Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი გამომძიებლები მოსკოვში დაბრკოლებებს აწყდებიან ლიტვინენკოს საქმეზე მუშაობისას


ბოლოხანს დღე არ გავა ისე, რომ ალექსანდრ ლიტვინენკოს სახელთან დაკავშირებულ გახმაურებულ მოვლენებს არ შევეხოთ და ასეა დღესაც: ამჯერად ჩვენი თემაა ლიტვინენკოს მოქცევა მუსლიმანად, აგრეთვე გამოძიება,

რომელსაც ბრიტანელი გამომძიებლები რუსეთში აწარმოებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ლიტვინენკო - რუსეთის დაზვერვის უწყების ყოფილი აგენტი, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტის თავგამოდებული კრიტიკოსი - 23 ნოემბერს გარდაცვალა მას შემდეგ, რაც 1 ნოემბერს ლონდონში მოიწამლა ძლიერი და იშავიათი რადიოაქტიური ნივთიერებით, პოლონიუმ 210-ით. ლიტვინენკო ბრიტანეთის მოქალაქე იყო.

ბრიტანელი გამომძიებლები მოსკოვში რამდენიმე პირის დასაკითხად ჩავიდნენ: საქმე ეხება იმათ, ვისაც ლიტვინენკო ლონდონში შეხვდა. კვლავაც დაუდგენილია, განზრახ მოწამლეს თუ არა ყოფილი ჯაშუში. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ლონდონის პოლიცია არ აპირებს კომენტარის გაკეთებას.

მიმდინარე კვირაში ის გაირკვევა, როდის დაკრძალავენ მიცვალებულს. როგორც ლიტვინენკოს მამამ უთხრა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურს, მისმა შვილმა მაჰმადიანობა მიიღო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე და ისლამური წესით დაკრძალვა ისურვა. [ვალტერ ლიტვინენკოს ხმა] “როცა ეს მითხრა სიკვდილამდე ორი დღით ადრე, ასე დაიწყო: “მამა, სერიოზულ საქმეზე უნდა დაგელაპარაკო: მუსულმანი გავხდიო”. მე ვუთხარი, “საშა, ეს შენი გადაწყვეტილებაა, მთავარია კომუნისტი და სატანისტი არ გახდე, მთავარი ესაა” -მეთქი. მე თვითონ ქრისტიანი ვარ, მყავს შვილიშვილი, რომლის მამაც ყაბარდოელია - ყაბარდოელი, ჩემი ქალიშვილის ქმარი, მუსლიმანია. ჩვენ ღმერთი არ დაგვიკარგავს, ჩვენ გვწამს ღმერთი. ხოლო როგორ გვწამს, როგორ ვლოცულობთ, ეს ყველამ თვითონვე უნდა გადაწყვიტოს და ისე მოიქცეს”.

ვალტერ ლიტვინენკომ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ მისი შვილი საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა მუსულმანობაზე, რისი მიზეზიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიით გაწბილება იყო.

ისლამისადმი ლიტვინენკოს დამოკიდებულებაზე ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა ახმედ ზაკაევმაც: ჩეჩენი მეამბოხეების წარმომადგენელმა. ისიც, როგორც განსვენებული ლიტვინენკო, ბრიტანეთშია ემიგრირებული. [ახმედ ზაკაევის ხმა] “ის, რაც ისლამის მიღების სურვილზე მითხრა, მითხრა საავადმყოფოში ყოფნის პირველივე დღეებში. ჩემი რეაქცია სრულიად ნორმალური იყო - ვუთხარი, რომ ეს პირადი გადაწყვტილებაა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ღმერთისადმი აღვავლენთ ლოცვას: მთავარია, უღმერთო საქციელი არ ჩავიდინოთ. და, რაღაცნაირად, არ გავამახვილე ყურადღება ამ საკითხზე, ის კი სულ უბრუნდებოდა და უბრუნდებოდა. მერე კი შეჰადეთი გამოთქვა - ნებისმიერი ისლამოლოგი გეტყვით, რომ ისლამის მისაღებად რაიმე განსაკუთრებული ცერემონია, ან რიტუალი არ არის საჭირო. საკმარისია ერთი სურის წარმოთქმა და ამავე მომენტიდან, თუ ამ სურას, შეჰადეთს, გულით დაიჯერებ, მუსლიმანად ითვლები.”

ზაკაევი იმასაც ამბობს, რომ ლიტვინენკო, მოწამვლის შედეგად ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ბოლომდე გონზე იყო. სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, მას თითქმის 16 საათამდე უმუშავია გამომძიებლებთან და არც გამოჯანმრთელების იმედი დაუკარგავს. არ დაუკარგავს, როგორც ჩანს, სიკვდილის წინა დღემდე - იმ დღეს მან ახმედ ზაკაევს სთხოვა საავადმყოფოში იმამის მიყვანა.

[ახმედ ზაკაევის ხმა] “22 ნოემბერს მისი თხოვნით, მისი ცოლის თანხმობით, იმამი მივუყვანე. მან წაუკითხა სურა, რომელსაც მომაკვდავ მუსლიმანს უკითხავენ. რასაკვირველია, მუსულმანური წესით, მიცვალებული უნდა გაბანონ. მაგრამ, საუბედუროდ, ამ ნაწილს პროცედურისა, რომელსაც ალექსანდრი ითხოვდა, დღეს ვერ ვასრულებთ განსაკუთრებული გარემოებების - რადიაციის გამო. 6,5 წელიწადი არ შეიძლება გაიხსნას სარკოფაგი, რომელსაც მისი დაკრძალვისთვის გამოჰყოფენ”.

წეღან უკვე ითქვა, რომ ლიტვინენკოს დაკრძალვის თარიღს ამ კვირაში დაადგენენ. რაც შეეხება გამოძიებას- ბრიტანელი გამომძიებლები მოსკოვში დაჰკითხავენ სამ მამაკაცს, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყო შესაძლებელი ლიტვინენკოს მოწამვლა პოლონიუმ 210-ით. ამ, საკვანძო მნიშვნელობის საკითხის გარკვევის იმედი უკავშირდება ანდრეი ლუგოვოისთან, დმიტრი კოვტუნთან და ვიაჩესლავ სოკოლენკოსთან საუბარს. სამივე შეხვდა ლიტვინენკოს 1 ნოემბერს, მისი მოწამვლის დღეს. ამასთან, უცხოელი გამომძიებლები შესაძლოა, ჯერ ვერ შეხვდნენ ლუგოვოის - ის (რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი) რადიაციაზე შემოწმების ჩასატარებლად, როგორც იუწყებიან, საავადმყოფოშია მოთავსებული. და კიდევ ერთი დაბრკოლება მოსკოვში ბრიტანელების მუშაობისთვის: საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, მათ ნებას არ დართავენ, შეხვდნენ ყოფილ რუს აგენტ მიხაილ ტრეპაშკინს, რომელიც ამჟამად ციხეშია. ამ დროს, ტრეპაშკინს, მისივე ვექილების განცხადებით, ხელთ აქვს ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ლიტვინენკოს საქმის გამოძიებისათვის.

სირთულეების მიუხედავად, ლიტვინენკოს საქმის გამოძიების მასშტაბი იზრდება: ბრიტანელ გამომძიებელთა ნაწილმა გასულ კვირაში აშშ-ს მიაშურა და დაკითხა “კაგებეს” ყოფილი აგენტი, იური შვეცი. შვეცის განცხადებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესი ავრცელებს, მან ბრიტანელ პოლიციელებს დაუსახელა იმ კაცის ვინაობა, ვისი დავალებაც იყო, მისი ვარაუდით, ლიტვინენკოს განადგურება. ვინ არის ეს კაცი - იური შვეცი მასმედიასთან არ აზუსტებს.
XS
SM
MD
LG