Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ჰოლბრუკი: ''ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირებულებებს და არ მივატოვებთ მეგობრებს''


დღეს გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა რიჩარდ ჰოლბრუკის სტატია "დავითი და გოლიათი", რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას ეხება.

რიჩარდ ჰოლბრუკი, ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველია.

სტატიაში ჰოლბრუკი წერს: "პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიული ამოცანაა, განავრცოს რუსეთის ჰეგემონია იმ ტერიტორიებზე, რომელთაც უწინ რუსეთის მეფეები განაგებდნენ...

პუტინის გათვლით, ამერიკა, რომელსაც მოსკოვის მხარდაჭერა ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან დაკავშირებით სჭირდება, საქართველოს საკითხს განსაკუთრებული სიმწვავით არ დააყენებს, არც ევროკავშირი ეცდება ამ საკითხის გამწვავებას, რადგან რუსეთს შეუძლია ენერგომატარებლებით მომარაგებაში მას პრობლემები შეუქმნას."

შემდეგ რიჩარდ ჰოლბრუკი განაგრძობს: "მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რეზოლუციებით, არაერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ძლიერი დასავლური მხარდაჭერის გარეშე, სააკაშვილისათვის ძნელი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დაბრუნება, რადგან პუტინი კვლავ ხალისით იბრძოლებს ამ ტერიტორიებისათვის და სააკაშვილის ჩამოცილებასაც ეცდება."

ავტორის აზრით, ეს სიმწვავე მხოლოდ პუტინის სტრატეგიული მისწრაფებებით არ არის განპირობებული. ეს ღრმად პიროვნული პრობლემაცააო, აღნიშნავს ჰოლბრუკი. იგი სააკაშვილ-პუტინის ურთიერთობებს დავითისა და გოლიათის ბრძოლას ადარებს. მისი დაკვირვებით, პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის განსაკუთრებით ღიზიანდებოდა, როცა ბუში საქართველოზე იწყებდა საუბარს და ხმამაღალი ტირადებით ცდილობდა თავისი პოზიციის გამოხატვას. იგივე მოხდა გასულ კვირაში, როცა ჰანოიში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე ბუშმა საქართველოს საკითხი წამოჭრა. შესაძლოა, პუტინის ტირადები საუბრის სხვა თემაზე გადატანისთვისაც იყო გამიზნული, მაგრამ იქ დამსწრენი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხსენებაზე პუტინი აშკარად ძლიერ გაღიზიანდა.

რიჩარდ ჰოლბრუკი ფიქრობს, რომ ამ გაღიზიანების მიზეზი, საქართველოსა და სააკაშვილის გულწრფელი და გულითადი დამოკიდებულებაა დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.

ამჟამად კი პუტინი თავს დაჯერებულად გრძნობს, რადგან, ერთი მხრივ, დასავლეთში პრობლემების მომრავლებისა და მეორე მხრივ, ენერგომატარებლების მაღალი ფასების გამო, მისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

ჰოლბრუკი მიმართავს დასავლეთსა და პრეზიდენტ ბუშს: "ევროპამ და ამერიკამ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა განიხილონ, როგორც გამოცდა დასავლეთის ურთიერთობისა რუსეთთან. პუტინი უნდა დარწმუნდეს, რომ დასავლეთი არ დათმობს ამ პატარა ქვეყნის ინტერესებს, არ შესწირავს საქართველოს რუსეთის ენერგომატარებლების ინტერესს ან რუსეთის ხმებს გაეროში.

"და თუ ის, რასაც ბუში ამბობს, ლიტონი სიტყვები არ არის, მან უნდა დაამტკიცოს ეს არა მხოლოდ პუტინთან საუბრით, არამედ რუსეთზე ნამდვილი ზეწოლით და ევროპასთან ერთიანი ფრონტის შექმნით, რათა ნათელი გახადოს პუტინისათვის, რომ მან უნდა შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობა."

მიუხედავად ერაყთან დაკავშირებული პრობლემებისა, "ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ დავთმობთ ჩვენს ღირებულებებს და არ მივატოვებთ ჩვენს მეგობრებს" - ასე ამთავრებს თავის სტატიას რიჩარდ ჰოლბრუკი.
XS
SM
MD
LG