Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის მოლოდინში


კლაუს ტოპმიოლერი: „თავს არ დავზოგავთ, თუმცა საფრანგეთი ფავორიტია.“

2 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრები უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს, საფრანგეთის ნაკრებს, უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ჯგუფში, საქართველოსა და საფრანგეთის გარდა, იტალიის, უკრაინის, შოტლანდიის, ლიტვისა და ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრებები ასპარეზობენ. იმის გათვალისწინებით, რომ, ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით, საქართველო ჯგუფის წევრთაგან მხოლოდ ფარერის კურნძულებს უსწრებს, ჩვენს ნაკრებს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გასასვლელად მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს. როგორ მოემზადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საპასუხისმგებლო მატჩისათვის და როგორ აფასებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ცნობილი გერმანელი სპეციალისტი კლაუს ტოპმიოლერი, ქართველი ფეხბურთელების შანსებს?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ქართული ფეხბურთის მესვეურებს ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა: პრაქტიკულად ხელახლა შენდება როგორც მთელი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ასევე ეროვნული ნაკრები, რომლის წარმატებებზე ზრუნვა ფედერაციის ხელმძღვანელობამ ცნობილ გერმანელ მწვრთნელს მიანდო. კლაუს ტოპმიოლერის თქმით, 2 სექტემბრის მატჩში უდავო ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი ფეხბურთელები ბრძოლას არ აპირებენ:

[კლაუს ტოპმიოლერის ხმა] „ჩვენ ყველანი მოტივირებულები ვართ - გვინდა, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაყურებელი გავახაროთ. თუმცა საფრანგეთის ნაკრები, თუ არ ჩავთვლით ზიდანს, ყველა იმ ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან ითამაშა. მაგრამ ერთს მინდა დაგპირდეთ, რომ თავს არ დავზოგავთ და მთელი მონდომებით შევერკინებით მეტოქეს. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებს.“

კლაუს ტოპმიოლერის თქმით, 2 სექტემბრის მატჩში საქართველოს ნაკრებს, ტრავმების გამო, სამი წამყვანი ფეხბურთელი - კალაძე, ცქიტიშვილი და ჯაკობია -დააკლდება, ხოლო ნაკრების კაპიტნის სამკლაურს ’შალკე-04“-ის ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი მოირგებს.

[ლევან კობიაშვილის ხმა] „ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში გვექნება შედეგის მიღწევის შანსი, თუ მართლა ერთი გუნდი ვიქნებით და ერთიანობას მხოლოდ კამერების წინ არ დავაფიქსირებთ. ის, რომ ერთი გუნდი ვართ, მინდორზე უნდა გამოჩნდეს, მთელი 90 წუთი ერთ მუშტად უნდა ვიყოთ შეკრული. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც საფრანგეთია.“

ლევან კობიაშვილს, თანაგუნდელების გარდა, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის იმედიც აქვს. მართლაცდა, საინტერესოა, რას ფიქრობენ ნაკრების ქომაგები მოახლოებული დაპირისპირების შესახებ.

[მამაკაცის ხმა] „შანსი გამარჯვების გვაქვს, თუკი ფორტუნა გადმოგვხედავს. როგორც წესი, ფორტუნა 50\50-ზეა ხოლმე, მაგრამ თუკი მთელი 100 პროცენტით ჩვენს მხარეს იქნება, მაშინ გავიმარჯვებთ.“

[მამაკაცის ხმა] „კი მინდა მოიგონ, მაგრამ ვერ მოიგებენ, თუმცა შანსი არის, თუკი პატრიოტიზმსა და ქვეყნის სიყვარულს გამოავლენენ და მთელი სულითა და გულით ითამაშებენ.“

გულშემატკივრების მსგავსად, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შოთა არველაძეც ამბობს, რომ საქართველოს წარმატების შანსი აქვს, თუმცა ნაკრების ვეტერან წევრს უჭირს თუნდაც ერთი კომპონენტის დასახელება, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები ფრანგებს დაჯაბნიან:

[შოთა არველაძის ხმა] „რა კომპონენტში უნდა დავჯაბნოთ, არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, აქვს მწვრთნელს თავისი მონახაზი და ეგრეთ წოდებული „დაფარული ჯოკერი“, რომელსაც თამაშის წინ გაგვიმხელს და რის გამოყენებასაც ვეცდებით. ყოველთვის არსებობს გზა, თუ როგორ მოუგო ნებისმიერ გუნდს.“

ერთი სიტყვით, ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელის იმედი აქვთ. თავად მწვრთნელი კი ამბობს, რომ გუნდში ნამდვილი პატრიოტები სჭირდება. მეტიც, კლაუს ტოპმიოლერს პატრიოტები და მხარდამჭერები, ალბათ, არც ტრიბუნებზე აწყენს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მატჩზე დასასწრები ბილითების გაყიდვისას შექმნილმა ქაოსმა ბევრ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლის განზრახვაზე ხელი ააღებინა. პრობლემით თვით ქვეყნის პრეზიდენტიც კი დაინტერესდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „კარგად გაახსენეთ ფედერაციის პრეზიდენს, რა ბედი ეწია მის წინამორბედს. ჩვენ არ ჩავერევით ფედერაციის საქმეში, მაგრამ პრობლემები შეიძლება შევუქმნათ. მკაცრად გააფრთხილეთ ახალკაცი, რომ მეორედ არ დავინახო მოტყუებული და სალაროებთან ატუზული ხალხი, დაუბეჭდავი ბილეთები, არეული ადგილები და ასე შემდეგ. გადაეცით ახალკაცს, თავს ნუ იჭრის ბოლომდე.“

მოგვიანებით ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია, თუმცა, ფედერაციის მესვეურთა თქმით, საფეხბურთო მეურნეობა იდეალურ მზადყოფნაში მხოლოდ მომდევნო, 11 ოქტომბრისათვის დანიშნულ, საქართველოს მატჩისათვის იქნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG