Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გაგაცნობთ დასავლეთის გაზეთებში გამოქვეყნებულ ერთი-ორ სტატიას, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და რუსეთს, როგორც ევროკავშირის პარტნიორს, ეხება.

მცირე წერილი, სახელწოდებით “მიხეილ სააკაშვილი”, რომელიც “ფაინენშლ ტაიმსმა” დაბეჭდა, იწყება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, რომ არ სურს ისინი ნერვებს უშლიდნენ. ეს “ისინი” რუსები არიან, განმარტავს გაზეთი და წერს, რომ რუსეთის ქცევა თავისი სამხრეთელი მეზობლის მიმართ აშკარად ნერვებს უშლის სააკაშვილს. სააკაშვილის აზრით, რუსეთი მოწადინებულია შეაფერხოს საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, რათა ის წელში ვერ გაიმართოს და პრობლემურ ქვეყნად დარჩეს. მაგრამ საქართველო მოიზიდავს ინვესტორებს, განაგრძობს სააკაშვილი, რადგან მსოფლიოში ყველაზე დაბალი გადასახადები გვაქვს, კორუპციის სიმცირით კი, როგორც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი აცხადებს, აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ სლოვენიასა და ესტონეთს ჩამოვუვარდებითო. სააკაშვილმა იცის, წერს შემდეგ გაზეთი, რომ საქართველო მყარი, დამოუკიდებელი ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება, თუკი რუსეთთან აქტიურ ურთიერთობაში ჩაებმება. იქვე მოხმობილია პრეზიდენტის სხვა გამონათქვამიც, კერძოდ, რომ საქართველოს სურს ნატოს ნაწილი იყოს, მაგრამ უფრო ახლო მეგობარი რუსეთი იქნება, რასაც არაერთი ბუნებრივი მიზეზი აქვსო. თუკი თურქეთს და ფინეთს შეუძლიათ მჭიდრო ურთიერთობა იქონიონ რუსეთთან, საქართველოც შეძლებს ამას, აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავო. ამავე გაზეთში დაიბეჭდა სტატია იმის თაობაზე, რომ რუსეთი გაზის ფასებს ზრდის და აირის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება. გაზეთის ცნობით, საქართველოსთან ერთად, რუსეთი ბელორუსიასაც - მოკავშირე ქვეყანას -შეუწყვეტს გაზის მიწოდებას, თუკი ის გაზრდილ საფასურზე არ დათანხმდება. სტატიის ავტორის აზრით, თუ რუსეთმა ეს გააკეთა, მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, ენერგეტიკის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების გამო, გაღრმავდება. ეს კი გააძლიერებს რუსეთზე ზეწოლას, რათა რატიფიცირება გაუკეთოს ევროპის ენერგეტიკის ქარტიის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ამგვარი დავა არბიტრაჟის მიერ უნდა გადაწყდეს. ბელორუსიისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა- შეფერხება, წერს გაზეთი, პოლონეთსა და გერმანიაში აირის მიწოდებაზე იმოქმედებს, რადგან სატრანზიტო გაზსადენი ამ რესპუბლიკაზე გადის. წერილში შემდეგ ლაპარაკია “გაზპრომის” პოლიტიკასა და მიზნებზე, ასევე რუსეთის გაზის მომხმარებელი ქვეყნების - მათ შორის, საქართველოს - მცდელობაზე, მოძებნონ სხვა მიმწოდებელი. ანალიტიკოსების აზრით, ნათქვამია გაზეთში, ენერგეტიკის სფეროში რუსეთის ეს პოლიტიკა ბელორუსიის მიმართ სასჯელია იმის გამო, რომ მისმა ავტორიტარულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთთან უფრო მჭიდრო შეკავშირების თაობაზე დანაპირები არ შეასრულა.

გაგაცნობთ გერმანულ გაზეთ “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში” პარასკევს დაბეჭდილ მცირე ზომის ანალიტიკურ სტატიას, რომელიც შეეხება რუსეთს, როგორც ევროკავშირის პარტნიორს. წერილის ავტორის თანახმად, ევროპის კავშირი და რუსეთი პარტნიორობის შესახებ შეთანმხებას ესწრაფვიან ენერგოპოლიტიკის საფუძველზე. პოლონეთის ვეტომ, რომელიც ვარშავამ ამგვარ შეთანხმებას დაადო, დასავლურ მხარეს საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ინტერესებზე შეიძლება ამან იმოქმედოს. ლიტვინენკოს საქმემ კი დაგვანახვა, ვკითხულობთ შემდეგ “ფრანკფურტერ ალგემაინეში”, როგორ აღიზიანებს “პარტნიორ რუსეთს”, უბრალოდ, სამართლის სფეროში თანადგომის თხოვნა მაშინ, როცა კვალს პუტინის იმპერიაში მივყავართ. პოლიტკოვსკაიას საქმე, კარგი, რუსეთის იურისპრუდენციის გასარკვევია, მაგრამ ლიტვინენკოს სიკვდილის შემთხვევაში, წერს გაზეთი, რუსეთს შეეძლო დემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობის სურვილი გამოეხატა. მან კი საპირისპირო გააკეთა. ხოლო როგორ რეაგირებს რუსეთი მოწოდებაზე, პოლონეთის ხორცის იმპორტის ემბარგო გააუქმოს? ასევე, არა როგორც პარტნიორი. პრინციპით, “დაყავი და იბატონე”, ის ცდილობს ევროკავშირში ხორცის სხვა მომწოდებლები ორმხრივი ხელშეკრულებებით გაერთიანების სოლიდარობას ჩამოაშოროს. პარტნიორობა სხვაგვარად გამოიყურება, - ასრულებს ამ მცირე ანალიზს “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი”.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG