Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლებამ ამერიკელ ირანელებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა


ნობელის პრემიის ლაურეატი ირანელი ვექილი შირინ ებადი კმაყოფილია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ 2 პირს ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვების ნება დართო.

საუბარია ირანელ მეცნიერზე, ამჟამად ამერიკის მოქალაქე ჰალე ესფანდიარიზე, და რადიო “თავისუფლების” ირანული სამსახურის კორესპონდენტ ფარნაზ აზიმაზე. თუმცა ებადი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უკანონოდ იდევნებიან.

ნობელის პრემიის ლაურეატის, ირანელი ვექილის შირინ ებადის სიხარული დიდია, თუმცა ის ფიქრობს, რომ ჰალე ესფანდიარისა და ფარნაზ აზიმის ჯერ ციხეში, ხოლო შემდეგ ქვეყნის ფარგლებში გამოკეტვა ირანში მოქმედი კანონების უხეში დარღვევა იყო - მით უმეტეს, რომ მათი დადანაშაულების საფუძველი არასოდეს არსებობდა:

(ებადის ხმა) "მე ორივეს ვექილი ვარ – ჰალე ესფანდიარისაც და ფარნაზ აზიმასიც. საქმეები, რომლებიც მათ წინააღმდეგ იყო მიმართული, იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა კანონს. მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ისინი აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან და ამიტომ სავსებით ბუნებრივია, ქვეყნის დატოვების უფლება რომ მისცეს. თუმცა ისინი თავდებით გაათავისუფლეს და სასამართლო რომ დაინიშნება, ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ ირანში."

ჰალე ესფანდიარის ბრალდება უშიშროების სფეროს უკავშირდება. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ მეცნიერის ქმედებები ირანის სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ იყო მიმართული. ესფანდიარიმ თეირანი ორშაბათს, 3 სექტემბერს, დატოვა. პირველივე შანსი გამოიყენა მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ის ციხიდან გამოუშვეს და ირანის დატოვების უფლება მისცეს.

ქვეყნის დასატოვებლად ასევე პირველივე შანსს ეძებს ფარნაზ აზიმაც, რომელსაც რამდენიმე თვის მანძილზე ირანიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა. მის ბრალდებად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა სახელდება. პრაღის შტაბბინიდან კოლეგას ირანში ტელეფონით დაუკავშირდა რადიო “თავისუფლების" ირანული სამსახური:

(აზიმას ხმა) "მე ვკითხე ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს – გადაწყვეტილია თუ არა ჩემი საქმე. მათ მითხრეს, რომ – არა. ძალაში რჩება თავდების საკითხი, ხოლო ჩემი საქმე ჯერ ისევ ღიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ვექილი უნდა დაუკავშირდეს მათ და უნდა გაიგოს, როდისთვის დაინიშნება სასამართლო პროცესი. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რას გადაწყვეტს დაზვერვის სამინისტრო თუ სასამართლო ჩემს საქმესთან დაკავშირებით."

შირინ ებადის დაცვის ქვეშ მყოფებს ნამდვილად გაუმართლათ. ირანის ციხეში კვლავ რჩება წარმოშობით ირანელი 2 პირი, რომლებიც ასევე ამერიკის მოქალაქეები არიან. კიან ტაჯბახში "ღია საზოგადოების" ინსტიტუტის კონსულტანტია, ხოლო ალი შაკერი - სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი. ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ამერიკელი პოლიტიკოსების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ირანის ხელისუფლება ჯერჯერობით მათ გამოშვებას არ აპირებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG