Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის რემილიტარიზება


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის

გართულების შემდეგ საქართველოში მაღალი ტრიბუნებიდან განგაშით ლაპარაკობენ საომარი დაპირისპირების განახლების საფრთხეზე. თუ გავითვალისწინებთ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის აშკარა რემილიტარიზებას და იქ კონცენტრირებულ სამხედრო ძალებს, ასეთი საფრთხე, შესაძლოა, რეალური იყოს. მინდა მოგაწოდოთ ჩემ მიერ შეკრებილი ცნობები ცხინვალის რეგიონში განლაგებული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის შესახებ.


ოფიციალური თბილისი და ცხინვალი მეორე წელია ერთმანეთს საომარ სამზადისში ადანაშაულებენ. თუ ცხინვალის ხელისუფლება ფიქრობს, რომ თბილისი სამხედრო ძალით აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სამხედრო პროვოკაციის საფრთხე სწორედ ცხინვალიდან მომდინარეობს. კონფლიქტის მოგვარების საკითხში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქი და მიმდებარე რაიონები, რუსეთის აშკარა დახმარებით, ერთ დიდ სამხედრო ბანაკად არის ქცეული.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”ამ ეტაპზე ცხინვალის რეგიონში იმყოფება 1500 რუსი სამხედრო. გარდა ამისა, არის დაახლოებით 6 000-მდე უკანონო შეიარაღებული ფორმირება და უამრავი სამხედრო ტექნიკა. პრაქტიკულად მთელი რეგიონი სამხედრო ობიექტადაა გადაქცეული.”

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ რუსეთი აწარმოებს რეგიონის საჰაერო დაზვერვას, რათა მოახდინოს დამატებითი ძალების კონცენტრირება ცხინვალის რეგიონში. გივი თარგამაძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში მოსკოვის ასეთ ქმედებას საქართველოს ოკუპაციის გაგრძელების პოლიტიკა უწოდა:

[გივი თარგამაძის ხმა] ”თუ დავუმატებთ სხვა შემთხვევებსაც, რომელთა შორის არის საჰაერო სივრცის მრავალჯერადი დარღვევა, რაც, ჩვენი შეფასებით, განპირობებულია იმ მიზნით, რომ გამოიძებნოს ახალი ადგილები რუსული შეიარაღებული ძალების დესანტირების... ასეთი შემთხვევა ჩვენ ორჯერ დავაფიქსირეთ.”(სტილი დაცულია)


ცხინვალის რეგიონში შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შესახებ ინფორმაციას ფლობს გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ეყრდნობა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს, რომელიც, შესაძლოა, უკვე ამ დროისათვის აღარ იყოს ზუსტი:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ოსი სეპარატისტების შეიარაღებაში ადრე იყო 54 ტანკი ტ 55, 57 ცალი ბმპ, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 36 ჯავშანტრანსპორტიორი, 16 ერთეული სადაზვერვო მანქანა, 24 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი,... ეს არის 6 თვის წინანდელი მონაცემები, რაც არა დაკლებისაკენ, არამედ, მგონია, მომატებისაკენ წასულიყო.”(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, თავისი სიმართლე აქვს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც მილიტარისტულ ზრახვებსა და რეგიონზე სამხედრო ძალით კონტროლის აღდგენის მცდელობაში სწორედ ოფიციალურ თბილისს ადანაშაულებს. ოსური მხარე თავის პოზიციას, ძირითადად, იმ არგუმენტებით ამაგრებს, რომ 2 წლის წინ ე.წ. ”ჰუმანიტარული შტურმი” სწორედ თბილისისგან დაიწყო, რამაც აიძულა ცხინვალი ეფიქრა სამხედრო ძალის გაზრდაზე. რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ოსების განწყობას, როგორც 2004-2005 წლებში ქართული სამშვიდობო ბატალიონის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ვალერი სიხარულიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, მოსახლეობა ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია:

[ვალერი სიხარულიძის ხმა] ”მით უფრო, რომ მათაც[ოსებს] არ უნდათ ეს დაძაბული ვითარება. ჩვენ როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, სამშვიდობო ბატალიონის მეთაურები, თათბირებზე თუ ისედაც, კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ცხინვალის გავლით ქართული მხარე რომ დავდიოდით, კარგი ურთიერთობის გამო იყო ოს მეთაურებთან; ჩვენ როცა მათთან ვსაუბრობდით, არ სურდათ ომი. მე მგონი, იქ ომი და აურზაური აწყობს უფრო მაღალ ეშელონებს.” (სტილი დაცულია)

სამხედრო ძალით კონფლიქტის მოგვარების კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერს იღონებს, რათა არ წამოეგოს საშიშ პროვოკაციაზე. სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას თქმით, 14 ივნისს ბრიუსელში იწყება დონორის კონფერენცია, რომელზეც ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური აღორძინებისათვის უზარმაზარი მასშტაბის დახმარების ბედი უნდა გადაწყდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG