Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაცია ინდონეზიაში?


ამ დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო შემაშფოთებელმა ცნობამ, რომელიც ინდონეზიის ერთი პატარა სოფლიდან გავრცელდა: იქ ერთ ოჯახში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით.

არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა.

მას შემდეგ, რაც ფრინველის გრიპის ვირუსმა ადამიანებშიც იჩინა თავი, მედიკოსები შიშობენ, რომ ვირუსმა, შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი შეიძინოს. ამას კი გლობალური პანდემიის საფრთხე უკავშირდება, ანუ საფრთხე ეპიდემიისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აქამდე ეს არ მომხდარა: ფრინველის გრიპით მთელს მსოფლიოში დაავადებულების რიცხვი 200 იყო და, შეიძლება ითქვას, ყოველ მათგანს შეხება ჰქონდა ფრინველთან - ის შინ ჰყავდა, ან ვაჭრობდა ფრინველით. მაგრამ ინდონეზიიდან გავრცელებულმა ბოლო ცნობამ ექსპერტები შეაშფოთა და საგონებელში ჩააგდო...

კუნძულ სუმატრაზე, სოფელ კუბუ სემელანგში ერთი ოჯახის 8 წევრი დაავადდა ფრინველის გრიპით. 7 ცოცხალი აღარ არის, ერთი მამაკაცი - ჯონედ გინტინგი სიკვდილს ებრძვის. გინტინგებს შინაური ფრინველი არ ჰყოლიათ, ის კი არა, სეპციალისტებმა მთელს სოფელში ვერ აღმოაჩინეს დაავადებული ფრინველი, ვერ გაარკვიეს გინტინგების ინფიცირების კერა. მაგრამ ვარაუდობენ იმას, რომ ვირუსი ერთი ინფიცირებულიდან გავრცელდა ოჯახის დანარჩენ წევრებზე: ანუ მოხდა ის, რისიც ექსპერტებს ეშინოდათ - ფრინველის გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა.

[კორდინგლის ხმა] “ეს შემთხვევა ინდონეზიაში, ალბათ, ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ინციდენტია მას შემდეგ, რაც ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა თითქმის სამი წლის წინო”, - ეს შეფასება გამოთქვა გაეროს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა, პიტერ კორდინგლიმ ოთხშაბათს ფილიპინების დედაქალაქში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

[კორდინგლის ხმა] “ჩვენი გუნდი ინდონეზიაში მუშაობს, მაგრამ ჯერ ვერ მივაგენით ინფექციის კერას - ვერც ინფიცირებულ შინაურ ფრინველს, ვერც ინფიცირებულ ღორებს. საგონებელში ვართ ჩავარდნილი! დიახ, ეს პირველ რიგში, თავსატეხია: როგორ დაავადნენ ეს ადამიანები? და მეორე, როგორ გავრცელდა ეს ვირუსი ამდენ ადამიანზე?”

ამ, ჯერ პასუხგაუცემელი შეკითხვებისა და შემაშფოთებელი სიახლის მიუხედავად ექსპერტები, რომელთაც ჩვენი რადიო დაუკავშირდა, ირწმუნებიან, რომ პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს. მიზეზი ის არის, რომ ინდონეზიელ მსხვერპლს ვერ აღმოუჩინეს მუტაციაგამოვლილი ვირუსი.

თუ გამოკვლევის ეს შედეგი დადასტურდა, ამბობს ალბერტ ოსტერჰაუზი, ჰოლანდიელი ვიროლოგი, მაშინ პანდემიის საფრთხის წინაშე არ ვდგავართ. ინდონეზიური ოჯახის ტრაგიკული ბედი კი იმას გვაჩვენებს, რომ ვირუსი, შესაძლოა, გავრცელდეს ადამიანებს შორის ძალიან ახლო კონტაქტის შემთხვევაში. ჩვეულებრივ კონტაქტს ეს საფრთხე არ უკავშირდება.

ჰოლანდიელი ვიროლოგის ამ შეფასებას იზიარებს მისი ლონდონელი კოლეგაც, ვიროლოგიის პროფესორი ჯონ ოქსფორდი. [ჯონ ოქსფორდის ხმა] “ამ კონკრეტულ მომენტში მეტისმეტად შეშფოთებული არ ვარ, რადგან მსგავსი რამ აქამდეც მომხდარა - თუმცა ნაკლებად დრამატული. რასაკვირველია, საშინელება შეემთხვა საბრალო ინდონეზიურ ოჯახს! მაგრამ ყოფილა სხვა ინციდენტებიც სამხრეთ აზიაში - ტაილანდსა და ვიეტნამში - როცა გაჩენილა ვარაუდი, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს უფრო ტრაგიკული შემთხვევაა, მაგრამ პრინციპში რაიმე სიახლედ არ უნდა მივიჩნიოთ. და კიდევ - საქმე ეხება ვირუსს, რომელიც ოჯახში გავრცელდა. ყველამ ვიცით, რომ ოჯახში ადამიანებს ძალიან ახლო კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან. ეს კი ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ვირუსმა აუცილებელი არ არის, ეპიდემია გამოიწვიოს”.

ამ დამაიმედებელ ვარაუდს თუ არ ჩავთვლით, მეცნიერებმა, მათივე აღიარებით, ბევრი არაფერი იციან ვირუსის გავრცელების შესაძლო გზებზე. შესაბამისად, ყველა თავს იკავებს წინასწარმეტყველებაზე - რა მოხდება უახლოეს მომავალში, რა საფრთხეს მოასწავებს ინდონეზიიდან გავრცელებული ცნობა.
XS
SM
MD
LG