Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ეშმაკი ატარებს პრადას” – ”ამირანში”


თბილისში, კინოთეატრ ”ამირანში”, წარმატებით უჩვენებენ ახალ ამერიკულ კომედიას ”ეშმაკი ატარებს პრადას”,

რომლის მსოფლიო პრემიერა ოქტომბერში შედგა და რომელსაც, სპეციალისტთა აზრით, აუცილებლად გაიხსენებენ ამერიკის კინოაკადემიკოსები ზამთარში, ”ოსკარის” დაჯიდოების ცერემონიალზე, არა იმდენად ფილმის მხატვრული ღირსების, რამდენადაც მთავარი როლის შემსრულებელ მერილ სტრიპის გამო.


”ფეშენ-კომედია” - ასე მონათლეს რეჟისორ დევიდ ფრანკელის პროდიუსერებმა მისი ახალი ფილმის ჟანრი, ფილმისა, რომელიც მოდის სამყაროს გვაზიარებს. მართალია, ეს ჟანრი ჯერ კიდევ 50-იან წლებში დამკვიდრდა ჰოლივუდში, მაშინ, როცა ტელევიზიასთან კონკურენციამ ”ოცნებების ფაბრიკას” ახალი სანახაობების შექმნისკენ უბიძგა, ”ფეშენ-კინოს” სამშობლოდ დღემდე მაინც საფრანგეთია მიჩნეული... ისევე როგორც მოდა... მაგრამ თუკი ფრანგები კარგი დიზაინერებით ამაყობენ, მსახიობების თვალსაზრისით, დღევანდელ ფრანგულ კინოს აშკარად ჰოლივუდი ჩაგრავს. ყოველ შემთხვევაში, ამერიკული კინოს წლევანდელი პროდუქცია ნამდვილად მდიდარია საინტერესო როლებით, რაც, სპეციალისტთა აზრით, მომავალი წლის თებერვალში კიდევ ერთხელ გამოჩნდება - ბრძოლა ”ოსკარისთვის” ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ძალიან დაძაბული იქნება.

საეჭვოა, ”ეშმაკი ატარებს პრადას” საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოხვდეს - ეს ”ფეშენ-კომედია”, ფერის, კოსტიუმების თვალსაზრისით, არც ისე სანახაობრივია, რომ თავის ჟანრს ამართლებდეს...მაგრამ ახალი ამერიკული კომედიის ყურების პროცესში მაყურებელი ხვდება, რომ სანახაობის შექმნა არც იყო ავტორების მიზანი - ფაქტობრივად, მთელი ფილმი, თავიდან ბოლომდე, მერილ სტრიპის ბენეფისია, მსახიობისა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველანაირი გმირის - მათ შორის, ანტიგმირის, ე.ი, ხასიათით, ტემპერამენტით, ქცევით აუტანელი ქალის -თამაში შეუძლია... უფრო მეტიც, შეუძლია იგი მთელი ამ ეგრეთ წოდებული გლამირის - მოდის სამყაროს - ბატონ-პატრონად აქციოს ეკრანზე.

[მუსიკა. მადონა]

გაგახსენებთ, რომ ფილმის რეჟისორმა დევიდ ფრანკელმა ჰოლივუდში სახელი გაითქვა სერიალით ”სექსი დიდ ქალაქში”. სტილის თვალსაზრისით, ”ეშმაკი ატარებს პრადას” ჰგავს კიდეც ამ სერიალის ფილმებს, პოპულარულს საქართველოშიც. თუმცა ქართველი მაყურებლისთვის ”ეშმაკი ატარებს პრადას” სხვა მხრივ უფრო იქნება საინტერესო - ამბავი პროვინციელ გოგონაზე, რომელიც ოცნებობს მოხვდეს მოდის სამყაროში, ე.ი. იგრძნოს ”ტკბილი ცხოვრების” ნეტარება, დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია საქართველოში... სხვა საქმეა, რამდენად იგრძნობენ მოდელობასა და დიზაინერობაზე მეოცნებე ქართველი გოგონები იუმორსა და ირონიას ახალ ამერიკულ ფილმში ”ეშმაკი ატარებს პრადას”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG