Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიები და დაპირისპირებები 2006 წელს


მსოფლიოს რომელი რელიგიის წარმომადგენელსაც უნდა ჰკითხოთ,

ყველა გეტყვით, რომ მათი რწმენა მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებაა. ამაში ეჭვს ვერ შეიტანთ. თუმცა ისტორია და თანამედროვეობაც ადასტურებს, რომ ადამიანის ჯგუფებს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე იშვიათობა არ არის. გასულ წელს, ალბათ, ყველაზე თვალშისაცემი ამბავი იყო მაჰმადიანთა რეაქცია სკანდინავიაში გამოქვეყნებულ კარიკატურებზე, რომლებზეც წინასწარმეტყველი მუჰამედი იყო გამოსახული.

(ხალხის და მსხვრევის ხმა)

ეს 4 თებერვალსაა ჩაწერილი, დანიისა და ნორვეგიის საელჩოებზე თავდასხმების დროს. ბეირუთში დანიის დიპლომატიურ მისიას წაუკიდეს ცეცხლი, თეირანში ასევე შეტევა მოხდა დანიის დიპლომატიურ შტაბბინაზე. თვითონ დასავლეთში კარიკატურები შეფასებული იყო, როგორც აზრის გამოთქმის თავისუფლების საკითხი. თუმცა მაჰმადიანები აღაშფოთა მუჰამედის კარიკატურამ, რომელზეც გამოსახულ პიროვნებას თავზე ჩალმა ეხურა, ეს ჩალმა კი, სინამდვილეში, ბომბს წარმოადგენდა.
მუჰამედის კარიკატურების ამბავს მოჰყვა გამოსვლა ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადისა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ჰოლოკოსტი, როგორც ისტორიული სიმართლე, და თქვა, ისრაელი რუკიდან უნდა წაიშალოსო. 11 თებერვალს აჰმადინეჟადმა ასე მიმართა ებრაელებს:

(აჰმადინეჟადის ხმა)
“ჩვენი ვარაუდით, თუკი თქვენ, ებრაელებო, არ ტყუით, მაშინ ნება უნდა მისცეთ დამოუკიდებელ და სამართლიან მკვლევარებს, ჩავიდნენ და ესაუბრონ ხალხს ევროპაში, ნახონ ჰოლოკოსტის დოკუმენტები და აცნობონ ხალხს ჰოლოკოსტის მითის კვლევა რა შედეგს გამოიღებს.”

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში თეირანში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ჰოლოკოსტს მიეძღვნა და რომელზეც მსოფლიოში ცნობილი ჰოლოკოსტის უარმყოფლები იყვნენ მიწვეულნი.
წელს დასავლეთში მაჰმადიანური ტრადიციების გარშემო კამათი გრძელდებოდა. მარტში ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ერთ-ერთი სკოლის მიერ შემოღებულ წესს, რომლის თანახმად, მაჰმადიან გოგონას ეკრძალება ტრადიციული სამოსის ტარება. ამ ამბავს დროში დაემთხვა იმ აუდიოფირის გავრცელება, რომელზეც, სავარაუდოდ, “ალ ყაიდის” მეთაურად - ოსამა ბინ ლადენად - მიჩნეული პირი მსოფლიოს თავს შეახენებს. ჩანაწერში, რომელიც არაბულმა მაუწყებელმა “ალ ჯაზირამ” გადასცა, ლაპარაკია იმაზე, რომ სუდანის დარფურგის რეგიონის ამბები და პალესტინის ავტონომიის მმართველი ძალის, “ჰამასის”, იზოლაცია ისლამის წინააღმდეგ დასავლეთის ომს ადასტურებს.

(სავარაუდოდ, ბინ ლადენის ხმა)
“ამასთან, ჩანს, რომ ეს არის ჰამასის მოძრაობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება - მას მერე, რაც მან არჩევნები მოიგო. ამას ადასტურებს ის, რასაც შეიხმა აიმან ალ ზარყავიმ გაუსვა ხაზი - ცოდვააო, შეუერთდე ურჯულოთა გაერთიანებებს. ჰამასის მიმართ მათი რეაქცია ადასტურებს, რომ ეს მუსლიმანების წინააღმდეგ მიმართული ჯვაროსნულ-სიონისტური ომია.”

ამ დაძაბულობის ფონზე მხატვრული ფილმის “და ვინჩის კოდის” გამოსვლამ აჩვენა, რომ რელიგიის გამო დავა მხოლოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არ არის.

ქრისტიანთა ლიდერებმა “და ვინჩის კოდი” მკრეხელობად შეაფასეს და მის წინააღმდეგ ამხედრდნენ. ვატიკანის ზოგიერთი წარმომადგენელი ქრისტიანებს მოუწოდებდა ფილმის გამო საპროტესტო გამოსვლები მოეწყოთ.
ვისაც ეს ფილმი არ გინახავთ, შეგახსენებთ, რომ მასში მოთხრობილია გამოგონილი, ქრისტიანული თვალსაზრისით, მკრეხელური ამბავი, სადაც, სხვათა შორის, იესო ქრისტე ქორწინდება და მამაა შვილებისა,რომელთა შთამომავლები დღესაც არსებობენ.
წლის ბოლოსკენ გამოჩნდა ქრისტიანთა და მაჰმადიანთა დაპირისპირების ახალი ტალღა, როცა რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ გერმანიაში, თავის მშობლიურ ბავარიაში, რეგენსბურგის უნივერსიტეტში, ბიზანტიის კეისრის მანუელ მეორე პალაიოლოგოსის გვიანდელი ნაშრომიდან, სახელწოდებით “დიალოგი სპარსთან”, ერთი ციტატა მოიყვანა. აქ უნდა ითქვას, რომ მანუელ მეორე იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როცა ბიზანტია ერთობ დასუსტებული იყო და ოსმანთა სულთნის ვასალის მდგომარეობაში მყოფ კეისარს საკმაოდ დიდი მოქნილობა და ჭკუა სჭირდებოდა პოზიციის შესანარჩუნებლად. ეს ის დროა, - მე-14 საკუნის მეორე ნახევარი და მე-15-ის პირველი მეოთხედი, - როცა მართლმადიდებლობაში გავრცელებელი იყო ფრთიანი ფრაზა -“პაპის ტიარას სულთნის ჩალმა მირჩევნიაო”. რომის ახლანდელი პაპის მიერ ციტირებული კეისარი ავტორი ყოფილა რიტორიკული და თეოლოგიური ნაშრომებისა, სადაც ის თურმე კატეგორიულად იცავდა კათოლიციზმისა და ისლამის წინააღმდეგ მიმართულ მართლმადიდებლურ დოგმებს.
აი, რომის პაპის ბენედიქტე მეორის მიერ ციტირებული ფრაზაც:

(პაპის ხმა)
“მიჩვენე, რა მოიტანა მუჰამედმა ახალი და ნახავ, რომ მასში არაფერია, ცუდისა და არაადამიანურის გარდა; ისევე როგორც არაადამიანურია მის მიერ დადგენილი წესი - სარწმუნოება, რომელსაც ვქადაგებ, მახვილით უნდა გავრცელდესო.”

პაპის ამ სიტყვამ (მისი მხოლოდ შემოკლებული ვარიანტი გავრცელდა), აღაშფოთა მაჰმადიანები. საფრანგეთსა და საუდის არაბეთში, პაკისტანსა და ინდონეზიაში ისინი ქუჩაში გავიდნენ. სომალში კათოლიკე მონაზონი მოკლეს, პალესტინელთა ტერიტორიაზე ორ ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს.
ბენედიქტე მე-16-მ წლის ბოლოსკენ თურქეთს მიაშურა, რათა იქაურ მართლმადიდებელთა უმცირესობისთვის მხარდაჭერა გამოეხატა. მას მერე, რაც სტამბულის “ლურჯ მეჩეთში” შევიდა და ლოცვას დაესწრო, მისი ამ მაჰმადიანურ ქვეყანაში სტუმრობა რელიგიების შერიგებისა და დიალოგის წარმატებულ ცდად შეფასდა.

(ჩიაგრიჩის ხმა)
“სულთან აჰმედის მეჩეთში პაპის მისვლა, მას მერე, რაც ეწვია დიდებულ “აია სოფიას” მუზეუმს, რომელიც ჩვენი საერთო კულტურული საგანძურია, ბიძგს მისცემს ჩვენს რელიგიებსა და მორწმუნეებს შორის ურთიერთობას.”

ამბობს ისტამბულის დიდი მუფტი მუსტაფა ჩიაგრიჩი, რომელიც “ლურჯ მეჩეთში” პაპის ყოფნისას მის გვერდით ლოცულობდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG