Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეების მანძილზე რუსეთის პრესაში რეკორდული რაოდენობის პუბლიკაცია გამოქვეყნდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების თემაზე.

თითქმის ყველა რუსული გამოცემის სპეცკორესპონდენტი თბილისიდან რეპორტაჟებს გზავნიდა საქართველოს დედაქალაქში შექმნილ სიტუაციაზე. დღეს რუსეთის მედიაში გამოქვეყნებული სტატიების დიდი ნაწილი უკვე ანალიზს შეიცავს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში.


თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ინტერნეტგამოცემა ”გრანის” პუბლიკაციას, სათაურით ”დემოკრატია გადატანითი მნიშვნელობით”. პუბლიკაციის ავტორი ვიტალი პორტნიკოვი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ თავად საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის მოთხოვნაზე ადეკვატურ პასუხს უწოდებს, ოპოზიცია კი თავის გამარჯვებად მიიჩნევს. არადა, პასუხგაუცემელია ერთი მარტივი კითხვა: რატომ გახდა აუცილებელი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რატომ გახდა შეუძლებელი, ჯერ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო და შემდეგ - საპრეზიდენტო, როგორც ეს კონსტიტუციით იყო განსაზღვრული? ავტორის აზრით, საქართველოს ხელისუფლების განმარტება, რომ თუ საპარლამენტო არჩევნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დაემთხვეოდა, გამორიცხული არ იყო, საქართველოში კრემლს დესტაბილიზაცია მოეხდინა, დამაჯერებლად არ ჟღერს: ნოემბრის მოვლენებმა დაადასტურა, რომ დესტაბილიზაცია ყოველგვარი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც შესაძლებელია. პუბლიკაციის მიხედვით, უფრო ლოგიკურად სხვა ახსნა გამოიყურება: ”პრეზიდენტ სააკაშვილს არ სურდა საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტოს შემდეგ გამართულიყო არა იმ მიზეზით, რომ წაგება აშინებდა, - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი მას ნამდვილად აქვს, - არამედ იმის გამო, რომ იყო საშიშროება, პარლამენტში უმრავლესობა დაეკარგა, რითაც ოპოზიციას საშუალებას მისცემდა პრეზიდენტი ეკრიტიკებინა. ისიც უნდა გავიაზროთ, რომ, წინა არჩევნებზე თითქმის ასპროცენტიანი მხარდაჭერის შემდეგ, მომავალ არჩევნებზე სხვა შედეგი დამარცხებად იქნებოდა აღქმული. ეს რომ არ მოხდეს, საქართველოს პრეზიდენტმა გარისკა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის ინიციატივით გამოვიდა.”
ავტორის აზრით, ვადამდელი არჩევნები პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკოსების საყვარელი თამაშია. ის იხსენებს ბორის ელცინის 2000 წლის 1 იანვრის გადაწყვეტილებას, როცა რუსეთის პრეზიდენტმა გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესახებ განაცხადა. ”მაშინ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებული იყო არა არჩევნების ჩატარებით, არამედ იმით, რომ სპეცოპერაცია ”მემკვიდრე” წარმატებით განხორციელებულიყო, რაც იქნა კიდეც მიღწეული. შესაბამისად, დღეს რუსეთში მივიღეთ სიტუაცია, როცა ხდება მანიპულირება არა საარჩევნო ვადებით, არამედ თავად არჩევნების მნიშვნელობით”, - წერს ვიტალი პორტნიკოვი და დაასკვნის:”რუსეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას: იქ, სადაც საარჩევნო ვადებით იწყებენ მანიპულირებას, საბოლოოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად არჩევნების ჩატარების არსი და მნიშვნელობა მხოლოდ იმას ენიჭება, როდის ჯობს ერის სულიერი ლიდერის არჩევა - საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებისას.”
XS
SM
MD
LG