Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი მემორანდუმი მიუძღვნეს


საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული რთული ვითარება ამ ბოლო დროს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.

ამის მიზეზი კი ციხეებში არსებული გაუსაძლისი პირობები, ანტისანიტარია და პატიმართა სიკვდილიანობის გახშირებაა. მიმდინარე წლის მანძილზე 52 პატიმარი გარდაიცვალა. პენიტენციურ სისტემაში შექმნილი ვითარების გამო ოპოზიციურმა პარტიებმა სპეციალური მემორანდუმი მოამზადეს, რომელსაც დღეს ეგრეთ წოდებული ”მეხუთე იზოლატორის” წინ მოაწერეს ხელი.

ეგრეთ წორებულ ”მეხუთე იზოლატორთან”, ამჟამად კი ნომერ პირველ სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან, დანიშნულ დროს რესპუბლიკური და ლეიბორისტული პარტიების, მრეწველთა პოლიტიკური ორგანიზაციის, ასევე ”საქართველოს გზის”, პარტია ”თავისუფლებისა” და მოძრაობა ”ჩვენ თვითონის” ლიდერებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს. ისინი ამ დოკუმენტით ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში არსებული რთული ვითარების გამოსწორებას სთხოვენ. პოლიტიკური მოძრაობა ”საქართველოს გზის” ლიდერს სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინოთ:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”პრეტენზია არ გვაქვს, რომ მთლიანად გამოვასწორებთ პენიტენციურ სისტემას. ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა, რომ შეიცვალოს გაუსაძლისი პირობები, რომლებიც არსებობს ამ საპყრობილეში და სხვებში, რომ ადამიანები არ დაიხოცონ ამ ზაფხულს.”

მემორანდუმის კიდევ ერთი ხელმომწერის, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის აზრი:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”გაგვაგებინონ რას აპირებენ სიკვდილიანობის შესამცირებლად, რას აპირებენ იმისათვის, რომ დიზენტერია და სხვა დაავადებები არ იყოს შეუქცევადი პროცესი და შესაძლებლობა გაჩნდეს ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.”(სტილი დაცულია)

მემორანდუმის ხელმომწერი კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი შიშობს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად ციხეებში სიკვდილიანობის რიცხვი გაიზრდება.

ოპოზიციური პარტიების ასეთ განცხადებებზე პასუხი ვთხოვე მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს. იგი აღიარებს, რომ სიკვდილიანობამ, მართლაც, იმატა, თუმცა ციხეებში, ეგრეთ წოდებული ”მეხუთე იზოლატორის” გარდა, ანტისანიტარიისა და გაუსაძლისი პირობების არსებობას არ ადასტურებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”მათი ეს აქტიურობა ამ პერიოდში ცოტა გულწრფელი არ არის, იმიტომ რომ იმ განცხადებებს, რომ ანტისანიტარიაა ციხეებში, ვერ დავეთანხმები. ჩემზე ხშირად არავინ არ დადის კოლონიაში. ორიოდე დღის წინ ავჭალის კოლონიაშიც ვიყავი და უნდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე წერტილი მეხუთე იზოლატორია, სადაც ერთ საწოლზე 4 კაცი მოდის.”(სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძე ირწმუნება, რომ სხვა ციხეებში გაცილებით ნორმალური სანიტარული პირობებია, თუმცა აღიარებს, რომ პენიტენციურ სისტემაში, საერთო ჯამში, მძიმე სიტუაციაა.
XS
SM
MD
LG