Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ანგარიში: “ევროპაში მაჰმადიანთა დისკრიმინაცია ხდება”


ევროპის რასიზმისა და ქსენოფობიის ცენტრმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში,

რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ ევროპაში ისლამოფობია იზრდება, რომ მაჰმადიანები ევროპაში დისკრიმინაციას განიცდიან განათლების სფეროში, ბინის ძებნისას, ასევე სამუშაო ადგილის მიღების მცდელობისას.
ასეთი ტიპის ანგარიში პირველად გამოქვეყნდა. ამ 117 გვერდიანი დოკუმენტის მიზანი ევროპის კავშირის 25 სახელმწიფოში მაჰმადიანთა მდგომარეობის შესწავლა იყო. დღესდღეობით ევროპაში ისლამის მიმდევრებს სულ უფრო და უფრო ხშირად აკავშირებენ ტერორიზმსა და ევროპული ფასეულობების მიმართ შეუწყნარებლობასთან. ეს დამოკიდებულება შეერწყა უკვე არსებულ ქსენოფობიურ ელემენტს და ევროპის ზოგიერთ არეალში შედეგად ვიღებთ მზარდ ისლამოფობიას, წერია ანგარიშში. თუმცა მისი ავტორები იქვე აღნიშნავენ, რომ თვითონ ევროპაში მცხოვრებმა მაჰმადიანებმა უნდა გააკეთონ უფრო მეტი იმ უარყოფითი აზრის გასაქარწყლებლად, რომლის ჩამოყალიბებასაც ტერორიზმი და ისლამურ სამყაროში მომხდარი მოვლენები უწყობს ხელს. მაგალითად დასახელებულია მაჰმადიანთა ჯგუფების რეაქცია მუჰამადის კარიკატურების მიმართ.
ჩვენს რადიოსთან საუბარში ევროპის რასიზმისა და ქსენოფობიის ცენტრის ხელმძღვანელი ინტეგრაციის თემასაც შეეხო:

(ვინკლერის ხმა)
“ცხადია, რომ ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია. მაჰმადიანთა მეტი წარმომადგენელი უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, მაგრამ, ამავე დროს, მეტი მხარდაჭერაც სჭირდებათ. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ისეთი საზოგადოება გვქონდეს, სადაც გარიყულები არ იქნებიან.”

ამ ანგარიშის სახელწოდებაა “მაჰმადიანები ევროპის კავშირში, დისკრიმინაცია და ისლამოფობია”. ანგარიში ეფუძნება არაერთ საუბარს, ძირითადად, ახალგაზრდა მაჰმადიანებთან. ისინი - თუნდაც ევროპის კავშირის რომელიმე ქვეყანაში დაბადებულები იყვნენ - ევროპული ცხოვრებიდან გარიყულები არიან. ანგარიშის ავტორები გამოკითხვებისა და კვლევის საფუძველზე დაასკვნიან, რომ ახალგაზრდა მაჰმადიანებს არაერთი ზღუდე ხვდებათ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. ამის შედეგი, ანგარიშის თანახმად, უიმედობისა და გარიყულობის განცდაა.
მაჰმადიანები ევროკავშირის მთელი მოსახლეობის სამ-ნახევარ პროცენტს შეადგენენ. ვინკლერმა გვითხრა, რომ ისინი საზოგადოების ფსკერზე არიან დარჩენილნი:

(ვინკლერის ხმა)
“ევროპის კავშირში ბევრი მაჰმადიანი დისკრიმინაციას განიცდის. განათლების სფეროში მათი დონე საშუალოზე დაბალია. საყოფაცხოვრებო პირობები ცუდი აქვთ. უმუშევრობა მათ შორის საშუალო მაჩვენებელს აღემატება, ხშირად კი ისეთ სამუშაოს ასრულებენ,რისთვისაც უფრო დაბალი კვალიფიკაციაა საჭირო.”

ანგარიშში კონკრეტულად ნიდერლანდების მაგალითზე წერია, რომ კლასებში მაჰმადიანი მოსწავლეები ეთნიკური ნიშნის მიხედვით არიან გამოყოფილნი და უცხოელებად შერაცხილნი ნიდერლანდებში დაბადებულებიც კი. ბევრი მონაწილე ამ გასაუბრებისას ამბობს, რომ ჩადრიან ქალებს სამუშაოს ძებნისას დიდი სიძნელეები ხვდებათ. ევროპაში დამსაქმებლები შიშობენ, რომ თუკი ჩადრიანი ქალი მომსახურების სფეროში იმუშავებს, კლიენტებს დააფრთხობს. ვინკლერის თანახმად, დისკრიმინაცია იქ იწყება, როცა სამსახურში მიღებაზეა ლაპარაკი:

(ვინკლერის ხმა)
“საფრანგეთში, მაგალითად, მაღრიბის ქვეყნების, ჩრდილოაფრიკული გვარების მქონე ადამიანებს სამსახურში მისაღებად გასაუბრებაზე მიწვევის ხუთჯერ ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე ფრანგული გვარების მქონეებს. ასე რომ, დისკრიმინაცია უკვე აქედან იწყება. ამიტომ გასაუბრებაზე მიწვევა ანონიმურად უნდა ხდებოდეს.”

ანგარიში ევროპის კავშირის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შესრულდეს ანტიდისკრიმინაციული კანონები, ხალხი სათანადოდ იქნეს გაწვრთნილი, სკოლებში ინტეგრაციას მიექცეს ყურადღება, ასევე შეეცადონ, რომ მედიაში არ მოხდეს ხოლმე მაჰმადიანების არაკორექტული წარმოჩენა.
ბევრ ევროპელს მიაჩნია, რომ მაჰმადიანები მოკლებულნი არიან ისეთ დასავლურ ფასეულობებს, როგორიცაა: ქალთა უფლებები, სიტყვის თავისუფლება, შემწყნარებლობა. ვინკლერი ამბობს, რო ასეთი ფასეულობები დაცული უნდა იქნეს, მაგრამ არა რასიზმის ხარჯზე:

(ვინკლერის ხმა)
“საბოლოო ჯამში, არ არსებობს წინააღმდეგობა სიტყვის თავისუფლებასა და რასიზმთან ბრძოლას შორის. ჩვენს ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველას თანასწორი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ ნათქვამია აგრეთვე, რომ ყველას თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს. და ამ უფლებებს ყველამ უნდა სცეს პატივი.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG