Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული არმიის დღესასწაული: თვალთაგან შორს და გულთან ახლოს


30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების

დაარსების დღეა. სამხედრო ხელისუფლებამ სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქიდან შორს, სენაკში, დაგეგმა, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპული სტანდარტების დონის სამხედრო ბაზა ჩამოყალიბდა. მაგრამ დღესასწაულის ბრწყინვალების მიღმა დარჩნენ ვეტერანი სამხედროები, რომლებიც 15 წლის წინ არმიის შექმნის სათავეებთან იდგნენ. და რაც უფრო ემატება წლები არმიას, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს ძველი და ახალი თაობის სამხედროები, რომლებსაც 30 აპრილი მხოლოდ სიმბოლურად აერთიანებთ.

თადარიგის გენერალ ზაურ უჩაძეს ქართულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის 14 წლიანი სტაჟი აქვს. ვიდრე 1991 წელს პირველ ქართულ ქვედანაყოფში, ეროვნულ გვარდიაში, ჩაირიცხებოდა, იგი ყაზანში ბრიგადის მეთაურის მოადგილედ მსახურობდა და სერიოზული კარიერის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ოფიცრობა არჩია და სამშობლოში დაბრუნდა. სულ მალე, 1991 წლის 5 აპრილს, ეროვნულ გვარდიაში პირველი გაწვევა გამოცხადდა. შემდეგ იყო პირველი სამხედრო აღლუმი ეროვნულ სტადიონზე, რომელშიც ზაურ უჩაძეც მონაწილეობდა.

[ზაურ უჩაძის ხმა] “1991 წლის 5 აპრილს იყო მთავრობის დადგენილება გაწვევის შესახებ, მაგრამ გაწვევა, სინამდვილეში, დაიწყო 30 აპრილს. ამიტომ, როგორც არმიის შექმნის მთავარი ატრიბუტი არის გაწვევა, 30 აპრილი არის ჩვენი არმიის შექმნის დღესასწაულად წოდებული.”(სტილი დაცულია)

15 წლის წინ ეროვნულმა ხელისუფლებამ საქართველოში სამხედრო ძალების ორგანიზებისათვის აქტიურად დაიწყო საბჭოთა არმიაში მყოფი ქართველი ოფიცრების გადმობირება. ბევრი, ვისაც საქართველო ბავშვობის მერე არ ენახა, პირდაპირ ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში ებმებოდა. მათ შორის გახლდათ თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, რომელიც 1994-96 წლებში შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ედგა სათავეში.

[გურამ ნიკოლაიშვილის ხმა] “1100 თუ 1050 ოფიცრის სია იყო მიღებული, რომლებსაც დაუკავშირდნენ. უმრავლესობა მათგანი ჩამოვიდა და დაუყოვნებლივ ჩაება ომში.”(სტილი დაცულია)

თავდაპირველად საბჭოთა სკოლაგამოვლილ ქართველ ოფიცრებს ეროვნული მოძრაობიდან დაწინაურებული საველე მეთაურები ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ საბრძოლო ოპერაციებმა აჩვენა, რომ ოფიცრების დაყოფა პატრიოტებად და არაპატრიოტებად არასწორი იყო. გენერლები ზაურ უჩაძე და გურამ ნიკოლაიშვილი იხსენებენ, რომ საბჭოთა არმიიდან სამშობლოში დაბრუნებული ბევრი ოფიცერი ბრძოლის ველზე გმირული სიკვდილით დაეცა.

[ზაურ უჩაძისა და გურამ ნიკოლაიშვილის ხმები] “ახლა გვარებს არ ჩამოვთვლი, რადგან შეიძლება ვინმე გამომრჩეს და ამით შეურაცხყოფა მივაყენო. მაგრამ, აი, იურა მაისურაძე ... ჩამოვიდა, არც უცხოვრია საქართველოში და მესამე დღეს დაიღუპა წინა ხაზზე. მარტო ჩვენი მონაცემებით, ომში დაიღუპა 500-მდე კადრის ოფიცერი.”

საბჭოთა სამხედრო გამოცდილების მქონე ბევრი ქართველი ოფიცერი, ვინც ომებს გადაურჩა, ამჟამად პენსიაში იმყოფება. შედარებით ახალგაზრდები კი დათხოვნილები არიან სამხედრო სამსახურიდან კადრების რეორგანიზაციისა და შემცირების გამო, რასაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდგომი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მასშტაბური ხასიათი მიეცა. საბჭოთა სამხედრო განათლებამიღებულ ოფიცრებს ვერც იმან უშველა, რომ მოგვიანებით კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში გაიარეს. გენერალი გურამ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ოფიცრებს, რომლებიც ქართული არმიის შექმნის სათავეებთან იდგნენ, ბოლო წლებში აღარც არმიის დღესასწაულებზე იწვევენ:

[გურამ ნიკოლაიშვილის ხმა] “მე 2000 წლიდან, რაც არმიიდან წავედი, არ მიწვევენ, ვითომც არც ვყოფილიყავი ამ ჯარში. მაგრამ ეს საწყენი არ არის. მე ვფიქრობ, რომ მომავალი თაობები ტრადიციაზე უნდა გაიზარდონ, მათ უნდა იცოდნენ, რომ აი, ეს ასეთი გენერალი იყო, ასე იბრძოდა და ასე შემდეგ. შეუძლებელია ჩვენ ვასწავლოთ მომავალი და არ ვიცოდეთ წარსული.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ჩემი თანამოსაუბრეები ძველი და ახალი თაობის სამხედროებს შორის ამგვარ ხიდჩატეხილობას გაუგებრობას უწოდებენ. გენერალი ზაურ უჩაძე იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა შეიარაღებული ძალების მომავალი დღესასწაულები მათ - ძველი და ახალი თაობის სამხედროებს - არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ რეალურად გააერთიანებთ:

[ზაურ უჩაძის ხმა] “ამ თარიღთან ბევრი რამ არის დაკავშირებული - უამრავი ჭირი და სიხარული, უამრავი ადამიანი. დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანმა გაიარა ჩვენს ხელში - სამხედროებმა, რომლებიც აღვზარდეთ, ვისთანაც უშუალო კონტაქტი გვქონდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ყველას მათ მიუხარიათ ამ დღესასწაულზე. და არ არის ძნელი, მიულოცო ეს დღე, გაუხარო გული. ჩვენ სულ რაღაც გაბრაზებულები ვართ ერთმანეთზე. არადა, ორი კაკალი ქართველები ვართ(იცინის), უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს და გვერდში ამოვუდგეთ. მე მგონი, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს.”(სტილი დაცულია)

მანამდე კი, გენერალი ზაურ უჩაძე და გურამ ნიკოლაიშვილი რამდენიმე ძველ თანამებრძოლთან ერთად შეიკრიბნენ და ვიწო წრეში აღნიშნეს ქართული არმიის შექმნის მე-15 წლისთავი. ქართულ სუფრაზე და ქართულ სადღეგრძელოში ხომ ყოველთვის უფრო იოლია გააერთიანო ადამიანები, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG