Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ღვინო და სპირტიანი სასმელები” - საერთაშორისო გამოფენა პრაღაში


პრაღაში წელს მეცხრედ იმართება და სამ დღეს გრძელდება

საერთაშორისო გამოფენა - “ღვინო და სპირტიანი სასმელები”, რომელზეც, სხვათა შორის, საქართველოში წარმოებული ღვინო, სპირტიანი სასმელი და ბორჯომის მინერალური წყალიც არის წარმოდგენილი. გამოფენის მასშტაბები წლითიწლობით იზრდება. შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა მონაწილეთა რიცხვიც - წელს ის 300-ს აღწევს. აქ არიან ღვინის მწარმოებელი უდიდესი ქვეყნები, სავაჭრო ფირმები - ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, გერმანული, ავსტრიული...

აქ ნახავთ სამხრეთაფრიკულსა და ოკეანისგაღმიდან ჩამოტანილ პროდუქტს. გამოფენაზე განწყობილება ამაღლებულია. სტუმრების ნახევარი მუქთად სმისთვის არის გარჯილი, დანარჩენს ალკოჰოლი აინტერესებს პროფესიულად. საქართველოში ღვინის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია “თელიანი ველი”. ამ ფირმის ღვინის ჩეხეთში გამსაღებელია პრაღაში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გედევანი” . “გედევანის” მიერ დასაქმებული ბატონები და ქალბატონები იქ მოსულთ - მსმელებს და, საერთოდ, ღვინით დაინტერსებულ პირებს -სთავაზობენ წითელ და თეთრ ღვინოებს, ასევე - ბრენდის და ჭაჭას. აქვე გეტყვით, რომ “თელიანი ველის” ასორტიმენტშია “ქართული ელექსირი”, 40 პროცენტიანი ალკოჰოლის შემცველი სასმელი, რომელიც სამკურნალო მცენარეების ნაყენს წარმოადგენს და არა მარტო სასიამოვნო, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოცაა. მე მოწმე ვიყავი, როგორ დგებოდა ქართული ნაწარმის გასინჯვის მოსურნეთა რიგი. იმ დროს ქართული ღვინის სტენდთან მოსულ სტუმართა შორის ჩეხეთში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძეც იყო, რომელიც სიხარულით აღნიშნავდა, აი, ნახეთ, ქართულ ღვინოზე რიგია, ჩვენ გვერდით და წინ კი, სამხრეთაფრიკული და ჩეხური სასმელების სტენდებთან, სიცარიელეაო. კახა სიხარულიძე სიამოვნებით დაგვთანხმდა ეპასუხა რადიო “თავისუფლების” შეკითხვაზე, როგორ უყურებს ელჩი საქართველოს ღვინის მწარმოებელთა და, საერთოდ, სხვა მეწარმეების ჩეხეთში შემოსვლას.

(სიხარულიძის ხმა)

ფირმა “გედევანთან” პარტნიორობით დაინტერესდა იმ დროს იქ მოსული “ვინოტეკის”, როგოც ჩეხეთში ღვინის მაღაზიას უწოდებენ, პატრონი ვლასტისლავ კოუბა, რომელმაც იქვე გადაწყვიტა, რამდენიმე სახეობის ღვინო შეუკვეთოს “გედევანს” თავისი კლიენტებისთვის. ვლასტისლავ კოუბას თქმით, მან წითელი ღვინოები ამოირჩია და, ფასებიც სრულიად მისაღებიაო, გვითხრა.

ღვინის ფასებსა და ხარისხზე გვქონდა საუბარი ალექსანდრე გედევანიშვილთან, ფირმის მფლობელთან, რომელსაც მიაჩნია, რომ კარგ ღვინოს კარგი ფასი უნდა ედოს და დამფასებელიც უნდა ჰყავდეს.

(გედავანიშვილის ხმა)

“თელიანი ველი” წელს აპირებს 2 მილიონ ბოთლამდე აწარმოოს. აქედან მესამედზე მეტი საქართველოში გაიყიდება, დანარჩენი უცხოეთში გადის. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ღვინოს გაყიდის ჩეხეთში “გედევანი” - ამას ფირმა არ ამხელს, მაგრამ წინვლა ამ საქმეში დაგეგმილია, საელჩოსგან მას მხარდაჭერა აქვს.

(სიხარულიძის ხმა)

ქართული ღვინის სტენდთან ამ გამოფენაზე, როგორც გითხარით, უამრავი ადამიანი მოდიოდა და სვამდა. ამ ორმა მამაკაცმა ყველა ღვინო გასინჯა და საქართველოში თავისი ძველი სტუმრობა გაიხსენა. მათ თამადის ფენომენი არ დავიწყებიათ და სასიამოვნოდ გატარებულ დროს იხსენებენ, თუმცა ამბობენ, რომ მაშინდელი მეგობრები საქართველოში დაკარგეს.

(ორი ჩეხი მამაკაცის ხმა)

ჩეხეთში ამ გამოფენაზე ვერ შეიგრძნობთ, თუ დიდი გამადიდებელი შუშით არ დააკვირდებით, რომ ევროკავშირში ღვინოს პრობლემები აქვს. ევროკომისია გეგმავს ევროპელ მეღვინეებს ვენახის განადგურება შესთავაზოს, რათა არ გაიაფდეს ღვინო, რომლის კატასტროფული მოზღვავებაა ამ ბაზარზე. მსოფლიოში დღეს იწარმოება 280 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო, მოხმარება კი ხდება მხოლოდ 233 მილიონისა. აქ არ არის ფალსიფიცირებაზე ლაპარაკი, საქმეს აფუჭებს მხოლოდ იაფი ღვინო, მას კი მომხმარებელი ჰყავს. ამასთან, ღვინის მსმელების რიცხვი საერთოდ მცირდება. ევროკომისიის თანახმად, ევროპაში ვენახი სამ-ნახევარ მილიონ ჰექტარზეა გაშენებული. მათგან 400 ათასი, კომისიის წინადადებით, უნდა გაუქმდეს. “თელიანი ველის” დისტრიბუტორს, ფირმის ხელმძღვანელს ალექსანდრე გედევანიშვილს მოუსმინეთ.

(გედევანიშვილის ხმა)

ქართული ღვინის სტენდთან ხალხი არ მცირდება. ერთი ქალბატონი, რომელიც სკამზე ჩამოჯდა, ეტყობა, კმაყოფილი, ამბობს, რომ ამ ღვინოს აქაურ ბაზარზე შესანიშნავი შანსები აქვს.

(ჩეხი ქალის ხმა)

(იხ. აუდიოვერსია.)
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG