Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანასწორობის ინსტიტუტის წევრების პატიმრობას ევროსაბჭოს ექსპერტები უკანონოდ მიიჩნევენ


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208–ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე ნაწილების არაკონსტიტუციურობის საბაბით, საკონსტიტუციო სასამართლოში ადვოკატთა ერთი ნაწილის გაერთიანებული სარჩელი შევიდა.

მართალია, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში აღნიშნულ სარჩელს, მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ კოდექსის 208–ე მუხლით გათვალისწინებული ნორმები ევროსაბჭოს ექსპერტთათვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ მან საქართველოს ხელისუფლებას კოდექსის იმგვარად შეცვლის რეკომენდაცია მისცა, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში დაპატიმრებულ პირს განაჩენის გასაჩივრების უფლება ექნება. ვრცელ ინტერვიუს ევროსაბჭოს ექსპერტთან ხვალ შემოგთავაზებთ. ახლა კი მოუსმინეთ ნაწყვეტს, რომელიც თანასწორობის ინსტიტუტის წევრთა პატიმრობის სამართლიანობის საკითხს შეეხება:


[თომას ჰამარბერგის ხმა]“ გადაწყვეტილება დემონსტრაციის ჩატარების გამო მათი 30 დღით დაკავების შესახებ მე, უპირველეს ყოვლისა, მკაცრ სასჯელად მიმაჩნია. მეორე კი ის გახლავთ, რომ არ იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება. ყველა სამართლებრივ სისტემაში არის ოქროს პრინციპი: როცა არსებობს სასჯელი, უნდა იყოს გასაჩივრების საშუალებაც. ამის საფუძველი ის არის, რომ შეიძლება მოსამართლე შეცდეს ან ფაქტები იყოს დაუზუსტებელი. ამ შემთხვევაში კი არ იყო გასაჩივრების საშუალება. შესაბამისად, მე ორი თხოვნით გამოვედი.“

თომას ჰამარბერგის თხოვნათაგან ერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის მიზეზით დაპატიმრებულთათვის გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლებას შეეხება, მეორე კი თანასწორობის ინსტიტუტის ხუთი დაკავებული პირის გათავისუფლებას, იმის ხაზგასმით, რომ სასჯელის ორი კვირა მათ უკვე მოხდილი აქვთ.

თანასწორობის ინსტიტუტის წევრთა დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208–ე მუხლის ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობის საკითხს ეხმიანება ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, “ადამიანის უფლებების დამცველთა ობზერვატორი”, “მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ” და “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ერთიანი პროგრამა”. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208–ე მუხლი არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე ევროპის კონვენციას და რომის წესდებას, რომელიც სასამართლო დარბაზში გარკვეული უწესრიგობისათვის ადამიანის დაპატიმრებას პირდაპირ კრძალავს. სხვა საკითხია, რომ თანასწორობის ინსტიტუტის წევრები, 208–ე მუხლით, სასამართლო დარბაზში უწესრიგობისთვის კი არა, სასამართლოს ეზოში გამართული საპროტესტო აქციის გამო დააპატიმრეს. როგორც ჩანს, ამ გარემოებაზე დამატებით იმსჯელებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც. სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენადაც თანასწორობის ინსტიტუტის წევრის ირაკლი კაკაბაძის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი საგანგებო სარჩელს ამზადებს:

[სოსო ბარათაშვილის ხმა]“უახლოეს დროში იქნება უკვე მომზადებული. ძირითადი მოტივია, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ანუ კონვენციის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტი და ასევე დაირღვა ორ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება, ანუ მეშვიდე ოქმის მეორე მუხლით, კონვენციის.“(სტილი დაცულია)

„მონობასა და უსამართლობაში დამცირებულ ცხოვრებას თავისუფალი სიკვდილი სჯობია,“–ამ სიტყვებით 30 დღიან პატიმრობაში მყოფმა ირაკლი კაკაბაძემ სრულიად საქართველოს მიმართა. ღია წერილში, რომელიც 11 ივლისით თარიღდება, მან გირგვლიანის საქმის ობიექტური გამოძიება, ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრება და თანასწორობის ინსტიტუტის წევრთა გათავისუფლება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი 20 ივლისიდან შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს.

[ირინა ენუქიძის ხმა]“მე ვთხოვ ირაკლის და სხვა ბიჭებსაც, რომ არანაირ შიმშილობაზე არ წავიდნენ, იმიტომ რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას და ისინი სჭირდებიან საქართველოს და ჩვენ ყველას. ეს იქნება ჩემი თხოვნა.“

თხოვნა 28 იანვარს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედას ეკუთვნის. თანასწორობის ინსტიტუტის წევრები ხვალიდან სრულიად საქართველოს მასშტაბით მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG