Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივია, დღევანდელი ყველა ქართული გაზეთი ეხმაურება წუხელ თეთრ სახლში გამართულ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბუნებრივია, დღევანდელი ყველა ქართული გაზეთი ეხმაურება წუხელ თეთრ სახლში გამართულ ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას - გარკვეული დასკვნებიც კეთდება.

გაზეთ ”ხვალინდელი დღის” აზრით, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი პატარა საქართველოს სერიოზულ პარტნიორად აღიქვამს - განსაკუთრებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში - და სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ “დიდი რვიანის” სამიტზე მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ლიდერთა მსჯელობის ერთ-ერთი თემა საქართველოს ტერიტორული მთლიანობა და აქ არსებული კონფლიქტების მოგვარება იქნება. ეს კი, გაზეთის ვარაუდით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოსა და, შესაბამისად, კავკასიის რეგიონში სტაბილური ვითარებით მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული, რადგან რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით დაგეგმილ ახალ ენერგოპროექტებში საქართველოს, მართლაც, მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება - კერძოდ, როგორც ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, ამერიკაში სერიოზულად მუშაობენ აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, ევროპის გაზით მომარაგების საკითხზე. საუბარია იტალიისა და საბერძნეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით. “საიდუმლოს ან სიახლეს არ წარმოადგენს, რომ კასპიის ენერგომატარებლებისთვის ალტერნატიულ მარშრუტებს, ამ სფეროში რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით, ოფიციალური ვაშინგტონი კარგა ხანია განიხილავს.”

”ბუშმა აქცენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე გააკეთა,” - წერს დღევანდელი გაზეთი ”რეზონანსი”, რომელიც მკითხველს ერთ ფაქტს შეახსენებს: რამდენიმე დღის წინ საკმაოდ გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ”ჰიუმან რაითს ვოთჩმა” ბუშს მოუწოდა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას მისთვის საქართველოში დემოკრატიის დაბალი ხარისხის შესახებ ესაყვედურა. ამის ფონზე კი, “რეზონანსის” ცნობით, თბილისში უკვე მთავრობაში გასატარებელ აუცილებელ ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. “სამთავრობო და საპარლამენტო კულუარებში არ მალავენ, რომ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთი სამთავრობო კარუსელი დატრიალდეს. ლოგიკურად ეს, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს უნდა შეეხოთ, ანუ იმ სფეროებს, სადაც განსაკუთრებით გახშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. მით უმეტეს, რომ ”ჰიუმან რაითს ვოთჩის” წარმომადგენლები ძირითად პრეტენზიებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ პენიტენციალურ სისტემაში პატიმრებისადმი მოპყრობის, პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულად გამოყენებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის შესახებ გამოთქვამენ,” - წერს გაზეთი “რეზონანსი”. ამავე გაზეთის ცნობით, გამორიცხული არ არის, შინაგან საქმეთა მინისტრად პარლამენტარი გიგა ბოკერია დაინიშნოს.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღეს ყველა გაზეთი ეხმაურება, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესზე მიმდინარე მოვლენები გახლავთ. გაზეთ ”24 საათის” ცნობით, დაჩქარებული წესით და განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარე სასამართლო პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ხუთ სასამართლო სხდომაზე 40-მდე მოწმის სასწრაფო დაკითხვაც მოესწრო და ბრალდების მხარემაც უკვე წაიკითხა საბრალდებო სიტყვა. მოსამართლე გიორგი ჩემიამ ისე მიიყვანა საქმის სასამართლო გამოძიება ბოლომდე და დღეს ისე გამოიტანს განაჩენს, რომ პროცესის მსვლელობისას დაზარალებული მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია. თუმცა, როგორც გაზეთი ”24 საათი” წერს, არაობიექტურობაში, ტენდენციურობაში, განსასჯელების ადვოკატობასა და პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დადანაშაულებულმა მოსამართლე გიორგი ჩემიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მაინც განიხილა და, შესაბამისად, დღეს განაჩენსაც ის გამოიტანს. ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ გიორგი ჩემიას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის დაწერილ განაჩენში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ნამდვილი მოტივი დასახელებული არ იქნება, ისევე როგორც არაფერი იქნება ნათქვამი დაკვეთილ მკვლელობაზე.
XS
SM
MD
LG