Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა დაეკისროს თუ არა “ნდობის ჯგუფს” პასუხისმგებლობა ოქრუაშვილის “ცოდვებზე”


პროკურატურამ გასულ კვირაში ბრალდება დაუმძიმა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს . საქმე ეხება მისი თავდაცვის მინისტრობის დროს შესყიდვების კორუფციული სქემის ერთ ეპიზოდს, რომელიც, როგორც პროკურატურა აცხადებს, არ არის ერთადერთი. ამის გამო, გაჩნდა ვარაუდი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს პრეტენზიები, შესაძლოა, გაუჩნდეთ საპარლამენტო “ნდობის ჯგუფთან”, რომლის წევრებს ხელი მიუწვდებოდათ ყველა სახის შესყიდვაზე, რასაც თავდაცვის სამინისტრო 2004-2006 წლებში აწარმოებდა. დღევანდელ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა “ნდობის ჯგუფის” სანდოობაზე გესაუბროთ.


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ერთ თვეზე მეტია უკრაინაშია. ვადამდელი არჩევნების დროს გივი თარგამაძე და სხვა ქართველი დეპუტატები “ცეცხლის ხაზზე” იყვნენ. ისინი არჩევნებს დონეცკში, ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონთა პარტიის მთავარ ბანაკში აკვირდებოდნენ და, პრინციპულობის გამო, იულია ტიმოშენკოს ქებაც დაიმსახურეს. მაგრამ სწორედ ამ დროს ქართულ პრესაში გამოქვეყნდა პუბლიკაციები, რომელშიც საუბარი იყო გივი თარგამაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის მჭიდრო ურთიერთობაზე. კეთდებოდა შორსმიმავალი დასკვნებიც.

”გივი თარგამაძე შეიძლება დაიჭირონ”. - ”გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ბოკერიასა და ლევან რამიშვილის აქტიურ თანამებრძოლს ბოლო დროს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა ოქრუაშვილთან. დღეს უმრავლესობის წევრები ამაზე აღარ საუბრობენ. გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდათ ერთმანეთთან, მით უმეტეს, რომ ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროსაც თარგამაძე თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და მას და მის კომიტეტს სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს. შესაბამისად, თარგამაძეს კარგად უნდა სცოდნოდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თავდაცვის უწყებაში და, მით უმეტეს, თუ იქ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ჰქონდა ადგილი”, - წერს ”რეზონანსი”.

საპარლამენტო ”ნდობის ჯგუფის” “პატიოსნების” მიმართ ქართულ მედიაში ეჭვები სხვა დროსაც გაჩენილა, თუმცა თავად ”ნდობის ჯგუფის” წევრები გადაჭრით უარყოფდნენ სამხედრო უწყებაში სახელმწიფო თანხების ხარჯვის არამიზნობრიობას და ყველაფერს ოპოზიციისა და ვაი-ჟურნალისტების “ავადმყოფურ ფანტაზიებს” აბრალებდნენ. მაგრამ გასულ კვირაში ”ნდობის ჯგუფის” სანდოობა თავად ხელისუფლებამ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს შესყიდული დიდი რაოდენობის (5 მილიონი ერთეული) უვარგისი ტყვია-წამლის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გაავრცელა. რადიო “თავისუფლება” დაუკავშირდა ჯერ კიდევ უკრაინაში მყოფ გივი თარგამაძეს და ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

[გივი თარგამაძე] “მე ერთ თვეზე მეტია, რაც კიევში ვარ და აქედან შეფასება სიტუაციისა ამ შემთხვევაში გამიჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია წყნარდება ან უკვე დაწყნარდა და უფრო კომპეტენტურ პასუხებს გაგცემენ ამჟამად საქართველოში მყოფი პოლიტიკოსები.”

[კობა ლიკლიკაძე] ”ბატონო გივი, სამხედრო საწყობებში აღმოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილის დროს ნაყიდი 5 მილიონი უვარგისი ჰილზი. თქვენ “ნდობის ჯგუფის” წევრი იყავით, როგრ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?”

[გივი თარგამაძე] “მე ახლა ნამდვილად არ შემიძლია ამ საკითხების კომენტირება, რადგან დაკავებული ვარ აქაური საქმეებით. ბუნებრივია, როცა მე დავბრუნდები და დავუბრუნდები ჩვეულებრივ გარემოს და საქმიანობას, მაშინ უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ.”

[კობა ლიკლიკაძე] “ისე, თავის დროზე თუ იყო თქვენთვის ცნობილი, რომ შეიძლებოდა უვარგისი ტექნიკა ან ტყვია-წამალი ეყიდათ?”

[გივი თარგამაძე] “ნუ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ მინდა ამ თემის გაგრძელება ახლა.”

უცნობია, თუ რას ეტყვის საზოგადოებას უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მაგრამ გასულ კვირაში ცნობილი გახდა ძალიან საგანგაშო ფაქტი, რაც მოწმობს, რომ ქვეყნის თავდაცვა და უშიშროება სერიოზული საფრთხის წინაშეა. სამხედრო შესყიდვების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მგრძნობიარე ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც ქვეყნის ყველა პოტენციური მოწინააღმდეგის სპეცსამსახურების მთავარი მიზანია, სრულიად უმტკივნეულოდ გასულა საქართველოდან და, შესაძლოა, უკვე ხელთ ჰქონდეთ რუსეთის სპეცსამსახურებს.


[მიხეილ სააკაშვილი] “გაითვალისწინეთ, ხალხო, რომ საუბარი არის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს უფროსზე - ადამიანზე, რომელმაც იცის ყველა საიდუმლო ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ყველა შესყიდვის შესახებ და ეს კაცი აღმოჩნდა პირდაპირ მოსკოვში. რაღად გვჭირდება დაზვერვა, როდესაც მთავარი ცენტრის მთავარი ინფორმაციის მფლობელი მიდის და ჩადის პირდაპირ “ეფ-ეს-ბე”-ში. როგორ უნდა მივსულიყავით იმ დონემდე, რომ თავდაცვის სამინისტროში ერთ–ერთი მთავარი პირი იყო კრიმინალური წრეებიდან მოსული ვიღაც ’ვოლკი’. ”

საქართველოს პრეზიდენტის ეს სკანდალური განცხადება მოწმობს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საკმაოდ შერყეულია და ამ დანაშაულის ფარული თუ აშკარა ხელშემწყობები აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ორი წლის წინ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯების შესახებ გამოქვეყნებულ თითო-ოროლა პუბლიკაციაზე არათუ არ რეაგირებდნენ, არამედ მათ ავტორებს მოღალატეებს და ცილისმწამებლებს უწოდებდნენ. ლაპარაკია საპარლამენტო ”ნდობის ჯგუფზე”, რომელიც მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრებით არის დაკომპლექტებული. გივი თარგამაძის გარდა, ამ ჯგუფში შედიოდა დავით კირკიტაძე, ნიკა რურუა და ბესო ჯუღელი. მაგრამ მათ დაკითხვას და, მით უფრო, პასუხისგებაში მიცემას არავინ აპირებს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ამ შემთხვევაში ეს არავის მიმართ კონკრეტული საყვედური არ არის. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან მძიმე გაკვეთილი.”

თვით საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელიც მოსახლეობას საგანგაშო ინფორმაციას აწვდიდა სამართალდამცველი ორგანოების უსუსურობის თაობაზე, არავის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG