Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური უმცირესობები ახლა ბოდიშს არა დეპუტატ ჯუღელისგან, არამედ პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერისგან ელიან


ეთნიკური უმცირესობების საკითხი ყველა სახელმწიფოში ძალიან მგრძნობიარეა. საკითხის ასეთ ხასიათს, ალბათ, ის განაპირობებს, რომ ეთნიკური უმცირესობის,

როგორც ნებისმიერი უმცირესობის, წარმომადგენლებს იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თავი კომფორტულად იგრძნონ, სჭირდებათ თავიანთი უფლებების უზრუნველყოფა მეტად, ვიდრე კონკრეტული ქვეყნის სხვა მოქალაქეებს. ბანალურ ფრაზად იქცა “ქართველები ტოლერანტები ვართ” – როგორც ჩანს, არასაკმარისად, რადგან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შეშფოთების საბაბი მიეცათ და ეს საბაბი არ მოდის არც მეზობელი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსა და არც რიგითი მოქალაქისგან. საბაბი პარლამენტის წევრის სატელევიზიო განცხადება გახლდათ.

დეპუტატმა ბესო ჯუღელმა თბილისის ისტორიულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოსაკრებლის თემაზე პირდაპირ ტელეეთერში საუბრისას, როცა ცდილობდა მოსაკრებლის დაწესების აუცილებლობა დაემტკიცებინა, წარუმატებლად იხუმრა. მან განაცხადა - “არ არის აუცილებელი მიკირტუმამ სულ სოლოლაკში იცხოვროსო”. დეპუტატს უნდოდა ეთქვა, თუ ქალაქის ისტორიულ, პრესტიჟულ უბანში ცხოვრება გინდა, მისი რეაბილიტაციისთვის თანხის გადახდაც უნდა შეძლოო, რაც ცალკე სადავო რამ გახლავთ დღევანდელ საქართველოში. ანუ ცალკე სამსჯელოა, რამდენად სწორია ასე მოულოდნელად მოსაკრებლის დაწესება მოსახლეობისთვის, რომელსაც ბუნებრივი აირის - და არა მხოლოდ ბუნებრივი აირის - საფასური მნიშვნელოვნად გაუზარდეს და სანაცვლოდ არავითარ დახმარებას არ სთავაზობენ. ჯუღელის გამოთქმის მეორე მხარე – ე.წ. “იუმორისტული” - გახლდათ ის, რამაც აღაშფოთა თბილისში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები, რადგან “მიკირტუმა” სწორედ ეთნიკური უმცირესობის სინონიმად იყო აღქმული. სომხური უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, არნოლდ სტეფანიან, დღეს ამბობს:

[სტეფანიანის ხმა] “დღევანდელ დღიდან დაწყებული, ბესო ჯუღელისთვის “მკრტუმი” არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი მეზობელი ან ეთნიკურად სომეხი. დღევანდელი დღიდან ბესო ჯუღელისთვის “მკრტუმი” იქნება ყველა ნორმალური მოქალაქე, ყველა თბილისელი და ყველა საღად მოაზროვნე საქართველოში.”

არნოლდ სტეფანიანმა ეს მითხრა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” ოფისში პარასკევ საღამოს გაიმართა და რომელზეც დეპუტატ ჯუღელის მისვლას ელოდნენ. როგორც შეკრების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, უმრავლესობის წარმომადგენლის სტუმრობა მისივე ინიციატივა იყო, რომელიც მათ დეპუტატმა ვან ბაიბურთმა გააცნო, თუმცა შეკრებაზე, ჟურნალისტების გარდა, სტუმარი არავინ მისულა. საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” აღმასრულებელმა აგიტ მირზოევმა განაცხადა, რომ ეროვნული უმცირესობები არა მხოლოდ დეპუტატისგან, არამედ ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერისგანაც ელოდებიან ჯუღელის განცხადების დაგმობას:

[მირზოევის ხმა] “ჩვენ კვლავაც ველოდებით რეაგირებას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მხრიდან. ისევ და ისევ მივმართავთ მათ თხოვნით, რათა მკაცრად შეფასდეს მისი სკანდალური განცხადება, რომელსაც ჰქონდა ადგილი არაერთი მასმედიის საშუალებით.”

ოსური სათვისტომოს ხელმძღვანელმა თენგიზ გაგლოევმა საქართველოს ხელისუფლებას მის მიერვე რატიფიცირებული ერთი საერთაშორისო დოკუმენტი შეახსენა:

[გაგლოევის ხმა] “საქართველო აშენებს ახალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. საქართველოს პარლამენტმა მოახდინა “ეროვნულ უმცირესობათა შესახებ ჩარჩო კონვენციის” რატიფიკაცია. ბესო ჯუღელის განცხადება არის ამ კონვენციის აბსოლუტური დარღვევა.”

გაცილებით პრინციპული გახლდათ საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგის” პრეზიდენტი გარი აუქსტი:

[აუქსტის ხმა] “ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი გამოთქმები... ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი გამოთქმა იქნებოდა ადამიანის კარიერის დასასრული.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG