Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულებს


იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები - საპყრობილეები, მკაცრი და საერთო რეჟიმის კოლონიები

- ვერ აუდიან პატიმრებს, რომელთა რაოდენობამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს, 12 ათასს, მიაღწია. მდგომარეობის განსამუხტავად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 9 მილიონი ლარით გლდანის მასივის მახლობლად ახალი - 3 ათას პატიმარზე გათვლილი - საპყრობილე შენდება, პარალელურად რემონტი უტარდება საგარეჯოში განთავსებულ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებას. ამ ფონზე ირკვევა, რომ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, აღარ იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და არ იწყალებს მსჯავრდებულებს. რატომ არ სწყალობს პრეზიდენტი პატიმრებს და ხომ არ იგეგმება შეწყალების ინსტიტუტის საერთოდ გაუქმება?

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულთა შეწყალებას პრეზიდენტი ახორციელებს, თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული შეწყალების კომისიისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილს ამ უფლებით თითქმის ნახევარი წელია არ უსარგებლია. კომისია უკანასკნელად გასული წლის დეკემბერში შეიკრიბა.

[ელენე თევდორაძის ხმა] „ჩვენ მაშინ 600 საქმე განვიხილეთ და რეკომენდაცია მხოლოდ 71-ს გავუკეთეთ. თავის დროზე გადავგზავნეთ, მაგრამ ეს საქმეები დღემდე პრეზიდენტთანაა. ორჯერ ველაპარკე პრეზიდენტს. მე მას ვკითხე, ხომ არ გავაუქმოთ კომისია, თუ თქვენ ასე მიგაჩნიათ საჭიროდ? მან მიპასუხა: შემომიტანეთ განცხადებები, მე ხელს მოვაწერ.“(სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძის თქმით, პრეზიდენტმა უკანასკნელი 20 პატიმარი შარშან, შემოდგომაზე, შეიწყალა, არადა მანამდე, როგორც კომისიის აპარატის თანამშრომლები ამბობენ, შეწყალების პროცესი გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობდა.

[კომისიის აპარატის თანამშრომლის ხმა] „შარშანდელი ხუთი კომისიის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტმა შეიწყალა 1200-ზე მეტი მსჯავრდებული, წლევანდელი მონაცემებით, განხილული იყო 1500-მდე საქმე, ხოლო პრეზიდენტმა შეიწყალა დაახლოებით 710...“

ეს ინტერვიუ შარშან ზაფხულშია ჩაწერილი და მას შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრი რამ შეიცვალა. შეწყალებულ პატიმართა რაოდენობის შემცირების პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება შეწყალების კომიის გაუქმებას აპირებს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „არა,შეწყალების კომისია არ უქმდება. შეწყალება გათვალისწინებულია კონსტიტუციით და, ბუნებრივია, ეს ფაქტი კანონმდებლობაშიც უნდა იყოს ასახული. ამდენად, კომისიის გაუქმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი უწყება ჩაატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ იუსტიციის სამინისტრო, ცხადია, თავად პრეზიდენტი მიიღებს.“


წინა მოსამზადებელი სამუშაოების იუსტიციის სამინისტროში გადატანის იდეას არ იწონებს ელენე თევდორაძე, რომლის თქმითაც, შეწყალების კომისიას ემსახურებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების სამსახურის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. თუმცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადატანა არ შეიძლება:

[ელენე თევდორაძის ხმა] „არავითარ შემთხვევაში. ეს არალოგიკურია: სამსახური, რომელიც ინახავს პატიმრებს, ვერ გადაწყვეტს მათი შეწყალების საკითხს. ეს ნონსენსია და ასეთი რამ არსად ხდება.“

მაინც რატომ არ სარგებლობს პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და არ იწყალებს იმ პატიმრებს, რომლებმაც მოინანიეს ჩადენილი დანაშაული და მოქმედი კანონი მათ ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს? ელენე თევდორაძის კომენტარი:

[ელენე თევდორაძის ხმა] „ველაპარაკე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს არველაძეს. მან მითხრა: ჩვენთან ასეთი წესია, სანამ პრეზიდენტი არ მეტყვის, შემომიტანეო, ვერ შევუტან.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ანა დოლიძე კი ხელისუფლების პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას:

[ანა დოლიძის ხმა] „ალბათ, ეს საკითხი მისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, ისევე როგორც ის გამოუყენებელი უფლება საქართველოს პრეზიდენტისა, მოინახულოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები, რაც მას არ გამოუყენებია მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის ეს სფერო და პატიმრების უფლებების დაცვა არ წარმოადგენს პრიორიტეტს, რაც ძალზე სამწუხაროა.“(სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, პრეზიდენტს პატიმრების შეწყალებაზე საშურ საქმედ საპატიმროებში ყოფითი პირობების გაუმჯობესება მიაჩნია. საქმე ის არის, რომ ქუთაისისა და რუსთავის შემდეგ ახალი, 3 ათას პატიმარზე გათვლილი, საპყრობილე გლდანშიც შენდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გრიგოლ გობეჯიშვილის თქმით, ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებების წყალობით, მშენებლობა, შესაძლოა, წელსვე დასრულდეს:

[გრიგოლ გობეჯიშვილის ხმა] „ამ ცვლილებით გათვალისწინებულია იუსტიციის სამინისტროსათვის 25 მილიონი ლარის დამატება კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად და ეს თანხმა მოხმარდება სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულების მშენებლობას გლდანში.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG