Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მედია - “დიდი რვიანის” სამიტის მოლოდინში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთი და, შესაბამისად, რუსეთის მედია “დიდი რვიანის” სამიტის მოლოდინშია. ეს კი ნიშნავს, რომ რუსი ჟურნალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამერიკა-რუსეთის

ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებს. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ის ინტერესი, რაც რუსეთის მედიამ გამოიჩინა საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის მიმართ. გაგაცნობთ რუსეთის გაზეთების რამდენიმე პუბლიკაციას.

”ვინ შეაჩერებს სააკაშვილს” - ამ სათაურით აქვეყნებს ინტერნეტგამოცემა ”უტრო” სტატიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტს ეხება. გამოცემის შენიშვნით, ტრადიციულად, მიხეილ სააკაშვილის უცხოური ვიზიტები კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების დაძაბვას ემთხვევა ხოლმე, რასაც საქართველოს ახალგაზრდა ლიდერი მაღალი ტრიბუნებიდან ანტირუსული განცხადებების გასაკეთებლად იყენებს. ”უტროს” ცნობით, ამჯერადაც მდგომარეობა ცხინვალის კონფლიქტის ზონაში უკიდურესად დაძაბულია. სააკაშვილი-ბუშის შეხვედრის შესაძლო შედეგის შესახებ აზრის გამოთქმა გამოცემამ რუსეთში ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელს დიმიტრი მედოევს სთხოვა. მედოევის განცხადებით:

“ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილო სააკაშვილს ვაშინგტონისგან სამხრეთ ოსეთში საომარ მოქმედებათა დაწყების სანქციის მიღების იმედი აქვს. მას უნდა დააზუსტოს, პატარა ძლევამოსილი ომი ხომ არ ეწინააღმდეგება ამერიკის გლობალურ ინტერესებს კავკასიაში. ვაშინგტონში, მადლობა ღმერთს, ნორმალური ხალხია - ერაყსა და ავღანეთში შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით, ვაშინგტონს დამატებითი თავის ტკივილი არ სჭირდება და სააკაშვილის ავანტიურას არ წამოეგება. ოფიციალური თბილისის მცდელობა, საკუთარი შიდა პრობლემების მოგვარებისთვის ვაშინგტონისა და მოსკოვის შეჯახებას რომ გულისხმობს, ფიასკოს განიცდის,” - განუცხადა მედოევმა ”უტროს”. მისგან განსხვავებით, თავად გამოცემა ოპტიმისტურად არ არის გამწყობილი და შენიშნავს, რომ:


ბოლო დროს შემაშფოთებელი ტენდენცია გამოიკვეთა: აშშ მიზანმიმართულად ცდილობს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების გალღობას, რაც მკვეთრად გაზრდის დესტაბილიზაციის რისკს - ეს კი, საბოლოოდ, საომარი მოქმედებების განახლებას გამოიწვევს. ბოლო წლებში ვაშინგტონმა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური პოზიციებიც გაიმაგრა, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დაწყებას შეუწყო ხელი.

30 ივნისის გაზეთ ”მოსკოვსკიე ნოვოსტის” ცნობით, ზემოთ ნახსენები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონია 13 ივლისს თურქეთში გაიმართება და მას 15 პრეზიდენტი დაესწრება - მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმირ პუტინიც. გაზეთის ცნობით, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა ახალი იდეა წამოაყენა, კასპიისა და შავი ზღვების გავლით - რუსეთისათვის მხარის აქცევით - ახალი ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ. ამ საკითხში მან ვაშინგტონის მხარდაჭერა უკვე მიიღო.
XS
SM
MD
LG