Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეყოლება უკრაინას 2 აგვისტოს ახალი მთავრობა?


უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს

ერთი დღეღა დარჩა პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარსადგენად - ეს კანდიდატურა კი სხვა არავინაა, თუ არა იუშჩენკოს მთავარი მეტოქე ნარინჯისფერი რევოლუციის დღეებში, ვიქტორ იანუკოვიჩი. მართლაც წარადგენს თუ არა მას პრეზიდენტი იუშჩენკო? ან იქნებ კიდევ გაგრძელდეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკრაინაში 26ი მარტის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა?

26 მარტის არჩევნების შედეგად უკრაინის პარლამენტს პრომოსკოვური უმრავლესობა ჰყავს. მისი წარმომადგენლები კი რამდენიმე დღეა ირწმუნებიან, რომ უკრაინას 2 აგვისტოსთვის უკვე ქმედითუნარიანი მთავრობა ეყოლება. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ საამისო ვადის ამოწურვამდე ერთი დღეღა რჩება, დანამდვილებით არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.

დანამდვილებით ის შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობას გაუთავებელი კრიზისი მობეზრდა...
[უკრაინელის ხმა] “ყველას, მთელს უკრაინელ ხალხს თავი მოაბეზრა ამ სიტუაციამ. ჩვენმა მთავრობამ და იუშჩენკომ ისეთი ქაოსი დაუშვეს, რომ ახლა წესიერად აღარაფერი კეთდება, ვერ გაუნაწილებით ძალაუფლება. ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე კი არ ზრუნავენ - არა, იბრძვიან თანამდებობებისთვის, რომ ხალხის უკეთ ძარცვა შეძლონ! აი, ამისთვის იბრძვიან”.

ეს ბრძოლა, როგორც ჩანს კიდევ გაგრძელდება...

იუშჩენკოს, სავარაუდოდ, მოუწევს, გადადგას მისთვის უსამოვნო ნაბიჯი - პრემიერ-მინისტრად წარადგინოს მთავარი პოლიტიკური მეტოქე, იანუკოვიჩი. იმავდროულად, ეს ნაბიჯი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა მისაღები იყოს, თუ შეძლებს, შეინარჩუნოს პროდასავლური კურსი დიდ კოალიციაში, რომელიც მის ბლოკს, “ჩვენს უკრაინასაც” მოიცავს. იუშჩენკოს სურვილები არა მარტო პოლიტიკურ კურსს უკავშირდება, არამედ პოსტებსაც. პრეზიდენტს კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას, წარადგინოს სასურველი კანდიდატურები წამყვანი მინისტრების პოსტებზე, მათ შორისაა საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტიც. მაგრამ იუშჩენკოს - მეტი პოსტის განაცდება სურს თავისი ბლოკისთვის.

აქ გასათვალისწინებელია ერთი რამ: უკრაინის პრეზიდენტის პოპულარობა სწრაფად კლებულობს. ბევრი პოლიტიკოსის, რიგითი უკრაინელეის თვალთახედვით, პრეზიდენტმა ზურგი შეაქცია 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის იდეალებს. ამდენად, პრეზიდენტს ისღა დარჩენია, გამოიყენოს ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც შემორჩა: მუქარა, რომ დაითხოვს პარლამენტს და გამართავს ხელახალ არჩევნებს...

პარლამენტის დათხოვის საკითხზე, იუშჩენკო დღეს აწარმოებს მოლაპარაკებას საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან. მას აქვს კანონიერი უფლება, დაითხოვოს პარლამენტი, რომელმაც ვერ შეძლო მთავრობის შექმნა დათქმულ ვადაში - ეს ვადა კი 24 ივლისს ამოიწურა.
მაგრამ ბევრს არ სჯერა, რომ იუშჩენკო მუქარას შეასრულებს კიდეც: ხელახალ არჩევნებში ბლოკ “ჩვენი უკრაინის” კიდევ უფრო დიდი წარუმატებლობის შიშით. ეს წარუმატებლობა მოსალოდნელია, რაც კიდევ უფრო დაასუსტებდა პრეზიდენტის პოზიციას.

ამასობაში, მუქარა ისმის საპარლამენტო ურმავლესობის რიგებშიც: იანუკოვიჩის ორგანიზაცია “რეგიონების პარტიის” წევრი ტარას ჩორნოვილი დღეს გამოვიდა იუშჩენკოს იმპიჩმენტისკენ მოწოდებით - იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი განმეორებით არჩევნებს დანიშნავს. [ჩორნოვილის ხმა] “დღეისთვის ეს მხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა. მაგრამ, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას დაარღვევს, ამ საკითხზე სერიოზულად ვიმსჯელებთ რეგიონების პარტიის ხელმძღვანელობის სხდომაზე. მე უბრალოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი - მაგრამ ის, შესაძლოა, ოფიციალური პოზიცია გახდეს”.

უკრაინაში ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ იმპიჩმენტის პროცედურა. ამდენად, ჩორნოვილის მუქარა რიტორიკა უფროა, ვიდრე რეალური საფრთხე იუშჩენკოსთვის.

მაგრამ კრიზისზე, მუქარაზე, საფრხთეებზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ არც ერთსულოვნების მიღწევაა გამორიცხული: დღეს გაავრცელა იუშჩენკოს ოფისმა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ (ანუ იანუკოვიჩის ბანაკმა) შეიმუშავა პროექტი - იუშჩენკოს ბლოკ ჩვენს უკრაინასთან შეთანხმებისა. პროექტი წარუდგინეს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარე ოლექსანდრ მოროზს, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს. ტექსტის დეტალებზე ბევრი არაფერია ცნობილი: თუნდაც ის, როგორი შეიძლება იყოს ერთიანი პოზიცია ნატოში, ან ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხის გარშემო.
XS
SM
MD
LG