Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ კავკასიისა და შუა აზიის საკითხების გერმანელ სპეციალისტთან, უვე ჰალბახთან


გასულ კვირაში ჩვენ უკვე გაუწყეთ, რომ 11 მაისს,

გერმანიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში გერმანიის გეგმებზე ისაუბრებს. კანცლერი აპირებს სამხრეთ კავკასიის რეგიონს ევროკავშირის პოლიტიკისთვის ”აღმოსავლეთის პოლიტიკის” ცენტრი უწოდოს. პარალელურად, ამ რეგიონის - და, ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცის - მიმართ შეიმჩნევა შეერთებული შტატების მხრიდან გამოვლენილი ყურადღების ინტენსიფიკაცია. გასულ კვირაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ნიკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად იმოქმედებს, რათა ე.წ. "დიდი რვიანის" წლევანდელ სამიტზე სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოს, მოლდავეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოგვარებას; მაისის დასაწყისში კი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ვილნიუსში ჩავა და ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების ლიდერთა სამიტს ამ რეგიონის საერთაშორისო მნიშვნელობის შესახებ სიტყვით მიმართავს. ”ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებას სწორედ ამ საერთაშორისო ყურადღების გამძაფრებას ვუძღვნით. ამ საკითხების შესახებ ბერლინში განთავსებული პოლიტიკის და უსაფრთხოების ინსტიტუტის მკვლევარს, კავკასიისა და შუა აზიის საკითხების სპეციალისტს, უვე ჰალბახს ვესაუბრე. როგორც აღმოჩნდა, დასავლეთ ევროპის მხრიდან კავკასიის მიმართ გამოვლენილი ინტერესის ზოგად ზრდას ანალიტიკოსი ორ სრულიად განსხვავებულ ასპექტს უკავშირებს:

[ჰალბახის ხმა] ”კავკასიის მიმართ ევროპის და, კერძოდ, გერმანიის ინტერესის ზრდა, რომელიც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შეიმჩნევა, ჩემი აზრით, ორი სრულიად განსხვავებული ფაქტორით არის გამოწვეული. ერთი საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუცია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების პერსპექტივა იყო; მეორე კი განსხვავებული კატეგორიის შემთხვევა, ბესლანის ტრაგედია, და ძალადობის რეგიონული ესკალაცია ჩრდილოეთ კავკასიაში. ევროპაში კავკასიის მიმართ ინტერესი ამ ორივე ასპექტმა გაზარდა. საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიის ინტეგრირება გამოიწვია. კანცლერ მერკელის განცხადებებიც ამ გაზრდილი ინტერესის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.”

უვე ჰალბახის აზრით, გერმანია, ევროკავშირის მორიგი პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, აუცილებლად იმუშავებს ევროკავშირის კავკასიის რეგიონთან დასაახლოებლად, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, მოსალოდნელია, რომ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა, შეერთებული შტატების პოლიტიკასთან შედარებით, განსხვავებული დარჩეს:

[ჰალბახის ხმა] ”ჩემი აზრით, კავკასიის რეგიონს ევროკავშირი და შეერთებული შტატები განხვავებულად აღიქვამენ. ევროკავშირი ყოველთვის თავშეკავებით ეკიდებოდა ”დიდ თამაშთან” დაკავშირებულ შეხედულებებს; მას არ სურდა გეოპოლიტიკური მოთამაშე ყოფილიყო კავკასიაში - რეგიონში, სადაც, მაგალითად, რუსეთი და შეერთებული შტატები უკვე მოქმედებდნენ. ევროკავშირი დღემდე იკავებს თავს კავკასიაში საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის დემონსტრირებისგან და, უწინარესად, ისეთი პროექტების მიმართ ავლენს ინტერესს, რომლებიც ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ არის მიმართული. მაგრამ როდესაც საქმე უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება, - მაგალითად, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში ჩართვას, - ევროკავშირი ბევრად უფრო თავშეკავებულად მოქმედებს, ვიდრე შეერთებული შტატები.”

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ევროკავშირის და სამხრეთ კავკასიის სამომავლო კავშირებს - ისევე როგორც კავშირსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობას - გასდევს ფონად, ენერგეტიკის მიწოდების საკითხია. უვე ჰალბახის აზრით, ამ თემამ ევროპაში დღეს განსაკუთრებული აქტუალურობაც კი შეიძინა:

[ჰალბახის ხმა] ”ენერგეტიკის საკითხი გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში ახლა ძალიან პოპულარულია - ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, თითქოს ევროპამ ეს საკითხი ეს-ესაა აღმოაჩინა. ყველა ენერგეტიკის საკითხებზე ლაპარაკობს და, ცხადია, ამ კონტექსტში კასპიის რეგიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საკითხი - ნავთობის და გაზის წყაროების დივერსიფიკაციის აუცილებლობასთან ერთად - კლასიკური თემაა, რომლის შესახებაც უკვე წლებია, რაც ლაპარაკობენ. თუმცა ზოგჯერ დღევანდელი ვითარება მართლა ქმნის შეხედულებას, რომ ეს ახალი თემაა.”

პოსტსაბჭოთა რეგიონის მიმართ დასავლეთის ინტერესის ირგვლივ ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრება ამ პროცესებს ”ცივი ომის” ერთგვარ გაგრძელებად და რეგიონში გავლენის გავრცელებაზე რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე ბრძოლად გამოსახავს. თუმცა უვე ჰალბახი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება:

[ჰალბახის ხმა] ”ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დასუსტდეს შეხედულება, თითქოს ეს პროცესები ცივი ომის გაგრძელება და ”დიდი თამაშია”. შუა აზიასა და კავკასიაში ასეთი თამაშის მიმდინარეობის შესახებ არაერთი მითი არსებობს. ცხადია, რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ამ რეგიონთან მიმართებით კონკურენციის გარკვეული ელემენტები არსებობს - მაგრამ მათი აღქმა გადაჭარბებულია. ევროპამ სწორედ”დიდი თამაშის” ამ სტერეოტიპის დანგრევაზე უნდა იმუშაოს. კავკასია, თავისი გადაუჭრელი კონფლიქტებით, ძალიან რთული რეგიონია და ამ სტერეოტიპის არსებობა ხელს არავის აძლევს.”

ამავე დროს, უვე ჰალბახის აზრით, ძალაუფების გეოპოლიტიკური გადანაწილება და ”დიდი თამაშის” თეორია რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე ახდენს უშუალო გავლენას:
[ჰალბახის ხმა] ”ეს ჩვენი საერთო ინტერესია. რუსეთს, წესით, ძალიან უნდა აინტერესებდეს კავკასიაში სტაბილიზაცია. პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს, აბსოლუტურად ირაციონალურია. უაღრესად წინააღმდეგობრივი და ალოგიკურია ის, თუ რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი, ერთი მხრივ, თავის წიაღში და, მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასიაში არსებულ სეპარატისტულ კონფლიქტებთან მიმართებით. ვფიქრობ, რუსეთში ”დიდი თამაშის” იდეაზე ძლიერი ფიქსაცია შეიჩნევა - და ევროპის პოლიტიკამ ყველაფერი უნდა გააკეთის ამ თვალსაზისის დემისტიფიკაციის მიზნით.”

საუბრის დასასრულს ბერლინში განთავსებული პოლიტიკის და უსაფრთხოების ინსტიტუტის მკვლევარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ვკითხეთ. მისი პასუხი ასეთი იყო:

[ჰალბახის ხმა] ”ჩემი აზრით, ამ საკითხის აბსოლუტურად განსხვავებული აღქმა არსებობს. გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პასუხი პარტნიორობაზე მეტის, მაგრამ გაწევრიანებაზე ნაკლების შეთავაზება იყო - გაწევრიანების პერსპექტივის დღის წესრიგიდან ამოღების გარეშე. მეორე მხარეს კი საქართველოს მსგავსი ქვეყნებია, რომლებსაც ძალიან მაღალი მოლოდინი აქვთ. საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირში მალე გაწევრიანდეს. ვფიქრობ, ევროკავშირი ამისათვის მზად არ არის. საქართველოში ევროპასთან დაახლოების ერთგვარი რომანტიკული აღქმა არსებობს - არადა, ქვეყანას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG