Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზაში მოიყრის თავს


19 აპრილს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.

საინფორმაციო ბაზა, რომელიც სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, კულტურული მემკვიდრეობის მართვის, ინფორმაციის გაცვლისა და კავშირების დამყარების საშუალებას იძლევა. საინტერესოა, ვინ და როგორ აღრიცხავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების შეხედულებები იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა არის საკითხები, რომელთა შესახებაც პოლიტიკური ოპონენტები არ დავობენ. ვგულისხმობ კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვას, რომლის ეფექტიანობაში კონსერვატორული პარტიის ლიდერებმა ეჭვი შეიტანეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ირწმუნება, რომ ეს ეჭვი უსაფუძვლოა:

[დავით ბაქრაძის ხმა] „არავინ არ აპირებს საქართველოს ტერიტორიის არც ერთი კვადრატული მეტრის გაჩუქებას, მით უმეტეს, ისეთი ისტორიული და კულტურული ძეგლისას, როგორიც არის დავით გარეჯი.“

დეპუტატების გარდა, დავით გარეჯისა და საქართველოს სხვა სულიერი თუ მატერიალური კულტურის ძეგლების დაცვაზე კულტურის სამინისტროც ზრუნავს. "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემის ინოვაციური რეორგანიზაცია და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა" - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა, დაფინანსება კი გაეროს განვითარების პროგრამამ იტვირთა. კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ საქართველო კულტურული მემკვიდრეობის რესურსების მართვის თანამედროვე სისტემით აღიჭურვა:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] „ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნებისმიერ მოვლენაზე, ძეგლზე, კითხვაზე ნახოს პასუხი. შეგეძლებათ არმაზის ბილინგვიდან გახვიდეთ იმ ძეგლზე სადაც თავის დროზე იპოვეს, ნახოთ მცხეთის ანტიკური ხანის არქეოლოგია, ნახოთ სვეტიცხოვლის ფასადები, ნახოთ რეგიონალური სიძველეები და ასე შემდეგ.“

ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, კულტურის სამინისტროს ერთიანი მონაცემთა ბაზა გაეროს განვითარების პროგრამის 100 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში იქმნება. საინფორმაციო სისტემა ათასობით მოძრავი და უძრავი კულტურული ძეგლის, მუზეუმისა და დაცული ზონის შესახებ ინფორმაციას მოუყრის თავს:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] „წელს ვიწყებთ სისტემის ინფორმაციით შევსებას და ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი, იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება, სარესტავრაციო პროცესი და ჩარევა უნდა იყოს ასახული ამ საინფორმაციო სისტემაში. ანუ ინფორმაციის შეყვანის პროცესს ბოლო არა აქვს. ეს არის ცივილიზებული სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი გამოვლინება, რომ მას აქვს გამოკრისტალებული საინფორმაციო სისტემა.“

კულტურის სამინისტროს მესვეურების გარდა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში რობერტ უოტკინსმა, რომელმაც კულტურის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე გამოთქვა იმედი, რომ, ახალი საინფორმაციო სისტემის წყალობით, საქართველოს კულტურული მემკივიდრეობა ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვისაც.






  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG