Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხილავი ფარდა


აშშ-ში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატები მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხებენ

(სიმღერა-შეკითხვის ხმა)

ეს ის სიმღერა-შეკითხვაა, რომელიც ამერიკის ერთმა მოქალაქემ, ვირჯინიელმა რემიმ, დაუსვა დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატებს. ამგვარი კითხვა-პასუხების ცოცხალი ეთერი CNN-მა მოაწყო. საინტერნეტო გვერდის “You Tube”-ის საშუალებით ყველა მოქალაქეს შეეძლო გამოექვეყნებინა შეკითხვა, სულ დიდი, 30 წამის ხანგძლივობისა, მაგრამ, სამაგიეროდ, ნებისმიერ თემაზე. შემდეგ კი ერთად შეკრებილი დემოკრატი კანდიდატები ამ შეკითხვებს უპასუხებდნენ. ეს სიმღერა-შეკითხვა, რომელიც ნაწილობრივ მოისმინეთ, გადასახადებს შეეხებოდა, გადასახადებს, რომელიც ყველაფერზეა დაწესებული და შეკითხვაც ასევე თავდებოდა: რას იზამ, პრეზიდენტი რომ გახდები, როგორ დამეხმარებიო. აქვე გეტყვით, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები ასევე ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოშეკითხვებს პასუხს სექტემბრის 17-ში გასცემენ.
შეკითხვების სპექტრი ძალიან ფართო იყო. ისინი შეეხებოდა გლობალურ დათბობას, ჰომოსექსუალთა ქორწინების უფლებას და ერაყიდან ჯარის გაყვანასაც, ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობასა და კანდიდატთა ინდივიდუალურ მახასიათებლებსაც. ასეთი იყო, მაგალითად, შეკითხვა, რომელიც ჰილარი კლინტონს, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მეუღლეს, დაუსვა ერთმა მოქალაქემ.

(““You Tube”-ის” მომხმარებლის ხმა)
“არაბული ქვეყნები, მაჰმადიანი ერები, ქალს მეორეხარისხოვან მოქალაქედ მიიჩნევენ. თუკი აშშ-ის პრეზიდენტი გახდით, როგორ ფიქრობთ, მიგიღებენ ისინი სერიოზულად საუბრების, მოლაპარაკებების დროს ან სხვა დიპლომატიური ხასიათის შეხვედრებისას?”

ჰილარი კლინტონი, რომელიც ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებისას სუვერენიტეტს ამჟღავნებდა, განაცხადა, რვა წელიწადი ვიყავი პირველი ლედი და ამისთვის მზად ვარო:

(კლინტონის ხმა)
“მე მაღალი დონის ბევრი შეხვედრა მქონია პრეზიდენტებსა და პრემიერებთან ერაყში, ავღანეთში, კუვეიტში, პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში. ეჭვი არ მეპარება, რომ სერიოზულად მიმიღებენ.”

შეკითხვები, როგორც გითხარით, მრვალფეროვანი იყო. ეს კალიფორნიელი ბატონი, მაგალითად, ერთი შეხედვით, უცნაურ შეკითხვას სვამს - ამერიკულ ფულს უჩვენებს პრეზიდენტობის კანდიდატებს და მასზე წარწერას უკითხავს: ზემოთ წერია სიტყვა “თავისუფლება”, ქვემოთ კი - “ღმერთისა გვწამს”, ეს ფრაზა თქვენთვის რას ნიშნავსო.

(“You Tube”-ის მომხმარებლის ხმა)

დაინტერესებულ ამერიკელთა შორის, ცხადია, უმცირესობათა წარმომადგენლებიც გამოჩდნენ. ერთმა ჰომოსექსუალმა წყვილმა, ორმა ქალბატონმა, მერიმ და ჯენმა, ნიუ-იორკიდან, ბრუკლინიდან, ერთად იკითხეს:

(მერის ხმა)
“ თუ აგირჩიეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად, მოგვცემთ ნებას დავქორწინდეთ ერთმანეთზე?”

ამ შეკითხვას კატეგორიულად დადებითი პასუხი გასცა პრეზიდენტობის კანდიდატმა კონგრესმენმა დენის კუსინიჩმა, რომელმაც განმარტა: ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია, მამათმავალიც და ლესბოსელიც, ბისექსუალიც და ტრანსვესტიტიც და, შესაბამისად, ყველას აქვს უფლება სამოქალაქო ქორწინებისაო.
დემოკრატ კანდიდატებს შავკანიანმა პირმა ჰკითხა, ხომ არ გეგმავთ აფროამერიკელებს, იმის გამო, რომ აქ მონობა იყო, კომპენსაცია მისცეთო. მათვე მოუწიათ ანიმაციური ფილმის სახით წამოჭრილ პრობლემაზე რეაგირება. თოვლის კაცი კითხულობდა, გლობალური დათბობის გამო ხომ არ დავდნებით, ჩემი შვილი მოახერხებს არსებობასო? ამავე თემას ეხებოდა, ოღონდ სხვა კუთხით, შეკითხვა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ. ის, ვინც თავისი ვიდეოშეკითხვა გამოაქვეყნა საინტერნეტო გვერდზე, ბირთვულ ენერგიას მიიჩნევს მისაღებ წყაროდ და იკითხა, კანდიდატებო, რატომ არაფერს ამბობთ ამაზეო. ყოფილმა სენატორმა ჯონ ედვარდსმა, რომელიც 2004 წლის არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტ ალ-გორის მრჩეველი იყო, ამაზე ცალსახად უპასუხა: მე არ ვარ მომხრე ბირთვული ენერგიისა, რადგან, შორეული თვალსაზრისით, ბირთვული ნარჩენების პრობლემა გადაწყვეტილი არ არისო.

(ედვარდსის ხმა)

ამავე თემასთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონმა თქვა, ამერიკის გზა ინოვაციაა და ამ გზას უნდა დავადგეთ ენერგიის წყაროების სფეროშიო. შეკითხვების ერთი ნაწილი შეეხებოდა ურჩი ქვეყნების - ირანის, კუბის თუ ვენესუელის - პრეზიდენტებთან შეხვედრას. ილინოისელმა სენატორმა ბარაკ ობამამ თქვა, რატომაც არა, ყველას შევხვდებოდი - შეხვედრაზე უარის თქმა მათთვის სულაც არ არის დასჯაო. ჰილარი კლინტონმა ბარაკის პასუხს მიამიტური უწოდა და განაცხადა, არ მსურს ვიყო პროპაგანდის საშუალება, როცა გავარკვევ რისთვის უნდა შევხვდე მათ, მერე გადავწყვეტო.
ცხადია, შეკითხვები დაისვა ომის თემაზეც, ერაყისა და ავღანეთის თემაზეც. ერთმა იკითხა: ვინც დემოკრატები აირჩია შარშან კონგრესში, იმედი ჰქონდა, რომ ერაყში ომი დასრულდებოდა, მაგრამ რა მოხდაო? ოჰაიოელმა კონგრესმენმა დენის კუსინიჩმა განაცხადა, “დემოკრატებმა ამერიკელი ხალხი გააცურესო.” ამავე შინაარსის იყო მეორე კანდიდატის, ყოფილი სენატორის, მაიკ გრეველის, პასუხი შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა რამე უკეთესობისკენ თეთრ სახლში, როცა დემოკრატები სათავეში მოვლენო. მან თქვა, თქვენ ვერავითარ ცვლილებას ვერ იხილავთ, ეს ხალხი თუ იქნა არჩეულიო. გრეველი, რომელსაც მცირე შანსი აქვს გამარჯვებისა, კანდიდატებს შორის ყველაზე პირდაპირი იყო ამ ცოცხალ ეთერში - სიენენის მიერ გადაცემულ დებატებში, რომლის დროსაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა ამერიკელების შეკითხვებს უპასუხეს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები აშშ-ის მოქალაქეთა ამავე გზით - საინტერნეტო გვერდის, “You Tube”-ის” საშუალებით - დასმულ შეკითხვებს 17 სექტემბერს გასცემენ პასუხს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG