილეობა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში


საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ითხოვს

ევროკავშირისგან კონფლიქტების მოგვარების პროცესში მეტი აქტიურობისა და პრინციპულობის გამოჩენას, შეეხება ეს ევროკავშირის პოლიტიკურ მონაწილეობას მოლაპარაკებათა პროცესში თუ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მეთვალყურის მისიის შესრულებას. როგორც ჩანს, ევროკავშირის პოლიტიკური პასიურობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში უკმაყოფილო მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ არის. ამის დასტურია გასულ კვირაში გამოქვეყნებული ერთი ანალიტიკური ნაშრომი, რომლის გამოქვეყნებაც რეგიონში ევროკავშირის ახალი საგანგებო წარმომადგენლის ვიზიტს დაემთხვა.

გასულ კვირაში ”კრიზისების შემსწავლელმა საერთაშორისო ჯგუფმა” გამოაქვეყნა ანალიტიკური ნაშრომი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის როლს შეეხებოდა. ევროპელი ექსპერტები კრიტიკულად უდგებიან ევროკავშირის პოლიტიკას რეგიონში. კერძოდ, შიშობენ, რომ ევროკავშირის მიდრეკილებას, თავი აარიდოს კონფლიქტების მოგვარების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ევროპელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შედეგი შეიძლება იყოს შეიარაღებული კონფლიქტების განახლებაც კი ამჟამად უკვე ევროკავშირის სამეზობლოს სტატუსის მქონე სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ”კრიზისების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის” ხელმძღვანელი გახლავთ ყოფილი ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში - კრის პატენი.

ანალიტიკური ჯგუფის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას უაიტი აცხადებს, რომ ”თუკი ევროკავშირი ვერ შეძლებს უსაფრთხო სამეზობლოს პოლიტიკის გატარებას, მისი ავტორიტეტი როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე რუსეთისა და შეერთებული შტატების თვალში იზარალებს. უფრო საგანგაშო კი ის არის, რომ თუკი კონფლიქტები სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაუარესდა, ევროკავშირი ვეღარაფერს მოუხერხებს თავის სამეზობლოში განახლებულ ომებს”. ეს, რაც შეეხება უკიდურესად უარყოფით პროგნოზს, თუმცა ევროპელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის პოლიტიკური თავშეკავებულობა ზიანს აყენებს ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმდინარე პროექტების განხორციელებას სამხრეთ კავკასიის კონფლიქტის ზონებში. კერძოდ, ”კრიზისების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის” მოხსენებაში საუბარია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტზე, რომელსაც ევროკავშირი და გაერო ერთობლივად ახორციელებენ. ამგვარი პროექტებით ევროკავშირი ცდილობს კონფლიქტის ზონებში სტაბილურობას, ურთიერთნდობის აღდგენასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი, თუმცა ევროპელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საკითხისადმი აპოლიტიკური მიდგომით ევროკავშირი შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მიდგომას თავად ევროკავშირი სწორედ სავარაუდო პოლიტიკური ბარიერებისთვის თავის არიდების გზად განიხილავს.

ევროპელი ექსპერტები სვამენ კითხვას: თუკი წარმოიშობა პოლიტიკური ხასიათის პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის ევროკავშირის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას, ექნება თუ არა ევროკავშირს პოლიტიკური ბერკეტი ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ვითარებაზე? ”კრიზისის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის” ექსპერტთაგან არც ერთი არ იყო დარწმუნებული, რომ საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე მხარეების პოზიციებზე პოლიტიკურ ზეწოლას შეძლებდა ელჩი ტალვიტი, რომელიც გახლდათ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 20 თებერვლიდან ევროკავშირს რეგიონში ახალი წარმომადგენელი - შვედი დიპლომატი პიტერ სემნები - ჰყავს. პირველად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სემნები გასულ კვირაში ესტუმრა. შეკითხვაზე განსხვავდება თუ არა მისი მანდატი წინამორბედისგან, სემნებიმ მიპასუხა:

[სემნების ხმა]
”თუკი ვისაუბრებთ ჩემს მანდატზე, ის განსხვავდება ჩემი წინამორბედის მანდატისგან. მასში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა კონფლიქტების მოგვარების საკითხს. რაც შეეხება რეალობას, მე არ მგონია უფრო მეტის გაკეთება შევძლო, ვიდრე ჩემმა წინამორბედმა შეძლო, რადგან ორივე მანდატი საკმაოდ ფართო გახლავთ. თუმცა ყველამ ერთგვარ სიგნალად უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ კონფლიქტების მოგვარებას ევროკავშირი უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს.”

ევროპელ ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ თუკი პიტერ სემნები უფრო აქტიურად არ ჩაებმება კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების პროცესში, ისიც ტალვიტის მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება და ვერ მოახდენს ვერანაირ ზეგავლენას კონფლიქტის მხარეებზე, იმის მიუხედავადაც, რომ ევროკომისია მნიშვნელოვან სახსრებს ხარჯავს კონფლიქტის ზონებში განსახორციელებელ პროექტებში. ”ევროკავშირი აღმოჩნდება პოზიციაში, როცა ის კოფნლიქტებზე კი არა, კონფლიქტების ირგვლივ მუშაობს.”

ამას გარდა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებზე პოლიტიკური საკითხების განხილვაშიც უნდა მონაწილეობდეს. ასეთივე გახლავთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც. აღნიშნულ საკითხზე პიტერ სემნებიმ რადიო “თავისუფლებას” განუცხადა:

[სემნების ხმა]
”რაც შეეხება შერეულ საკონტროლო კომისიას, ამ ეტაპზე ჩემთვის რთულია ამ სპეციფიკურ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს მხოლოდ ეს ფორუმი არსებობს სამხრეთ ოსეთის საკითხის განსახილველად. დღევანდელი თვალთახედვით, მოლაპარაკებათა ეს ფორუმი უცნაურად მოჩანს. მე აღვნიშნე, რომ ევროკავშირი არ არის წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარების არც ერთ ფორუმზე. ეს კი არის ასახვა განსხვავებისა 15 წლის წინ და დღეს არსებულ რეალობებს შორის, აგრეთვე 15 წლის წინანდელ და ახლანდელ ევროკავშირს შორის. ევროკომისია მონაწილეობს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებში, როცა იქ ეკონომიკური საკითხები იხილება. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი იმაზე, მიიღებს თუ არა ევროკავშირი მონაწილეობას პოლიტიკურ დიალოგში.”

ბრიუსელში არსებული ”კრიზისის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის” ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამხრეთი კავკასია არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რეგიონთა შორის, სადაც ევროკავშირს შესწევს უნარი ქმედითი როლი შეასრულოს კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

სტაბილურობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირისთვის მხოლოდ სამეზობლოში სიმშვიდის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ავსტრიის - კანცლერმა ვოლფგანგ შუსელმა ვენაში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ახლა, როცა ევროკავშირი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების გადამწყვეტ ფაზაშია, როცა საუბარია ენერგოუზრუნველყოფის დივერსიფიკაციაზე, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და სახელმწიფოთა ეს გაერთიანება დაინტერესებულია ენერგეტიკის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG