Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთისა საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ ინფორმაციას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 25 ივნისის გაზეთ ”კომერსანტის” პუბლიკაციამ, რომლის ავტორიც, საქართველოს ხელისუფლების კარგად ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, წერდა,

სტამბულის შეხვედრისას ქართული მხარე რუსეთს, კოკოითის ხელისუფლებასთან ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლოდ, დათმობებს შესთავაზებსო, საქართველოშიც და რუსეთშიც ინტერესი გამოიწვია. თუმცა იმავე დღეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ”კომერსანტის” ეს ინფორმაცია უარყვეს. რუსეთის პრესის ბოლო დღეების რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

26 ივნისის ”ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, თბილისში ფანტაზიის ნაყოფი უწოდეს წინა დღეს გაზეთ ”კომერსანტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქართული მხარე რუსეთს, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ლიდერ ედუარდ კოკოითისთან ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლოდ, მთელ რიგ დათმობებს სთავაზობდა - მათ შორის, მხარდაჭერას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების უვადოდ დატოვებას. როგორც პარლამენტარმა კონსტანტინე გაბაშვილმა ”ნეზავისიმაია გაზეტას” განუცხადა, სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გარკვეულია - რუსი სამხედროების საქართველოდან გასვლის გრაფიკი არსებობს და მათ უკან მობრუნებას არავინ გეგმავს.
”საქართველოსთან შეთანხმების შემთხვევაში, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე გაწევრიანდება”, - წერს 25 ივნისის გაზეთი ”ნოვიე იზვესტია”, რომლის ცნობითაც, რუსეთმა პრობლემები უკვე მოხსნა ვიეტნამსა და კამბოჯასთან. დღეისთვის მოუგვარებელია სავაჭრო და პოლიტიკური საკითხები საქართველოსთან, თუმცა რუსი ჩინოვნიკები ამ მხრივ ოპტიმისტურად არიან გამწყობილნი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მაქსიმ მედვედკოვის განმარტებით, ოფიციალური თბილისი ვერ შეძლებს პროცესის კარდინალურად შეცვლას, რადგან ”მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კონსტრუქცია ისეთია, რომ მასში ერთმანეთთან მეომარი ქვეყნებიც კი გაწევრიანებულან.” გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ ოფიციალური თბილისი მოითხოვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბაჟო პუნქტების გახსნას. ამავე დროს, აქცენტი კეთდება პრობლემის ეკონომიკურ და არა პოლიტიკურ მხარეზე.

ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ ქართული თემა რუსეთის პრესის ფურცლებზე იშვიათობად იქცა. გამორიცხული არ არის, ეს იმ ახალი საინფორმაციო პოლიტიკის შედეგი იყოს, რომლის თაობაზეც ამ ორიოდე კვირის წინ პოლიტიკისა და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ერთაშორისი პრობლემების განყოფილების ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი სტატიაში, სათაურით ”რუსეთი-საქართველო - რეალიზმის გზაზე”, წერდა: ”აუცილებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაირკვეს. პირველი - 2006 წელს მოსკოვმა გადაჭარბებით შეაფასა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. მეორე - მოსკოვმა ვერ განსაზღვრა, რომ ურთიერთობები ასიმეტრიულად ვითარდება - კერძოდ, ის, რაც რუსეთისთვის მეოცეხარისხოვანია, საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. დასკვნა ასეთია: რუსეთმა უფრო რეალისტური პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს საქართველოს მიმართ. არ არის აუცილებელი ოფიციალური თბილისის ინიციატივებზე რეაგირება. ხანდახან პაუზის გაკეთებაა საჭირო. დროა, მოსკოვი მიხვდეს, რომ საქართველო პრორუსული ვერასდროს გახდება. ამიტომ აუცილებელია შესაძლო თანამშრომლობის სფეროების შენარჩუნება და იმ ზღვარის დადგენა, რომლის იქითაც რუსეთი არასდროს წავა. მართალია, რუსეთი ვერ შეძლებს, ასე ვთქვათ, ქართული ბანკის ”მოხსნას”, მაგრამ თავისი პროცენტის მიღებას შეძლებს. და მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი იქნება ეს პროცენტი.”
XS
SM
MD
LG