Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა მძიმე კრიზისშია სამარის სამიტის შემდეგაც"


უცხოეთის პრესის მიმოხილვაში დღეს შევეხებით გამოხმაურებას რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე,

რომელიც ვოლგისპირა ქალაქ სამარასთან გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სამიტამდე ხშირად იყო ლაპარაკი უთანხმოებაზე რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში: უთანხმოების გამომწვევ საკითხებს შორის არის პოლონეთის ხორცპროდუქტების რუსეთში იმპორტის აკრძალვა, ესტონეთში საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლთან დაკავშირებული მოვლენები, კოსოვოს მომავალი სტატუსი, ოპოზიციის შეზღუდვა რუსეთში. სამარის სამიტზე ამ უთანხმოებათა მოგვარება ვერ შეძლესო - ერთხმად დაასკვნიან უცხოეთის პრესაში.

შვეიცარიის გაზეთ “ტაგესანცაიგერში” ვკითხულობთ:

“ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა მძიმე კრიზისშია სამარის სამიტის შემდეგაც. დაძაბულობაში ბრალი უმეტესწილად მოსკოვს მიუძღვის. ნავთობმა და გაზმა რუსეთის ხელსიუფლებას მეტისმეტად ბევრი ფული და კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შესძინა. ახლა მას მიაჩნია, რომ დადგა დრო, საგარეო პოლიტიკური ინტერესები დაიცვას. ამაში თავისთავად დასაგმობი არაფერია. მაგრამ პრობლემაა მეთოდები, რომელთაც კრემლი მიმართავს - ეკონომიკურ ბოიკოტს, ბრბოს დემონსტრაციებს უცხოეთის საელჩოებთან და აგრესიულ რიტორიკას - 21-ე საუკუნის ევროპაში არაფერი ესაქმება.”

ავსტრიაში გამომავალ გაზეთ “პრესეში” კი გამოთქმულია შეფასება, რომ ევროკავშირს და რუსეთს შორის ამჟამინდელი პრობლემებისთვის პასუხისმგებლობა, უწინარეს ყოვლისა, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს ეკისრება. მას, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ კანცლერობის პერიოდში, ახლო მეგობრობა აკავშირდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელიც შრიოდერს “კრისტალურ დემოკრატადაც” კი ჰყავს მოხსენიებული. ავტრიის გაზეთ “პრესეს” კომენტარში ვკითხულობთ:

“ევროპა ამჟამად რომ სრულიად უსუსურია რუსეთის ობსტრუქციული პოლიტიკის წინაშე, ამას უნდა ვუმადლოდეთ გერჰარდ შრიოდერს და ევროპული პროექტის კიდევ ორ მესაფლავეს: ჟაკ შირაკსა და სილვიო ბერლუსკონის. შრიოდერი მალე გამოაშკარავადა რუსეთის ნავთობმრეწველობის სამსახურში მდგომ მაღალანაზღაურებად აგენტად. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ, მის გარდა, პუტინის მეგობრებად თავი მოჰქონდათ მაინცდამაინც იმ ლიდერებს, რომლებიც თავიანთ არაკომპეტენტურობას ეკონომიკურ პოლიტიკაში - მონარქის პოზებით ანაზღაურებდნენ”.

ასე, ეკონომიკის სფეროში არაკომპეტენტურ და თან “მონარქის პოზით თავმომწონე” პოლიტიკოსებად მოიხსენიებს ავსტრიის გაზეთი “პრესე” იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისა და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ჟაკ შირაკს.

ჟაკ შირაკის გვარს წაიკითხავთ კომენტარშიც, რომელსაც პოლონეთში გამომავალი ყოველდღიური “ჟეჩპოსპოლიტა” ბეჭდავს.

“სამარამ აჩვენა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას აქვს უნარი, რუსეთს უფრო მკაცრი ტონით ელაპარაკოს, ვიდრე აქამდე ელაპარაკებოდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაროზუმ სავსებით გასაგებად თქვა, რომ პოლონეთის და ესტონეთის პრობლემები - მთელი ევროკავშირის პრობელმებია. კანცლერ მერკელს კი არ დაუმალავს, რას ფიქრობს რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი დამოკიდებულებაზე. ასეთი კრიტიკის მოსმენის შემდეგ პუტინი, მართალია, არ დაბნეულა, მაგრამ ნამდვილად აღარ იყო ისეთი თავდაჯერებული, როგორც ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ, როცა ის, შრიოდერი და შირაკი ერთმანეთს მეგობრულად მხრებზე ხელებს უთათუნებდნენ”.

“რუსეთში ქალაქ სამარასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლიდერებს დაძაბულობა ეტყობოდათ, ისინი ერთმანეთისთვის თვალის გასწორებას გაურბოდნენ,” - ამ შთაბეჭდილებას ლონდონში გამომავალ გაზეთ “გარდიანის” კორესპონდენტი უზიარებს მკითხველებს.
XS
SM
MD
LG