Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვიან ტუბერკულოზს საქართველოში?


ტუბერკულოზის პრობლემა კვლავ აქტუალურია საქართველოში, სადაც, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად 6 ათასამდე ადამიანი ავადდება,

ხოლო 190 სიცოცხლეს ასრულებს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, თუ მკურნალობის სათანადო კურსს არ იტარებს, სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ოჯახის წევრებს, ირგვლივ მყოფებსა და მთელ საზოგადოებას. არადა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საჭირო მედიკამენტები უფასოა. როგორ ებრძვიან ტუბერკულოზს საქართველოში?

ცნობილია, რომ ტუბერკულოზი აირ-წვეთოვანი გზით ვრცელდება - იმისათვის, რომ ადამიანი დაავადდეს, საკმარისია შეისუნთქოს ჰაერი, რომელშიც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იმყოფება. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ სალაყაია ამბობს, რომ ტუბერკულოზის ავადობა მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც ინერტულობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ანუ ვერ ხერხდება ტუბურკულოზის გავრცელების მყისიერი შეჩერება:

[არჩილ სალაყაიას ხმა] „ერთბაშად არც არის მოსალოდნელი, რომ დაიკლოს, იმიტომ რომ ინფექციის რაღაც დონე საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს. ზოგადად ცნობილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი ინფიცირებულია ტუბერკულოზის მიკრობაქტერიით. ასევეა ჩვენს ქვეყანაშიც. ამიტომ წლები სჭირდება ამ ინფიცირების დონის დაკლებას, მაგრამ მთავარი ამოცანა ორ რამეში მდგომარეობს: დაავადების გამოვლენასა და შედეგიან მკურნალობაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს მკურნალობა.“

იმისათვის, რომ მკურნალობა არ შეწყვიტოს, არჩილ სალაყაიას თქმით, დაავადებული ადამიანი უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ტუბერკულოზის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ტუბერკულოზი არ არის გრიპის გართულებული ფორმა და რომ ამ დაავადების დასამარცხებლად რეგულარული მკურნალობაა საჭირო. „სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ნასიძე კი ამბობს, რომ მხოლოდ მედიკოსები ტუბერკულოზის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებიან:

[ნიკოლოზ ნასიძის ხმა] „ტუბერკულოზის კონტროლის წარმატებით განხორციელება მხოლოდ სამედიცინო სამსახურს არ შეუძლია. მას სჭირდება თანადგომა საზოგადოების ყველა წევრისა და სტრუქტურის მხრიდან. ტუბერკულოზის დაძლევის საქმეში ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება სახელმწიფოს და ხელისუფლებას, ხოლო მედიაც, მოგეხსენებათ, არის ხელისუფლების ნაწილი და ამიტომ მას შეუძლია ყველაზე კარგად მოახდინოს საზოგადოების კონცენტრაცია და მობილიზაცია.“

ნიკოლოზ ნასიძის თქმით, სწორედ მედიამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოება ისეთი ობიექტური ინფორმაციით, რომელიც მას მთავარი ხელისშემშლელის, სტიგმის, აღმოფხვრაში დაეხმარება. მედიამ უნდა აჩვენოს, რომ ტუბერკულოზი უდავოდ საშიში, მაგრამ განკურნებადი დაავადებაა. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში მედიის როლის გაზრდის მიზნით „სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციამ“ და ფონდმა „ინტერნიუსმა“ ჟურნალისტებისთვის კონკურსიც კი გამოაცხადა.
პროექტის მენეჯერის დავით მაკარიძის კომენტარი:

[დავით მაკარიძის ხმა] „ამ კონკურსში ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გამოვავლენთ საუკეთესო საგაზეთო სტატიას, რადიოსიუჟეტს, ტელერეპორტაჟს... რეალურად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. არსებობს გარკვეული წარმოდგენები საზოგადოებაში ტუბერკულოზით დაავადებულთა შესახებ. არის რეგიონები, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულთა შთამომავლებიც კი გარიყულები არიან საზოგადოებიდან და მათ არ შეუძლიათ გათხოვება ან ცოლის მოყვანა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს, მართლაც, სერიოზული პრობლემაა და საჭიროა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.“

გარდა ამისა, საზოგადოებამ ასევე უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ტუბერკულოზი მხოლოდ ერთი ადამიანის ჯანმრთელობას არ ემუქრება. განსაკუთრებით სახიფათოა მრავლობითი რეზისტენტობის ტუბერკულოზი, რომელიც ჩნდება იმ შემთხვევებში, როცა ჩვეულებრივ ტუბერკულოზს არასაკმარისად მკურნალობენ. პაციენტებმა, წესით, რამდენიმე თვე უნდა მიიღონ ანტიბიოტიკები და არ დაარღვიონ რეჟიმი. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის არჩილ სალაყაიას თქმით, ექიმის რჩევების გათვალისწინებით, დაავადება, როგორც წესი, მარცხდება:

[არჩილ სალაყაიას ხმა] „ტუბერკულოზი განკურნებადია. უფრო რთული სამკურნალოა რეზისტენტული ტუბერკულოზი, ზოგიერთი ფორმა შეიძლება არ განიკურნოს, მაგრამ უდიდეს შემთხვევაში ტუბერკულოზი სწორი მკურნალობით იკურნება ისე, რომ ადამიანი პარქტიკულად მთელი ცხოვრება ჯანმრთელი იქნება.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG