Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ მხოლოდ რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა - მთავარი თემა, რომელსაც ეს წერილები ეხებოდა, საქართველოს გაზით მომარაგება იყო.


ამ პრობლემის გარდა, დასავლეთის პრესა საქართველოში დაგეგმილ კონსტიტუციურ ცვლილებებსა და ახალი კონსტიტუციის მიღების გეგმასაც შეეხო. დღევანდელ მიმოხილვაში ორ წერილს გაგაცნობთ.

16 დეკემბრის ნომერში გაზეთმა “ვაშინგტონ ტაიმსმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “რუსეთისგან წამოსული ზეწოლა საქართველოს ლიდერების დასავლეთთან კავშირებს წინაღობას არ უქმნის”. დევიდ სანდსის წერილი, ძირითადად, აგებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ინტერვიუზე. პრემიერი რამდენიმე თემაზე საუბრობს – მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რუსეთთან გართულებულ ურთიერთობასა და საქართველოს მონაწილეობაზე ერაყში მიმდინარე ოპერაციაში. “ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საშინაო რეფორმებს და ჩვენს იმედებს ტრანსატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თაობაზე მხოლოდ იმის გამო ვერ დავთმობთ, რომ ამის გამო ვიღაც ბრაზდებაო,” – უთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასასრულს. “ვაშინგტონ ტაიმსის” კორესპონდენტი სტატიაში მიმოიხილავს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის გამწვავების მიზეზებს – ახსენებს ჯაშუშების სკანდალს, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ სანქციებსა და რუსეთის ფედერაციაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა შევიწროებას. დევიდ სენდსი 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ ამ წერილში დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხს და აღნიშნავს: თუ თბილისი გაზრდილი საფასურის გადახდაზე არ დათანხმდება, ახალი წლიდან შეიძლება რუსეთმა საქართველოს გაზი გადაუკეტოსო. სტატიის თანახმად, შეერთებულ შტატებში შემდგარი ვიზიტის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელს უთქვამს, რომ ვაშინგტონში კარგად ესმით ის სირთულეები, რომლებიც საქართველოს “გაზპრომთან” ურთიერთობაში ექმნება. “ვაშინგტონ ტაიმსის” კორესპონდენტი მკითხველს აუწყებს, რომ საქართველო გაზის ალტერნატიულ წყაროებად აზერბაიჯანს, თურქეთს და ირანს განიხილავს. დევიდ სენდსი ერაყში მიმდინარე ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობაზეც წერს – აღნიშნავს, რომ საქართველოს იქ 800 ჯარისკაცი ჰყავს წარგზავნილი, რაც, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, შეერთებული შტატების მოკავშირეებს შორის სიდიდით მეორე წვლილია ამ ოპერაციაში. დევიდ სენდს მოჰყავს ნოღაიდელის სიტყვები: ერაყის საკითხის ირგვლივ შეერთებულ შტატებში მიმდინარე დისკუსიას თვალს ინტენსიურად ვადევნებთ, მაგრამ, სხვა მოკავშირეების მსგავსად, ერაყიდან ჯარების გაყვანას ჯერჯერობით არ ვაპირებთო..

“საქართველო როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების, ისე ახალი კონსტიტუციის მიღებას გეგმავს” – 22 დეკემბერს ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია საინტერნეტო გამოცემა “Eurasia View”-მ. “საქართველოს მმართველმა პარტიამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი კონსტიტუციის ახლით შეცვლას აპირებს. ეს განცხადება კი ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში ორი საკამათო ცვლილების შეტანის მცდელობას დაემთხვა,” – ასე იწყებს თავის წერილს საინტერნეტო გამოცემის კორესპონდენტი მოლი კორსო და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ახალი კონსტიტუციის მიღების გეგმაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. წერილში მოყვანილია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის სიტყვები: მთავრობა ამ დოკუმენტზე მუშაობას 2007 წელს შეუდგება, ვინაიდან ამჟამინდელი კონსტიტუცია, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს, დღევანდელ რეალობას არ შეეფერებაო.

მოლი კორსო აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად შეხვდა. თუ მთავრობას ახალი კონსტიტუციის მიღება აქვს განზრახული, მაშინ მოქმედ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა აზრს კარგავსო, უთქვამს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილს.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შეიტანაო, – აღნიშნავს კორსო და ამატებს, რომ, გავრცელებული აზრით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 2004 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ცვლილები იყო, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა პრეზიდენტის უფლებები. ამ ეტაპზე დაგეგმილ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით “Eurasia View”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვები, რომ მმართველი პარტიის მხრიდან კონსტიტუციაში შეტანილი ხშირი ცვლილებები საკუთრივ კონსტიტუციის მნიშვნელობას აკნინებს, რაც განვითარებულ საზოგადოებას არ შეეფერება.

“Eurasia View”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ინიცირებული ცვლილებები ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად გამართვას. პრეზიდენტი მოსამართლეებს აღარ დანიშნავს და არც იუსტიციის საბჭოს უხელმძღვანელებსო, აღნიშნავს მოლი კორსო.

“Eurasia View”-ს კორესპონდენტი იმ ვარაუდსაც ეხება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად გამართვის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 2008 წელს რუსეთში დანიშნულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა. სხვა ქვეყანაში დანიშნულმა არჩევნებმა საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა შეაცვლევინოს – ეს გახლავთ მთავარი კრიტიკული მოსაზრება, რომელსაც იურისტთა ერთი ნაწილი და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები გამოთქვამენო, აღნიშნავს მოლი კორსო “Eurasia View”-ში 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG