Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ საგულისხმო სტატიები არ


ამ კირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ საგულისხმო სტატიები არ გამოქვეყნებულა,

რაც, ალბათ, იმით უნდა აიხსნას, რომ თვით საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის არაფერი მომხდარა.

სამშაბათს, 5 დეკემბერს, დასავლეთის პრესა ვენესუელაში მემარცხენე პოლიტიკოსის უგო ჩავესის ხელახალ გამარჯვებას გამოეხმაურა. იტალიის ქალაქ ტურინში გამომავალი “ლა სტამპა” აღნიშნავს, რომ ჩავესის მოწინააღმდეგის, ოპოზიციის ლიდერის როსალესის მხრივ დამარცხების აღიარებამ ქვეყანას არეულობა ააცილა თავიდან და ოპოზიცია წარმოადგინა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალად. ასე რომ, ჩავესი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია ქვეყანაში, სადაც ყველა სატელევიზიო არხს ოპოზიცია აკონტროლებს.

ავსტრიის “ზალცბურგერ ნახრიხტენი” არ ეთანხმება ჩავესის მოწინააღმდეგეების აზრს, თითქოს ვენესუელა კუბის გზას ედგას. გაზეთი წერს, რომ ვენესუელას, ამ ნავთობით მდიდარი ქვეყნის, ვითარება კუბაში არსებული ვითარებისგან ბევრად განსხვავებულია.

იმავე 5 დეკემბერს პრესა განიხილავდა სხვა თემებსაც, რომელთა შორის, ბუნებრივია, იყო რუსეთის ყოფილი აგენტის ლიტვინენკოს მოწამვლის გარემოებებიც. ლონდონის “ფაიენეშელ ტაიმსი” წერს, რომ კრემლი ლიტვინენკოს საქმესთან კავშირს უარყოფს. თუმცა, განაგრძობს გაზეთი, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი შეუწყო ისეთი სახელმწიფოს შექმნას, სადაც ძალიან ხშირია მკვლელობა. ის ვერ უარყოფს, რომ ლიტვინენკო და პოლიტკოვსკაია კრემლის მოწინააღმდეგეები იყვნენ. შემდეგ გაზეთი შენიშნავს, რომ რუსეთში სამართალსა და წესრიგს განსაზღვრავს კრემლი და არა დამოუკიდებელი სასამართლო და ძლიერი და გავლენიანი პირები ძველ ანგარიშებს ასწორებენ.

ოთხშაბათის“ნიუ იორკ ტაიმსი” აშშ-ის ახალ თავდაცვის მინისტრ რობერ გეიტსზე წერს. გაზეთის თანახმად, სენატში მოსმენების დროს მან მოახერხა სენატორები დაერწმუნებინა, რომ ის სხვაგვარი მინისტრი იქნება, თუმცა “კონკრეტული არაფერი უთქვამს იმაზე, - განაგძობს “ნიუ იორკ ტაიმსი”, - თუ როგორ აპირებს თავი დააღწიოს პრეზიდენტ ბუშის მიერ ერაყში შექმნილ მძიმე მდგომარეობას.“

საფრანგეთში გამომავალი “ფიგარო” ერაყში არსებული მდგომარეობის შესახებ საგანგებო კომისიის ანგარიშს შეეხება. მისი აზრით, დამოუკიდებელი კომისიის ანგარიში სრულებით ვერ შეცვლის ერაყში შეჭრის შემდეგ იქ შექმნილ ვითარებას. მაგრამ, “ფიგაროს” თანახმად, ამ კომისიის შექმნამ უკვე არაერთ რამეს შეუწყო ხელი.

უფრო მოგვიანებით, 7 დეკემბერს, “ნიუ იორკ ტაიმსი” წერდა, რომ ერაყში გამარჯვება მიუღწეველია. ამერიკელმა ჯარისკაცებმა რომც დატოვონ ერაყი, ისინი იქ მხოლოდ სასიკვდილო არეულობას დატოვებენ. მაგრამ, წერს გაზეთი, ამ ანგარიშის ნამდვილი ამოცანა იყო ყველაზე უარესი სცენარი არ განხორციელებულიყო: “ჯიუტი პრეზიდენტი მომავალი ორი წლის მანძილზე კვლავ იმ აზრზე არ დარჩენილიყო, რომ გამარჯვებულია, მაშინ როცა ერაყში ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება”.

შვეიცარიის “ტაგეს-ანცაიგერი” ფიქრობს, რომ ოთხწლიანი ომის შემდეგ მხოლოდ ზარალის მასშტაბის შემცირებაზეა ლაპარაკი და რომ ანგარიშმა, თავისი 79 რჩევით, ბუშს საავარიო გასასვლელი გაუხსნა.

საფრანგეთის “ლიბერასიონში” 7 დეკემბერს დაბეჭდილი სტატიის შეფასებით, ანგარიში ანგრევს ტყუილის სტრატეგიას.

დაბოლოს, კიდეთ ერთი თემა, რომელსაც პრესა გამოეხმაურა კვირის ბოლოს: ეს არის თურქეთის განცხადება, რომ ის მზად არის კვიპროსის სატრანსპორტო საშუალებებს ერთი ნავსადგური და ერთი აეროპორტი გაუხსნას. ფინეთის გაზეთი “ჰუფვუდსტადსბლადეტი” ანკარის ამ წინადადებას კეთილი ნების გამოვლინებად მიიჩნევს, თუმცა, მისივე ვარაუდით, თურქეთის ძალისხმევა ამ შემთხვევაში იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ევროკავშირში მისი გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება კვლავ არ შეფერხდეს. მაგრამ ამ წინადადებით, რომელიც კვიპროსისთვის პროვოკაციად ჟღერს და რომლის უპერსპექტივობაც ანკარამ თავიდანვე იცოდა, ის, ალბათ, ვრ შეძლებს მოლაპარაკების ჰავა შეცვალოს. მაგრამ იქნებ თურქეთის ჟესტს კვიპროსის უფრო მოფიქრებული და აზრიანი პასუხი მოჰყვეს, - ამ ვარაუდით სრულდება ფინეთში გამომავალი გაზეთის სტატია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG