Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უოლ სტრიტ ჯორნალი" საქართველოს შესახებ


"საქართველო, ყოფილ საბჭოთა ბლოკში დასავლური დემოკრატიისკენ სწრაფვის საჩვენებელი ქვეყანა, კრიტიკის ცეცხლშია მოქცეული სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის"

- ასე იწყება გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მთავარი ყურადღება საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ დარღვევებს ექცევა.
როგორც სტატიის ავტორი, მარკ ჩემპიონი შენიშნავს, "საქართველოს აშკარა კრიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ქვეყანა უფრო მეტ წარმატებას აღწევს დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების სფეროში, ვიდრე მისი მეზობლების უმრავლესობა."
"მაგრამ", განაგრძობს იგი, "საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მაშინ, როცა ბატონი სააკაშვილის მთავრობა მაღალ შეფასებებს იმსახურებს ეკონომიკასა და ზოგ სხვა სფეროში, ის დაღმა მიექანება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს პოტენციურად ცუდი ამბავია ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს", დაასკვნის სტატიის ავტორი.
იქვე მარკ ჩემპიონს მოჰყავს ჰიუმენ რაიტს უოჩის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილის, რეიჩელ დენბარის სიტყვები: "ნდობის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის იმის მტკიცება, რომ ცუდ გარემოცვაში ცხოვრობო".
სტატიის თანახმად, განსაკუთრებით შეშფოთებული არის შეერთებული შტატები. აქვე ავტორი შეგვახსენებს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში წარმატებაზეა დამოკიდებული.
პუბლიკაციაში გამოყოფილია რამდენიმე საკითხი, რაც ჩრდილს აყენებს საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ მისწრაფებებს. ერთ-ერთი ირაკლი ოქრუაშვილის გახმაურებულ ამბავს უკავშირდება.
"საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო აღიარებამ შეშფოთება გამოიწვია დიპლომატიურ წრეებში," წერს ჩემპიონი და შენიშნავს, რომ კორუფციის ბრალდებით ოქრუაშვილის დაპატიმრება იმის შემდეგ რამდენიმე დღეში მოხდა, რაც მან სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მოთხოვნაში დაადანაშაულა.
"ოქრუაშვილის აღიარებამ კითხვები გააჩინა იმაზე, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდა მთავრობას და ჩვენ ვუთხარით მთავრობას, რომ ამის გამო შეშფოთებული ვართ", მოჰყავს ავტორს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატის სიტყვები.
ოქროუაშვილთან დაკავშირებით უოლ სტრიტ ჯორნალს მოჰყავს ასევე უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას სიტყვები, რომლის თქმით, ოქრუაშვილის სატელევიზიო გამოსვლასა და მის დაპატიმრებას შორის დროში თანხვედრა თავად ოქრუაშვილის დამსახურებაა, ვინაიდან მან იცოდა, რომ მალე მასაც დაიჭერდნენ და ამიტომ ეცადა, პოლიტიკური რეზონანსი მიენიჭებინა ამისთვისო.
შემდეგ სტატიაში საუბარია აგვისტოში ოპოზიციის 14 წევრის გასამართლებაზე დახურულ კარს მიღმა. ავტორი შენიშნავს, რომ დაცვის მოწმეთა ჩვენებების თანახმად, სამხილი გამოძიების მიერ იქნა მანიპულირებული. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ექსპერტმა კი განაცხადა, რომ პროკურატურის მოწმეთა ჩვენებები ენობრივად იმდენად ჩამოჰგავდა ერთმანეთს, რომ ისინი, საფიქრებელია, კოორდინირებული იყოო.
"სახეზეა აშკარა ტენდენცია, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იმას, რის გაკეთებასაც აღმასრულებელი ხელისუფლება ითხოვსო". სტატიაში მოყვანილი ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთი განსასჯელის, მაია თოფურიას ამერიკელ ადვოკატს, ლორენს ბრასელას.
თავის მხრივ, სტატიის ავტორი დასძენს: "კანონის უზენაესობა პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების ერთადერთი კატეგორიაა, რომელშიც, ამერიკული ორგანიზაციის, ფრიდომ ჰაუსის თანახმად, საქართველო დღეს უფრო დაბლა დგას, ვიდრე 2003 წელს, სანამ ვარდების რევოლუცია ბატონ სააკაშვილს ხელისუფლების სათავეში მოიყვანდაო."
სტატიის ბოლოს საუბარია გასულ თვეში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტზე, როცა, საქართველოს ხელისუფლების თანახმად, საქართველოს სამართალდამცველებმა გააუვნებელყვეს სეპარატისტთა დივერსიული ჯგუფი.
"გაეროს მიერ ჩატარებული გამოძიების წინასწარი შედეგებით, ქართველებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის შეტაკება 20 სექტემბერს მოხდა აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ეს ქართველების თავდასხმა იყო) და არა ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც ამას თბილისის მთავრობა აცხადებსო", წერს ავტორი და შენიშნავს, რომ როგორც გვამების გაკვეთამ დაადასტურა, ინციდენტში დაღუპულ ორ რუს ოფიცერს მიბრჯით ჰქონდა ნასროლი.
XS
SM
MD
LG