Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ბორის ბერეზოვსკისთან: “რუსეთს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავს”


ბრიტანეთში ემიგრირებულმა

რუსმა მულტიმილიონერმა, ბორის ბერეზოვსკიმ, რამდენიმე დღის წინ, შეიძლება ითქვას, რომ სენსაციურ განცხადება გააკეთა ბრიტანეთის ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში. შეგახსენებთ: გაზეთ “გარდიანის” ცნობით, ბერეზოვსკი მიზანშეწონილად მიიჩნევს ძალის გამოყენებას რუსეთის ხელისუფლების დასამხობად.

“გარდიანის” პუბლიკაციას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრიტანეთს ბერეზოვსკის ექსტრადიციისაკენ მოუწოდა; ძალადობისაკენ მოწოდება დაგმო თვით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგარეტ ბეკეტმაც; რუსეთში პოლიტიკურმა ოპოზიციამ, ალიანსმა “სხვა რუსეთმა”, რომელმაც, როგორც ცნობილია, შაბათ-კვირას საპროტესტო აქციები გამართა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ასევე გააკრიტიკა ბერეზოვსკის მოწოდება ძალის გამოყენებისაკენ.

ჩვენმა რადიომ კი უწინარეს ყოვლისა იმის გარკვევა სცადა, კონკრეტულად რა იგულისხმა გავლენიანმა რუსმა ემიგრანტმა. საამისოდ ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტმა მიხაილ სოკოლოვმა ლონდონში დაურეკა ბორის ბერეზოვსკის და მას რამდენიმე შეკითხვით მიმართა - უწინარეს ყოვლისა, შემდეგი შეკითხვით: რამდენად სწორად იყო გარდიანში ასახული ის, რაც გაზეთს ბერეზოვსკიმ უთხრა?

[ბერეზოვსკის ხმა] “მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ ინგლისურს გაცილებით უფრო უარესად ვფლობ, ვიდრე რუსულს, და როცა ვახსენებდი სიტყვას “force”, ვგულისხმობდი ხელისუფლებაში მოსვლას ძალის გამოყენებით. შეფასებაზე, რომელიც ამ წელიწადნახევარზე მეტი ხნის წინ მაქვს გამოთქმული, არც ახლა ვამბობ უარს - მე მართლა მგონია, რომ რუსეთს მართავს დანაშაულებრივი რეჟიმი და მგონია, რომ არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა ამ რეჟიმის შესაცვლელად ისეთი დემოკრატიული პროცედურების მეშვეობით, როგორიც არის, მაგალითად, არჩევნები”.

ჩვენი კოლეგის, ალბათ, მთავარ შეკითხვაზე, რას გულისხმობს “ძალის გამოყენებით” ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრისას, ბორის ბერეზოვსკი შემდეგ პასუხს იძლევა: [ბერეზოვსკის ხმა] “ის, რაც მოხდა უკრაინაში, რაც მოხდა საქართველოში - არის ხელისუფლებაში ძალის გამოყენებით მოსვლის, ჩემი გაგებით, ტიპური მაგალითი. როცა ქუჩამ, მოედანმა მოახდინა ზეწოლა ხელისუფლებაზე, ძალისმიერი ზეწოლა ხელისუფლებაზე რეჟიმის შესაცვლელად. და მეტიც - მინდა აღვნიშნო, რომ ამ პრეზიდენტმა, რომელსაც დღეს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია - პუტინს ვგულისხმობ - ამ არალეგიტიმურმა პრეზიდენტმაც კი აღიარა საქართველოში მომხდარის კანონიერება და სააკაშვილს მიულოცა, რომ ის პრეზიდენტი გახდა”.

იგივე ეხება უკრაინას, განაგრძობს ბერეზოვსკი ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში: 2004 წელს ვლადიმირ პუტინმა არჩევნებში გამარჯვება ჯერ ორჯერ მიულოცა ვიქტორ იანუკოვიჩს, მაგრამ ბოლოს, მაინც მოუწია რა ნარინჯისფერი რევოლუციის გამარჯვების აღიარება, პრეზიდენტობა მიულოცა იანუკოვიჩის მეტოქეს, იუშჩენკოს.

რაც შეეხება რუსეთს, ვარდების რევოლუციის, ან ნარინჯისფერი რევოლუციის მასშტაბის საპროტესტო აქციები იქ ძნელი წარმოსადგენია, თუ გავითვალისწინებთ, რა მოხდა გასულ შაბათ-კვირას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. შაბათს მოსკოვში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მისულ 1500-მდე დემონსტრანტს 6-ჯერ მეტი, 9000-მდე პოლიციელი დაუპირისპირდა...

[ბერეზოვსკის ხმა] “პარანოიაა! ნიჟნი ნოვგოროდში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე (24 მარტს) რამდენიმე ასეული მონაწილე იყო მისული, ხელისუფლება კი 20 000 ათასი ომონელით, პოლიციელით და ა.შ. იყო წარმოდგენილი. ეს პარანოიაა! მათ ეშინიათ. პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება სულელია. მათ არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, რომ დაუშვან თავიანთთვის მოულოდნელი მოვლენები. მათ ეშინიათ ნებისმიერი მოვლენისა, რომელიც თვითონვე არა აქვთ ორგანიზებული”.

ხელისუფალთ რომ ეშინიათ, ამ შეფასების დასასაბუთებლად ბორის ბერეზოვსკი კიდევ ერთ არგუმენტს იშველიებს - ხელისუფლების მწვავე რეაქციას “გარდიანთან” ბერეზოვსკის ინტერვიუზე. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაახლა ბრიტანეთიდან ბერეზოვსკის ექსტრადიციის მოთხოვნა. გენერალურ პროკურორ იური ჩაიკას განცხადებით, მან ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც ითხოვს რუსეთისთვის ბერეზოვსკის გადაცემას და მისთვის ბრიტანეთში მინიჭებული პოლიტიკური თავშესაფრის გაუქმებას.

“სკოტლენდ იარდის” პრეს-მდივნის განცხადებით, პოლიცია იძიებს, დაარღვია თუ არა ბორის ბერეზოვსკიმ ბრიტანეთის კანონები, როცა გამოვიდა მოწოდებით პოლიტიკურ დაპირისპირებაში ძალის გამოყენებისაკენ.
XS
SM
MD
LG