Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისათვის პრეზიდენტს მიმართავს


დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისთვის

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის 21–ე მუხლის თანახმად, თუკი ომბუდსმენის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია, იგი უფლებამოსილია დახმარებისათვის პრეზიდენტსაც მიმართოს. სოზარ სუბარმა კანონის ამ მუხლით პირველად ისარგებლა.

სახალხო დამცველად მუშაობის მესამე წელს სოზარ სუბარმა პირველად გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, რაც განპირობებული იყო აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახის ღია ცის ქვეშ დარჩენის ერთ–ერთი ბოლო ფაქტით. თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, 24 აპრილის ღამით სპეცავტომეურნეობის შენობიდან გამოსახლებული დევნილები კვლავ უბინაოდ არიან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ჯერჯერობით უძლურია დევნილებთან მოლაპარაკებები წარმატებულად აწარმოოს, მათი პირობები დააკმაყოფილოს და ღია ცის ქვეშ დარჩენილთა ღირსეული დასახლება უზრუნველყოს. სამინისტრომ დევნილებს ალტერნატიული ფართი ჯიქიას ქუჩაზე გამოუყო, მზადაა ახალი საცხოვრებლის სარემონტო თანხაც გაიღოს, რემონტის დასრულებამდე კი ბინის დასაქირავებლად თითოელ ოჯახს 250 ლარი გადაუხადოს, თუმცა...

[დევნილის ხმა]“ფული უნდა ჩაერიცხათ 8 ოჯახზე, ჩაგვირიცხეს 5 ოჯახზე. ეს არ გვყოფნის ფიზიკურად. არ ეყოფა ხალხს. ისიც, ერთი თვის ფულია ჩარიცხული და ვერავინ ვერ შეგვიშვებს ერთი თვით ბინაში საქირაოდ. მოვიდეს ჩვენთან და გაიზიაროს ჩვენი წუხილი ჩვენმა პრეზიდენტმა.“

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განმარტებით, ვაზისუბნის დასახლებაში შანდორ პეტეფის 15 ნომერზე მხოლოდ 5 ოჯახია რეგისტრირებული. სწორედ ამით აიხსნება თანხის მხოლოდ ხუთი ოჯახისთის გადარიცხვა. შესაბამისად, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დევნილთა ანგარიშზე დაპირებული 2000 ლარის ნაცვლად მხოლოდ 1250 ლარი ჩაირიცხა.

ქვეყნის პრეზიდენტთან საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს უპასუხისმგებლობისა და უუნარობის სამხილებლად სპეცავტომეურნეობის შენობიდან გამოსახლებული დევნილების საქმე სახალხო დამცველისთვის მხოლოდ საბაბია, მიზეზი კი სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ომბუდსმენის აპარატში უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში შესული 400–მდე დევნილის განცხადებაა.

[სოზარ სუბარის ხმა]“როდესაც სამინისტრო ითხოვს, რომ სოფელ პირველ გალში მცხოვრები 104 წლის მოქალაქე იმისთვის, რომ მან მიიღოს დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პირადად ჩამოვიდეს თბილისში, სამინისტროში, და სხვანაირად ვერ ახერხებენ, რომ ამ ადამიანს სხვანაირად დახმარება აღმოუჩინონ, ეს არის არასწორი და არაეფექტური მენეჯმენტის პირდაპირი შედეგი. როდესაც გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას მკვიდრი 4 შვილის დედა, პედაგოგი, 4–ჯერ ჩამოიყვანეს თბილისში და ვერ უზრუნველყვეს, რომ მისთვის გადაეცათ დევნილის მოწმობა, ეს არის ასევე არასწორი და არაეფექტური მმართველობის პირდაპირი დამადასტურებელი.“ (სტილი დაცულია)

ამბობს სახალხო დამცველი, რომელიც განსაკუთრებით შეშფოთებულია გალის რაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებისადმი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიდგომით. ამ პრობლემებს 30 აპრილს უკვე თბილისში - ქერჩის ქუჩაზე - მცხოვრებთა - და, საერთოდ, დევნილთა -კიდევ ერთი საყოფაცხოვრებო პრობლემაც დაერთო – კერძოდ, ქერჩის ქუჩაზე, პოლიციის აკადემიასთან მდებარე შენობაში, წვიმის შედეგად, ჭერი ჩაინგრა და შენობის მობინადრე დევნილებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათიეს.

„ბატონო პრეზიდენტო!

მოგმართავთ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის უზენაეს გარანტს, რათა თითოეული დევნილის უფლება იყოს დაცული და ყოველ მათგანს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ჰქონდეს რწმენა, რომ მას და მის უფლებებს იცავს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა.“

ეს არის ნაწყვეტი იმ წერილის დასკვნითი ნაწილიდან, რომელიც სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილს 30 აპრილს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ, სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, გრძელდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პირდაპირი ვალდებულებების უგულებელმყოფელი ქმედებები. წერილს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ არაჯეროვნად განხორციელებული მართვის ამსახველი 58 გვერდიანი დანართი ახლავს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ჯერჯერობით თავს იკავებენ კომენტარისაგან სოზარ სუბარის წერილსა და სამინისტროს არაქმედობაუნარიანობის ბრალდებებთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG