Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშენალის“ ახალი ანგარიში


ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოში მტკიცე პოლიტიკური ნებაა აუცილებელი.

მოკლედ ასეთია რეზიუმე „ამნესტი ინტერნეშენალის“ ახალი ანგარიშისა, რომელიც დღეიდან უკვე საჯარო ინფორმაციაა. ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ათობით ათას ქალს ქმრები ან პარტნიორები სცემენ, აუპატიურებენ და ზოგჯერ კლავენ კიდეც. მე „ამნესტი ინტერნეშენალის“
ანგარიშითა და საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა ზუსტი რაოდენობით დავინტერესდი.

ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში,არც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა ზუსტი სახელმწიფო სტატისტიკა არსებობს საქართველოში. ამ გარემოებას კავკასიის ქალთა კოალიციის თანათავმჯდომარე ნინო ციხისთავი თავისებურად ხსნის:

[ნინო ციხისთავის ხმა]“ ქვეყანაში რა საკითხებზე არ არის სტატისტიკა? - რაც პრობლემურია, რაც სათუოა და რაც სხვადასხვა ჭრილში განიხილება, როგორც შესაძლო საფრთხის მომტანი ქვეყნის იმიჯისთვის. ჩვენი სტატისტიკით, მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციის, საქართველოში ყოველი მეოთხე ქალი არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ყოველი მეშვიდე ფეხმძიმე ქალი არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.”(სტილი დაცულია)

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები, ძირითადად, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებშია თავმოყრილი. სწორედ ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან მიიღო გაზაფხულზე საქართველოში საგანგებო სამუშაო ვიზიტით მყოფმა “ამნესტი ინტერნეშენალის” დელეგაციამ მასალები ანგარიშისთვის, რომელსაც, გარკვეულწილად, რეკომენდაციების სახე აქვს. ამ რეკომენდაციების თანახმად, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ და ქმედითად უნდა შეასრულოს ბოლო დროს მიღებული კანონი, იმისდა მიუხედავად, რომ იგი მრავალ ხარვეზს შეიცავს. რაც შეეხება თავად ხარვეზებს, “ამნესტი ინტერნეშენალის” დასკნის თანახმად, სახელმწიფომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ სერიოზული დაზიანებების დროს, არამედ ცემისა თუ განზრახ სხეულის მცირე დაზიანების შემთხვევებშიც. კანონის თანახმად, ასეთ დროს მსხვერპლმა სარჩელი სამართლის საძიებლდ თავად უნდა შეიტანოს. “ამნესტი ინტერნეშენალის” ანგარიშში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ რისკის ქვეშ აყენებს, რადგან გავრცელებული პრაქტიკით, მოძალადეები თითო–ოროლა გაბედულ მსხვერპლსაც კი ძალზე ხშირად აიძულებენ უკან გამოიტანონ სარჩელი. თავის მხრივ, დაუსჯელობის გარემო, საზოგადოებისგან გარიყვისა და შურისძიების შიში, ანუ ყველაფერი ის, რაც ოჯახური ძალადობის წახალისებას განაპირობებს საქართველოში, კრებითად აისახა ანგარიშის სათაურშიც– “ათასობით მდუმარე მსხვერპლი”.
„ თუ ქალებს ძალადობრივი ურთიერთობის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში არ ექნებათ პრაქტიკული ალტერნატივა, არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს ქალები ექსტრემალურ გამოსავალს მიმართავენ, როგორიცაა თვითმკვლელობა ან მათი მტანჯველის მკვლელობა“, ნათქვამია „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში. კავკასიის ქალთა ქსლის თანათავმჯდომარე ნინო ციხისთავი კი, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ პროცენტულად საქართველოში მსჯავრდებულ ქალთა უმრავლესობა სწორედ მოძალადის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის იხდის სასჯელს.
იმისთვის კი, რომ ქალებს ძალადობრივი ურთიერთობის შეწყვეტის საშუალება ჰქონდეთ, საქართველოში თავშესაფრების ქსელი უნდა შეიქმნას. ეს კვლავ “ამნესტი ინტერნეშენალის” რეკომენდაციაა. ოჯახური ძალადობის შესახებ კანონით კი, რომელიც 2006 წლის გაზაფხულზე მიიღო ქვეყნის პარლამენტმა, სახელმწიფო თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობის ვალდებულებას მხოლოდ 2008 წლიდან იღებს. კანონის ამ ნაწილის ძალაში შესვლის გადავადება უსახსრობით აიხსნა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული 2 თავშესაფარი კი საკმარისი არ არის. ერთ–ერთი მათგან ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის ფარგლებში მოქმედებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნატო შავლაყაძეს მოუსმინეთ.

[ნატო შავლაყაძის ხმა]“ ნამდვილად უნდა იყოს თავშესაფარი და უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრებიც. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, კრიზისული ცენტრი, სადაც იურისტიც არის, ფსიქოლოგიც არის, სოციალური მუშაკიც არის. ჩვენთან ერთდროულად 10 ადამიანი თავსდება. ჩვენთან დარჩენის მაქსიმალური ვადაა სამთვე-ნახევარი. გამონაკლისები დაშვებული გვაქვს, რა თქმა უნდა. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ვატყობთ, რომ ადამიანის რეაბილიტაციას შეიძლება მოჰყვეს საკმაოდ დიდი ძვრა, პოზიტიური, ამ ადამიანის ცხოვრებაში.“

ქალბატონ ნატო შავლაყაძის თქმით, ყოვედღიურად ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის კრიზისულ ცენტრს დახმარებისა და კონსულტაციისთვის საშუალოდ 2 ადამიანი მაინც აკითხავს. ათასობით მდუმარე მსხვერპლი კი, “ამნესტი ინტერნეშენალის” შეფასებას თუ მოვიშველიებთ, დაუცველია და თანადგომას ელის.


XS
SM
MD
LG