Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ”საქართველოს პარლამენტი მხარდაჭერას გამოუცხადებს ესტონეთს”, - იუწყება დღევანდელი ინტერნეტგამოცემა ”ნიუსრუ”,

რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სიტყვების ციტირებას ახდენს. ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ის, რაც ტალინში ჯარისკაცის ძეგლის ირგვლივ ხდება, ესტონეთის შიდა საქმეა და არავის აქვს უფლება, სახელმწიფოს სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთის რეაქცია საქართველოს პარლამენტის განცხადებაზე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მე კი რუსეთის მედიის იმ პუბლიკაციებს გაგაცნობთ, რომლებიც საქართველოს ეხება.

”საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ დასავლეთის ყურადღება მიიპყროს”, - წერს 7 მაისის ”გაზეტა”, რომელიც, კარგად ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ამ კვირაში მიხეილ სააკაშვილი ქურთაში გამგზავრებას და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ალტერნატიულ პრეზიდენტთან, დიმიტრი სანაკოევთან, შეხვედრისას მის ოფიციალურად აღიარებას გეგმავს. ასეთ შემთხვევაში, გაზეთის ვარაუდით, რუსეთს ცხინვალის ხელისუფლების საპასუხო რეაქციის შერბილება მოუწევს, რადგან, ”თუ ცხინვალი ურთიერთობის გამწვავებაზე წავა, ამით ცუდ სამსახურს გაუწევს რუსეთს, რომელსაც სამარაში დაგეგმილი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ ვითარების დაძაბვა ხელს არ აძლევს.” ”ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების გამძაფრებით მიხეილ სააკაშვილი ევროპელებს შეახსენებს, რომ მხარდაჭერა მარტო ესტონეთს კი არა, საქართველოსაც ესაჭიროება”, - განუცხადა გაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმირ ჟარიხინმა. თუმცა, როგორც გაზეთი შენიშნავს, კონფლიქტის გამწვავების წამგებიანობა ცხინვალის ხელისუფლებამაც კარგად იცის. ცხინვალის ხელისუფლების ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ უკვე განაცხადა, თუ როგორ უპასუხებს ის სანაკოევის აღიარების ფაქტს: ”ჩვენ ქართველების ცირკს ასევე ცირკით გავცემთ პასუხს - ჩავატარებთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს და მოლაპარაკებებსაც მასთან გავმართავთ. კანდიდატიც გვყავს - ერთი მეჯინიბე. ის მუყაითი მშრომელია და მოლაპარაკებებისას მისი ნდობა შესაძლებელი იქნება.” შეგახსენებთ, ასეთი იქნება ცხინვალის ხელისუფლების ლიდერის ედუარდ კოკოითის პასუხი ოფიციალური თბილისის მიერ დიმიტრი სანაკოევის ოფიციალურად აღიარებაზე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.
8 მაისის გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ 7 მაისს განაცხადა, რომ ყველა მოლაპარაკებას წყვეტს თბილისთან. მოლაპარაკებები არ აღდგება, სანამ თბილისი უარს არ განაცხადებს ნებისმიერ კონტაქტზე სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ პრეზიდენტ დიმიტრი სანაკოევთან.

”კომერსანტის” ვარაუდით, ცხინვალის ხელისუფლების პოზიცია ხელსაყრელია მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც მარტის ბოლოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა წამოაყენა. კარგად ინფორმირებული პირების ცნობით, რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტი სამხრეთ ოსეთის ავტომონიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაისის ბოლომდე კი საქართველოს პარლამენტში, ოსური საზოგადოების სახელით, სიტყვით გამოვა დიმიტრი სანაკოევი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ავტომონიის აღდგენის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრებს.

და კიდევ ერთი ცნობა: 8 მაისის გაზეთ ”კრასნაია ზვეზდას” ცნობით, 9 მაისის დღესასწაული საქართველოშიც აღინიშნება - თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ომის 3 ათასი ვეტერანი ფულად დახმარებას მიიღებს. დასაჩუქრდებიან რეგიონში მცხოვრები ომის ვეტერანებიც - სულ საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 11 ათასი მონაწილე ცხოვრობს. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ დიდ სამამულო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 300 ათასი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG