Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოინახულა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი?


23 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელმძღვანელობით,

”ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის” ფარგლებში შექმნილი ცენტრები მოინახულა. ამ ობიექტების დაფუძნება ეგრეთ წოდებული ნან-ლუგარის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გაწეული ფინანსური საექსპერტო და ტექნიკური დახმარებით მოხერხდა. მათ შორისაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც სენატორმა ლუგარმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დათვალიერებამდე სენატორი რიჩარდ ლუგარი იარაღისა და საბრძოლო მასალის უტილიზაციის ცენტრს ესტუმრა. თბილისის გარეუბანში მდებარე ეს ობიექტი, დაავადებათა კვლევის მშენებარე ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგური ნან-ლუგარის პროგრამის შემადგენელი რგოლებია. ამ უკანასკნელი ობიექტის შექმნისთვის აშშ-მა უკვე განახორციელა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია. კაპიტალდაბანდების შედეგებით სენატორი რიჩარდ ლუგარი კმაყოფილი დარჩა.

[ხმაური]

[რიჩარდ ლუგარის ხმა] ”ჩვენ ზევით უკვე ვიხილეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მაგალითი ფრინველის გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიხილეთ ის ოთახი და ის ინსტრუმენტები, რომლითაც ხდება ფრინველის გრიპის აღმოჩენა, რაც მეტად უსაფრთხოს ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრებას, მაგრამ ასევე უსაფრთხოს ქმნის ცხოვრებას მთელი მსოფლიოს მოსახლეობისათვის.”

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის კომენტარი:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა]

ამ სადგურისა და კიდევ თბილისის მახლობლად, ალექსეევკის დასახლებაში, მშენებარე ლაბორატორიის ექსპლოატაცია, რომლისთვისაც აშშ-მა 65 მილიონი დოლარი გამოყო, ერთობლივად საქართველოსა და აშშ-ის სპეციალისტების მიერ განხორციელდება. ეს იყო საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომლისთვისაც სენატორმა რიჩარდ ლუგარმა აშშ-ის მთავრობის სახელით მადლობა გადაიხადა:

[რიჩარდ ლუგარის ხმა] ”საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ერთობლივი ძალისხმევით, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, შექმნეს ინფექციური დაავადებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელი. დაავადება არ ცნობს საზღვრებსა და მოქალაქეობას. ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა უნდა გახდეს მისაბაძი სხვებისთვისაც, რომ ისინი შემოგვიერთდნენ დაავადებათა გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.”

დაავადებათა კონტროლის ერთობლივ ცენტრში ქართველი და ამერიკელი მეცნიერები ერთობლივად განახორციელებენ დაავადებათა კვლევას და ასევე ერთობლივი ძალისხმევით წინ აღუდგებიან მათ გავრცელებას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG