Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შიმშილობენ პატიმრები რუსთავის ნომერ მეექვსე საპყრობილეში


სახალხო დამცველი და მასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსთავის მეექვსე საპყრობილეში მყოფ პატიმართა მდგომარეობის

გაუმჯობესებას მოითხოვენ. აღნიშნულ საპყრობილეში, სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, პატიმრები უკვე ერთი კვირაა შიმშილობენ.
რამ აიძულა ახლად აშენებული საპყრობილის პატიმრები პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიემართათ და კონკრეტულად რაში მდგომარეობს მათი მოთხოვნები?

რუსთავის ნომერ მეექვსე საპყრობილე ახლად არის აშენებული თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, მაგრამ იქ მყოფ პატიმრებს სერიოზული მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

[სოზარ სუბარის ხმა] ”პირობებით რუსთავის საპყრობილე არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ძველი ციხეები. ის არის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენებული - იქ თითო პატიმარზე თითო საწოლი მოდის (ისეთ დღეში ვართ, ამის აღნიშვნა გვჭირდება). მაგრამ არის სერიოზული პრობლემები, რასაც ქმნის ადმინისტრაცია და მოქმედი კანონმდებლობა. ”

ეს იყო საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის კომენტარი. რუსთავის მეექვსე საპყრობილეში არსებული სიტუაცია მისმა წარმომადგენლებმა 16 აგვისტოს შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ პატიმართა მოთხოვნები საფუძვლიანია.

კვების გაუმჯობესება, სასმელი წყლით მომარაგების პრობლემის შემსუბუქება, სამედიცინო მომსახურება, კომუნიკაციის და გრძელვადიანი პაემნების უფლება - ამ მოთხოვნებით შიმშილობენ პატიმრები.

სასმელი წყლის პრობლემა რუსთავში მარტო პატიმრებს არ აწუხებთ. სხვადასხვა დაავადებების გავრცელების შიშით, პატიმრებიც ერიდებიან უხარისხო სასმელი წყლის დალევას. სასმელ წყალს მათ ახლობლები საპატიმროში უგზავნიან, თუმცა, კანონით, ერთი პატიმრისთვის ერთი თვის მანძილზე 30 კილოგრამი ამანათის შეგზავნაა ნებადართული. ბოლო დრომდე პატიმრებთან შესაგზავნი სასმელი წყალიც იწონებოდა.სახალხო დამცველის მოთხოვნით, ეს წესი გაუქმდა, თუმცა მხოლოდ ჩვეულებრივ სასმელ წყალზე. გაზიანი წყლის - მაგალითად, ”ბორჯომის” - შეგზავნა პატიმრისთვის ისევ პრობლემას წარმოადგენს.


რუსთავის მეექვსე საპყრობილეში, სახალხო დამცველის თქმით, საერთოდ მკაცრი პირობებია. მობილური ტელეფონები პატიმრებს აღარც იქა აქვთ, თუმცა არც კანონით ნებადართული ფასიანი ტელეფონით სარგებლობა შეუძლიათ. ახლად აშენებულ საპყრობილეში კომუნიკაციის ეს საშუალება არ არსებობს. რაც შეეხება კვებას, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, პატიმრები კალორიების ყოველდღიურ დოზას, ასე თუ ისე, იღებენ, თუმცა ძალზედ ერთფეროვანი საკვებით:

[სოზარ სუბარის ხმა] ”თუკი ადმინისტრაცია თავის თავზე იღებს პატიმრების უზრუნველყოფას, მაშინ რაღაც დონეზე კვების მრავალფეროვნების უზრუნველყოფაც უნდა მოახერხოს, ანდა ნება დართოს შეიტანონ ხილი, კიტრი და პომიდორი.”

ცალკე აღსანიშნავია პატიმართა სამედიცინო მომსახურების პრობლემა. ”შესაბამის დაწესებულებაში ექიმები რეალურად არ არიან, არ წარმოებს პატიმართა სამედიცინო აღრიცხვა,”- ამბობს სახალხო დამცველი.

საუბრისას შევეხეთ პატიმართა კიდევ ერთ მოთხოვნას - გრძელვადიანი პაემნების დაშვებას. საქართველოში ეს ფორმა დასავლურ სტანდარტებზე აპელირებით მოიშალა, თუმცა ყველას დაავიწყდა, რომ დასავლეთში პატიმრებისთვის დაშვებულია რამდენიმედღიანი შვებულება ოჯახის მოსანახულებლად.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, რუსთავის ნომერ მეექვსე საპყრობილეში 150 პატიმარი შიმშილობს. რუსთავის მეექვსე საპყრობილე ახლად აშენებული საპყრობილეა, როგორც ამბობენ, საკმაოდ მკაცრი პირობებით, და იქ სასჯელს თბილისის მეხუთე იზოლატორში მომხდარი ბუნტის შემდეგ ეტაპირებული პატიმრებიც იხდიან.
XS
SM
MD
LG