Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ირაკლი ბათიაშვილის დაცვის კომიტეტი შეიქმნა - ჩაიდინა თუ არა დანაშაული პოლიტიკური მოძრაობა „წინ საქართველოს“ ლიდერმა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, მაგრამ გენერალურმა პროკურატურამ მაინც საჭიროდ

მიიჩნია 1 აგვისტოს, პროცესის დასრულების შემდეგ, ბათიაშვილისა და კვიციანის მორიგი სატელეფონო ჩანაწერი გამოექვეყნებინა. გამოძიება ფიქრობს, რომ ამ მტკიცებულებით დასტურდება ბათიაშვილის აქტიური კავშირი ემზარ კვიციანთან და ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი რჩევებით ეხმარებოდა პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს შეიარაღებული ამბოხის მოწყობაში. მაგრამ ჩანაწერის გამოქვეყნებამ ვერ დაარწმუნა ბათიაშვილის თანაპარტიელები და მხარდამჭერები, რომელთა თქმით, ჩანაწერი სწორედ რომ ირაკლი ბათიაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს. 2 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციის „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში ირაკლი ბათიაშვილის დაცვის კომიტეტიც კი შეიქმნა. მაინც ვინ არის ირაკლი ბათიაშვილი - ხელისუფლების მიერ დევნილი პოლიტპატიმარი თუ პოლიტიკოსი, რომელსაც ბრალი კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ედება?

გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ბათიაშვილს ბრალი კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის მუხლებით წაუყენა, ხოლო მტიცებულებად იმ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები მოიტანა, რომლებიც ირაკლი ბათიაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის ამბოხის დღეებში შედგა.

[კახა კობერიძის ხმა] „გამოძიებას მიაჩნია, რომ ამ მტკიცებულებებით დასტურდება მისი აქტიური კავშირი ემზარ კვიციანთან და აგრეთვე ის, რომ იგი რჩევებით, დარიგებებით და სხვადასხვა მითითებებით უწევდა დახმარებას სახელმწიფო ღალატში, ანუ ამბოხებაში სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად; დასტურდება ასევე ის, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული - შეუტყობინებლობა.“(სტილი დაცულია)

გენერალური პროკურორის მოადგილის კახა კობერიძის თქმით, გამოძიებამ გაითვალისწინა საზოგადოების დიდი ინტერესი ამ საქმისადმი და მტკიცებულებათა ნაწილი ამიტომ გამოაქვეყნა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე კი, მორიგი სატელეფონო ჩანაწერის მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ირაკლი ბათიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა საფუძვლიანად ხორციელდება:

[გივი თარგამაძის ხმა] „ბატონი ირაკლი ბათიაშვილი აძლევდა რჩევებს კვიციანს, რჩევებს, რომლებიც დაეხმარებოდა მას ამბოხის წარმატებით დასრულებაში და, გარდა ამისა, იყო დაკავებული აქ, ადგილზე, თბილისში, თანმხლები პროცესების ორგანიზებით, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის სახით.“

ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ სატელეფონო საუბარში მისი დაცვის ქვეშ მყოფს კანონსაწინააღმდეგო არაფერი უთქვამს:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] „აღნიშნული განცხადებებიდან არ დასტურდება სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ არც ამბოხების ფაქტი, არც ამბოხებაში ვინმეს დახმარების ფაქტი. გამოთქმულია პირადი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სისხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიღვაროს და, ამავე დროს, შეფასება აქვს მიცემული პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერთა გამოსვლებს.“

იოსებ ბარათაშვილი ხელისუფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფის გამოც უსაყვედურებს. პოლიტიკოსების საქციელს გამართლებას ვერც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი უძებნის:

[სოზარ სუბარის ხმა] „დამატებით ჩარევები და ღალატის ძახილი პოლიტიკოსების მხრიდან არანაირად არ არის საჭირო და სრულიად ზედმეტია. არის თუ არა ღალატი, ეს დადგინდება სასამართლოში.“

სახალხო დამცველი ამბობს, რომ სიმართლე სასამართლოში გაირკვევა, თუმცა სასამართლოს დასრულებამდე დუმილსა და უმოქმედოდ ყოფნას არც ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრებით შეშფოთებული ადამიანები აპირებენ. რეჟისორი ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯება:

[ნუკრი ქანთარიას ხმა] „ის არის წმინდა წყლის პოლიტიკური პატიმარი. საუბარი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, იძლევა იმის საფუძველს, რომ ვამტკიცოთ: ბათიაშვილი სისხლისღვრის წინააღმდეგი იყო და რაღაც გავლენას ახდენდა კვიციანზე. ამათ კი გამოიყენეს როგორც სამხილი. მაგრამ ეს ისეთივე სამხილია, როგორც გვირაბის თხრა ლონდონიდან ბომბეიმდე.“

პოლიტიკური მოძრაობა „წინ საქართველოს“ პატიმრობაში მყოფ ლიდერს ახალი თაობის პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს თავად ყოფილი პოლიტპატიმარი ნანა კაკაბაძე, რომლის თქმითაც, ირაკლი ბათიაშვილის დასაცავად კომიტეტი შეიქმნა:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „დღესაც დაიწყო ნადირობა დისიდენტებზე, სხვაგვარად მოაზროვნეებზე და დევნა იმ ადამიანებზე, რომლებიც გამოთქვამენ ხელისუფლებისაგან განსხვავებულ აზრს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ ჩვენ-ჩვენი არხებით, ადამიანებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან ირაკლი ბათიაშვილის დაცვის კომიტეტში, მიაწოდონ ინფორმაცია მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდება საქართველოში.“(სტილი დაცულია)

რა ხდება საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საბჭოთა პერიოდის პოლიტიკურმა პატიმრებმაც სცადეს. კოლექტიურ წერილში, რომელსაც ხელს ჭაბუა ამირეჯიბი, დავით ბერძენიშვილი, თამარ ჩხეიძე, ვახტანგ ძაბირაძე და სხვები აწერენ, ნათქვამია, რომ ირაკლი ბათიაშვილის დაკავება მიზნად ისახავს მოქალაქეთა დაშინებასა და ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებას. საბჭოთა დროის დისიდენტები მოუწოდებენ მთელი მსოფლიოს უფლებადამცველებსა და კეთილი ნების ადამიანებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ირაკლი ბათიაშვილის განთავისუფლებისათვის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG