Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ვაშინგტონ პოსტი'' ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ


ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას შეერთებული შტატების პრესაც ეხმაურება. თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ წერილზე

სათაურით "საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მიღება მოუწყეს".

სტატიის ავტორი პიტერ ბეიკერი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის მესვეურმა თავის ქართველ სტუმარს "მეგობარი" უწოდა და ამით სრულიად არაორაზროვანი სიგნალი გაუგზავნა რუსეთს, რომელმაც ერთ კვირაში "დიდი რვიანის" სამიტს უნდა უმასპინძლოს.

"ოვალურ ოფისში, კამერების წინაშე გამოსვლისას, ბუშმა ხოტბა შეასხა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "ენერგიულობისა და ენთუზიაზმისთვის" და მას უწოდა "კაცი, რომლისთვისაც ძვირფასია ის ფასეულობები, მეც რომ ვიზიარებო". მან განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებაში დაეხმარება საქართველოს - მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა - და დასძინა, რომ კავკასიის მთებში მდებარე ამ პატარა, მთაგორიან ქვეყანას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პრიორიტეტების მისეულ სიაში."

"პრეზიდენტს ვუთხარი, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია და რომ საქართველოს ხალხის ბედი გულთან ახლოს მიგვაქვსო", პრეზიდენტის ამ სიტყვებზე სააკაშვილს სახე გაებადრა. ხანმოკლე პრესკონფერენციის ბოლოს ბუშმა დასძინა: "ჩემი მეგობარი, პრეზიდენტი, აქ არ იჯდებოდა, საქართველოზე ფიქრი თავში რომ არ მიტრიალებდესო" (აქ აშკარა იყო მინიშნება ჰოუგი კარმაიკლის ცნობილ სიმღერაზე "Georgia On My Mind", რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია რეი ჩარლზის შესრულებით).

მაგრამ ხუმრობა იქით იყოსო, წერს "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი, და ხაზგასმით აღნიშნავს, ბუშის ნახევრად ხუმრობით ნათქვამში სერიოზული შინაარსი იდოო. ავტორი იმოწმებს როგორც ოფიციალურ პირებს, ისე ექსპერტებს და ამბობს, რომ სააკაშვილთან შეხვედრის აფიშირება ბუშმა კრემლის გასაგონად მოახდინა და მოსკოვს დაანახა, რომ შეშფოთებულია იმ პოლიტიკით, რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ რომ ატარებს.

"ეს არის გზა, მივანიშნოთ, რომ განსაცდელში არ მივატოვებთ მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები გვაკავშირებს" - მოჰყავს პიტერ ბეიკერს კორი უელტის სიტყვები (კორი უელტი საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევის ცენტრის "კავკასიის ინიციატივის" ხელმძღვანელია).

სტატიის დასასრულს "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი ისევ ბუშისა და სააკაშვილის ერთობლივ ბრიფინგს უბრუნდება და აღნიშნავს, ბოლოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს სასიამოვნო სიტყვები უთხრესო. სააკაშვილმა ბუშს მოუწოდა, ერაყიდან საბოლოო გამარჯვებამდე ნუ წახვალთო და ჩვენც ბოლომდე თქვენთან ერთად ვიქნებითო. ვალში არც ბუში დარჩენილა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ყოველმხრივი დახმარება აღუთქვაო, წერს "ვაშინგტონ პოსტის" ფურცლებზე პიტერ ბეიკერი.
XS
SM
MD
LG