Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


17 ოქტომბერს თბილისში აქტუალური მუსიკის

საერთაშორისო ფესტივალი იწყება - კონსერვატორიაში და მარჯანიშვილის თეატრში, შვეიცარიული ფონდის, ”პროჰელვეციისა”, და საქართველოს კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, ტარდება ფესტივალი, რომელიც თბილისელებს მართლაც რომ თანამედროვე მუსიკას გააცნობს; გააგებინებს, როგორი მუსიკა იწერება დღეს მსოფლიოში, როგორი მუსიკალური ენა მკვიდრდება, ე.ი. როგორია მუსიკა, რომელსაც ”აქტუალურს” უწოდებენ.

დიახ, ასეთი კონცერტები საქართველოში ხშირად არ ტარდება - ეგრეთ წოდებულ ”სერიოზულ მუსიკაზე” რომ არაფერი ვთქვათ, ჯაზისა და როკის საღამოებზეც კი ჩვენში, ძირითადად, კლასიკურ რეპერტუარს ასრულებენ ან უკრავენ მუსიკას, რომელიც, ძირითადად, მხოლოდ კლასიკურ ფორმებზეა აგებული. 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, 21 ოქტომბერს კი თელავში, მოვისმენთ სხვადასხვა ჟანრში - თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, ”სხვადასხვა ტექნიკაში” - დაწერილ ელექტრონულ მუსიკას, ფოლკლორს, ჯაზს, როკს... თბილისში ჩამოვლენ ევროპელი პიანისტები, მომღერლები, ანსამბლები, მუსიკოსები, რომლებიც, აი, ასეთი სტილის ნაწარმოებებს მოგვასმენინებენ.

[კირიაკიდისი]

ეს იანის კირიაკიდისის კომპოზიციაა, იმ კირიაკიდისისა, რომელიც დღეს ელექტრონული მუსიკის მეტრად ითვლება და რომლის ნაწარმოებების მოსმენის საშუალება ექნებათ თბილისელებს. ოღონდ არ შეშინდეთ: ატონალური ელექტრონული მუსიკა, რომლის აღქმა კლასიკური მუსიკისგან განსხვავებულად უნდა მოხდეს, იგივე კირიაკიდისთან ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტებითაც არის ხოლმე გამდიდრებული. მაგალითად, კირიაკიდისმა ამას წინათ ენდი მურთან ერთად ჩაწერა დისკი, რომელშიც აბსოლუტურად განსხვავებული სტილი დისონანსს არ ქმნის. საერთოდ, კირიაკიდისთან ბგერა არასდროს არაა დამანგრეველი... განსხვავებით ელექტრონული მუსიკის სხვა ავტორებისგან.

[კირიაკიდისი]

ნუცა კასრაძე, რუსუდან მეიფარიანი, მარინა ასრიევა, ჰუგო სმიტი, ნილს ვოგრომი... ეს არასრული სიაა იმ ქართველი და ევროპელი მუსიკოსებისა, რომელთაც ”აქტუალური მუსიკის” ფესტივალზე მოვუსმენთ. ფესტივალი კლასიკური ელექტრონული მუსიკის კონცერტით დაიწყება. თბილისში ჩამოვა გერმანიაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე რეზო კიკნაძე, რომელიც არა მარტო თავის ახალ ნაწარმოებებს შეასრულებს, არამედ კლასიკური ელექტრონული მუსიკის შედევრებს მოგვასმენინებს (შტოკჰაუზენიდან ლუკ ფერარის ჩათვლით) და, რაც მთავარია, რეზო კიკნაძე მუსიკას თავის კომენტარებს დაურთავს - აგვიხსნის რა როლს ასრულებს ასეთ მუსიკაში აკუსტიკური ეფექტები, როგორ შეიძლება ხმაური მუსიკაში გადაიზარდოს და, ბოლოს, როგორ იყენებს ავტორი მანქანას, ამ შემთხვევაში კი - კომპიუტერს, ახალი მუსიკის შესაქმნელად.

[კირიაკიდისი. ხმოვანი ეფექტები]

”აქტუალური მუსიკის” ფესტივალზე მუსიკის ცოცხალ კლასიკოსებსაც ვიხილავთ. 19 ოქტომბერს პირველად შესრულდება გია ყანჩელის ორი კამერული ნაწარმოები. კონცერტს თავად ავტორიც დაესწრება. გვპირდებიან კონცერტს, რომელიც თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციაზე იქნება აგებული - ლუკას ნიგლის ანსამბლს და მუსიკას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პირობითად შეიძლება ”ჯაზი” ვუწოდოთ.


[მეიერი]

კიდევ ერთი მუსიკოსი, რომლის ნაწარმოებებსაც შეასრულებენ ”აქტუალური მუსიკის” ფესტივალზე, რუდიგერ მეიერია. ეგრეთ წოდებული ”ელექტროაკუსტიკური ნაწარმოებები” ქართველი მსმენელისთვის ახალი არ არის - ნიკა მაჩაიძეს და გოგი ძოძუაშვილს თბილისში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, საშუალება გვეძლევა იმისი ნაწარმოებებიც მოვისმინოთ, ვინც ქმნის მოდას მსოფლიო ელექტრონულ მუსიკაში, დავრწმუნდეთ, რომ ელექტრონული მუსიკა არ უარყოფს მუსიკალურ ტრადიციებს და რომ, მიუხედავად ასეთი ხელოვნების მინიმალისტური ხასიათისა, პროფესიული მუსიკალური განათლების გარეშე შეუძლებელია ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიო.


[მეიერი ]

”აქტუალური მუსიკის” ფესტივალს თავისი პირობებიც აქვს - შვეიცარიული მხარის მოთხოვნით, გარდა იმისა, რომ ფესტივალი მხოლოდ და მხოლოდ დედაქალაქში არ უნდა ჩატარდეს (ამიტომ დაიხურება, ალბათ, თელავში), ფესტივალს ორმხრივი ხასიათიც უნდა ჰქონდეს. ამიტომაც დღესვე ცხადდება, რომ 2008 წლის თებერვალ-მარტში ”აქტუალური მუსიკის” კონცერტები შვეიცარიაში - ციურიხსა და უსტერში -მოეწყობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოთხოვნილება იქ მეტი იქნება: თუკი საქართველოსთვის ასეთი მუსიკა მაინც ძალიან ახალია, შვეიცარიაში იმ კომპოზიტორებს, რომელთა ნაწარმოებებს შეასრულებენ ფესტივალზე, ბევრად უკეთ იცნობენ. შესაბამისად, ქართველ მუსიკოსებს მომავალ წელს დიდი გამოცდა ელით.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG