Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უწოდებენ პატიმრობაში მყოფ სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორს თავდაცვის მინისტრის ტუსაღს


დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის გიორგი თავდგირიძის ოჯახის წევრებმა და თანამოაზრეებმა თავდაცვის სამინისტროს წინ მცირერიცხოვანი

საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდგირიძის 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ ყოფილი რექტორი სასჯელს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირების გამო იხდის. როგორც ცნობილია, პროკურატურა თავდგირიძეს აკადემიის რექტორის პოსტზე ყოფნისას 25 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, გიორგი თავდგირიძის ოჯახის წევრები და თანამოაზრეები მაინც შეიკრიბნენ თავდაცვის სამინისტროს წინ და სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს.

[თინათინ წერეთლის ხმა] ”თავდგირიძე ყოველთვის აკრიტიკებდა ოქრუაშვილს, იმ კრიმინალურ სიტუაციას, რაც არსებობდა თავდაცვის სამინისტროში. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შეუშვას ოქრუაშვილმა კონტროლის პალატა სამინისტროში და გაიმართლოს თავი. აქ არის ლაპარაკი 100 მილიონი ლარის გაფლანგვაზე. პოლიციური ჯარი გვყავს დღეს, აღარ არსებობს თავდაცვის სამინისტროში პროფესიონალი...”(სტილი დაცულია)

თინათინ წერეთელი, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის გიორგი თავდგირიძის მეუღლე, აცხადებს, რომ მას და მის მცირეწლოვან ბავშვს უცხო პირები უთვალთვალებდნენ, რის გამოც იძულებული გახდა ნაქირავები ბინა დაეტოვებინა და საცხოვრებლად მეგობართან გადასულიყო.

[თინათინ წერეთლის ხმა] ”გვინდა ოქრუაშვილს გავაგებინოთ, რომ უკვე აღარ გვეშინია მაგის. თუ დღეს საქართველოში ვერ ვამტკიცებთ სიმართლეს, სტრასბურგამდე ჩავალთ.”

თავდგირიძესა და ოქრუაშვილს შორის რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამას მოწმობს ერთი განცხადებაც, რომელიც სამხედრო აკადემიის ყოფილმა რექტორმა დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა:

[გიორგი თავდგირიძის ხმა] ”ეგრეთ წოდებული “რეზერვისტები” კომპლექტდება პარტიული ნიშნით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებით, და, შესაბამისად, ეს არ არის რეზერვი, რომელიც ემსახურება შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ომის პირობებში, არამედ ეს არის პარტიული ნიშნით არჩეული ადამიანების შეიარაღებული ფორმირებები.”(სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს საქართველოს სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორს გიორგი თავდგირიძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მანამდე საქალაქო სასამართლომ თავდგირიძეს გათავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს სახით, 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ყოფილი რექტორის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოსაგან გირაოს 3 ათას ლარამდე შემცირება მოითხოვა, რადგან თავდგირიძის ოჯახს მეტის საშუალება არ ჰქონდა. მაგრამ სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სახალხო დამცველის სოზარ სუბარის კომენტარი:

[სოზარ სუბარის ხმა] ”მხარე აცხადებს, მე ვითანამშრომლებ გამოძიებასთანო და თვითონ გამოცხადდა თავის დროზე სამხედრო პოლიციაში, როდესაც შეამჩნია, რომ თვალთვალი იყო. და აცხადებს, გადავიხდი გირაოს, მაგრამ ეს თანხა ნუ იქნება მაინცდამაინც 50 ათასიო, ანუ ორჯერ მეტი იმაზე, რასაც ედავებიან. ამ შემთხვევაში მართლა არ მესმის, რატომ შეიძლება იყოს ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაში და რატომ არ შეიძლება აღმკვეთი სხვა ღონისძიების გატარება.”(სტილი დაცულია)

უახლოეს მომავალში სახალხო დამცველი თავად აპირებს გიორგი თავდგირიძის მონახულებას.

სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში არაფერს აცხადებენ, ერთადერთი კომენტარი რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე სუხიტაშვილმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ გიორგი თავდგირიძემ უკანონოდ გაუფორმა შრომითი ხელშეკრულებები აკადემიის რამდენიმე თანამშრომელს და მათ, ხელფასის სახით, საერთო ჯამში, 23 ათასი ლარი გადაუხადა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორს კანონი არ დაურღვევია.
XS
SM
MD
LG