Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის წიგნის ფესტივალი - ზეიმი ბიბლიოფილებისათვის


თბილისის დიდუბის რაიონში მდებარე საგამოფენო ცენტრი "ექსპო-ჯორჯია" ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა თბილისის მე-8 საერთაშორისო წიგნის ფესტივალს.

ფესტივალს, რომელშიც რვა ათეულამდე გამომცემელი და გამავრცელებელი ორგანიზაცია მონაწილეობდა, 25-დან 28 მაისის ჩათვლით, ათიათასობით წიგნისმოყვარული ესტუმრა. ორგანიზატორთა მონაცემებით, გაიყიდა ბეჭდვითი პროდუქციის რეკორდულად დიდი რაოდენობა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “ექსპო-ჯორჯიის” მე-11 პავილიონში მისული ადამიანები მხოლოდ ყიდვა-გაყიდვით იყვნენ დაკავებული. რა ხდებოდა თბილისის მე-8 საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე?

[ისმის ხმა] „ქალბატონებო და ბატონებო! თბილისის მე-8 საერთაშორისო წიგნის ბაზრობის სტუმრებო, მკითხველებო, ავტორებო...“

ის დრო, როცა თბილისის წიგნის ბაზრობა ფილარმონიის ვიწრო ფოიეში ეტეოდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მესვეურთა არჩევანი ამჯერად „ექსპო-ჯორჯიის“ერთ-ერთ ყველაზე დიდ, მეთერთმეტე, პავილიონზე შეჩერდა. მერაბ თითმერია, ასოციაციის ხელმძღვანელი, მიიჩნევს, რომ საქართველოში წიგნის საქმე წარმატებით ვითარდება:

[მერაბ თითმერიას ხმა] „ადრე თუ ფესტივალი, მეტ-ნაკლებად, რამდენიმე წლის შედეგებს ასახავდა, წლევანდელი ფესტივალი მხოლოდ და მხოლოდ უკანასკნელი ერთი წლის ვითარებას ასახავს. იმდენად გაიზარდა თვითონ გამომცემლობების შრომის ნაყოფიერება, რომ ეს ერთი წელიწადი საკმარისია იმისათვის, რომ უამრავი სიახლე შევთავაზოთ მკითხველს.“

პირველ რიგში, მკითხველს სიახლეებს გამომცემლობები სთავაზობენ. ეს შეიძლება იყოს ქართულად თარგმნილი საერთაშორისო ბესტსელერი, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, დენ ბრაუნის “და ვინჩის კოდი” ანდა უჩვეულო ფორმატის წიგნი, რომელსაც წიგნი მხოლოდ პირობითად თუ ეთქმის.

[ქალბატონის ხმა] „ელექტრონულ წიგნებს კომპიუტერი უნდა აუცილებლად, მაგრამ არის აუდიოვერსიაც. სარჩევში მითითებულია რომელი ლექსებია შეტანილი და ვინ ასრულებს. გვაქვს ასევე მწერლების ბიოგრაფიები, შემოქმედება, ფოტოები, ვიდეო და აუდიოთეკაც. გვაქვს გალაკტიონის და აკაკის ელექტრონული წიგნები.“

თუმცა, როგორც წესი, მყიდველთა დიდი ნაწილი ტრადიციულ, ქაღალდზე ნაბეჭდ, წიგნებს სწყალობს. ჯერ ერთი, უფრო იაფია, მეორე - წაკითხვისთვის ტექნიკური საშუალებები არაა საჭირო და მესამე - არჩევანიც გაცილებით დიდია. ყოველ შემთხვევაში, ინგლისური ენის პედაგოგი ქალბატონი რუსუდანი შენაძენით კმაყოფილია:

[ქალბატონ რუსუდანის ხმა] „აქ, ძირითადად, შევიძინე მხატვრული ლიტერატურა. შევიძინე კუციე, პავიჩის რამდენიმე რომანი, შევიძინე უმბერტო ეკო და თორნტონ უაილდერი, რომლის ძველი გამოცემა მქონდა, მაგრამ დამეკარგა და ამის მერე ვეძებ მის ნაწარმოებებს.“

ქალბატონმა რუსუდანმა ყველა ეს წიგნი მაღაზია „სანტა ესპერენსას“ მიერ დაკავებულ დახლებთან შეიძინა. თავად მაღაზია, რომელიც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ ეკუთვნის, სულ ახლახან გაიხსნა და ფესტივალზე მისულ წიგნის მოყვარულებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს:

[მამაკაცის ხმა] „ჩვენ გვაქვს ფასდაკლებების ექსკლუზიური სისტემა, ანუ ერთ წიგნზე ვაკლებთ ღირებულების 5 პროცენტს, 30 ლარის წიგნის შეძენისას კეთდება 15 პროცენტიანი ფასდაკლება, ხოლო 50 ლარის წიგნების შეძენისას არამარტო ფასდაკლებას ვაკეთებთ, არამედ საჩუქარსაც ვთავაზობთ არჩევით.“

საჩუქარშიც, რასაკვირველია, წიგნი იგულისხმება - წიგნი, რომლის მკითხველთა რაოდენობა, როგორც მწერალი ბესო ხვედელიძე ამბობს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც იზრდება. ბესო ხვედელიძე წიგნის მე-8 ფესტივალს ორმაგი სტატუსით სტუმრობს - როგორც მკითხველი და როგორც გასაყიდად გამოტანილი წიგნების ავტორი. მისი ახალი რომანი „უზარმაზარი ბაზრობა“ სულ ახლახან გამოიცა.

[ბესო ხვედელიძის ხმა] „ეს არის რომანი, რომელიც გამოსცა „პალიტრა - ელ“-მა, ეს არის თანამედროვე დეტექტივი, შეზავებული მისტიკითა და აბსურდით. რამდენიმე დახლს ჭიანჭველებივით ესევიან ადამიანები, ყიდულობენ და ყიდულობენ. ეს ორ რამეზე მიუთითებს: წიგნის ინტერესი არსებობს და ფასიც ისეთი არ არის, რომ წიგნი დახლზე ჩამოხმეს და ვერ მივიდეს მკითხველამდე.“

თუმცა არსებობს წიგნის მკითხველამდე მიტანის კიდევ ერთი საშუალება: შეხვედრა ავტორთან. წლევანდელ ფესტივალზე შუამავლის საპასუხისმგებლო მისია მწერალმა და ჟურნალისტმა ანა კორძაია-სამადაშვილმა იტვირთა:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] „მაშ ასე, ჩვენი სტუმარი გახლავთ გაგა ნახუცრიშვილი და, მასთან ერთად, მისი ახალი წიგნი „უცაბედად“. მოდი, გაგა, შეხვედრა შენი შემდეგი ლექსით გავხსნათ: „ხშირად წასვლა დარჩენაზე სწორია“.

[გაგა ნახუცრიშვილის ხმა] „ხშირად წასვლა დარჩენაზე სწორია, / თანაც, ალბათ, ბევრად უფრო ადვილი,/ ქალბატონო, გაჩერება შორია,/ ქალბატონო, დაიკავეთ ადგილი…”/

წიგნის ავტორებს, გამომცემლებსა და გამავრცელებლებს არც პატარა მკითხველები დავიწყებიათ. ყველაზე უხვად საყმაწვილო ლიტერატურა გამომცემლობა „დილის“ თაროებზე იყო წარმოდგენილი. ლევან ბაბუხადიას - გამომცემლობის მთავარი რედაქტორის მოადგილის - კომენტარი:

[ლევან ბაბუხადიას ხმა] „გვაქვს სიახლეები, პატარ-პატარა გამოცემებები - ანდაზების გუდები, გასართობი წიგნები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ენციკლოპედიებია, რომლებიც კარგად არის შედგენილი და გაფორმებული.“

მაგრამ უნდა ითქვას, რომ, სწავლისა და წიგნების თვალიერების გარდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა პატარა მკითხველებს უფრო მსუბუქი გასართობიც შესთავაზეს.

[ისმის მუსიკა და ჯამბაზების ხმები]

სპეციალურად პატარა მკითხველებისთვის ოთხი დღის განმავლობაში მხიარული ჯამბაზები მუშაობდნენ. თუმცა პატარა გიორგიმ კმაყოფილება სულ სხვა რამის გამო გამოთქვა:

[გიორგის ხმა] „ძალიან ბევრი რამ მომცეს. აი, ეს ნახატებიანი ბლოკნოტი. მივედი და მაჩუქეს. მარტო მოვედი, გუშინაც ვიყავი მოსული.“

25 მაისს გახსნილი წიგნის ფესტივალი ოთხი დღის თავზე, 28 მაისს, დაიხურა. მომავალი - რიგით მეცხრე - ფესტივალი ერთი წლის შემდეგ გაიმართება, თუმცა მანამდე, როგორც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მესვეურები ირწმუნებიან, მცირე მასშტაბის დღესასწაულებს თბილისში მომრავლებული წიგნის მაღაზიები მოაწყობენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG