Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ სვლა შეანელა, მაგრამ ნატოსკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვევია


28 ნოემბერს

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს შტაბბინას ესტუმრა და მოლაპარაკება გამართა ალიანსის გენერალურ მდივანთან. ქვეყნის ლიდერის რანგში გამართული პირველი ვიზიტის დღის წესრიგისა და შედეგების შესახებ საკმაოდ ძუნწი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც გააძლიერა ეჭვი, თითქოს ალიანსის ხელმძღვანელობამ 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში კეთილმეგობრული ტონი შეცვალა და თბილისს რამდენიმე აუცილებელი პირობის სასწრაფო შესრულება მოსთხოვა. მე შევეცადე უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ბურჯანაძე-სხეფერის შეხვედრის თაობაზე, რისთვისაც ამ შეხვედრის უშუალო მონაწილეს, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძეს დავუკავშირდი.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ბრიუსელიდან, სადაც ნატოს შტაბბინაა განლაგებული, მხოლოდ საქებარი სიტყვები ისმოდა. 7 ნოემბრის შემდეგ კი ნატოს ხელმძღვანელობისგან საქართველომ პირველი მწვავე გაფრთხილება მიიღო. საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ ნოემბრის მოვლენებმა შეაფერხა საქართველოს ინტეგრაცია ნატოში. ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ალიანსის ბუქარესტის სამიტის წინ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება ძალზე სათუო გახდა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ”არ დავმალავ, რომ ამან [7 ნოემბრის მოვლენებმა] ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების შანსები არ გაზარდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ ასე თქვა, რომ არც მანამდე იყო ადვილი მისაღწევი ეს ამოცანა ბუქარესტის სამიტისთვის და არც ახლაა უფრო ადვილიო. აშკარაა, რომ ამ პრობლემებმა შეგვიქმნა ასევე პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებმა ძალიან ეფექტიანად გამოიყენეს ეს მოვლენები საქართველოს დისკრედიტაციისათვის.”

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მედიასაშუალებების დახურვას საქართველოში 8 ნოემბერს ”ევროატლანტიკურ ფასეულობებთან შეუსაბამო ქმედება უწოდა”. ნინო ბურჯანაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი გასულ კვირაში სწორედ ბრიუსელში გამართა, რათა დაერწმუნებინა ალიანსის ხელმძღვანელობა, რომ საქართველო ევროატლანტიკური ფასეულობების ერთგული რჩება, განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში. ბარამიძის თქმით, ამის ყველაზე კარგი საშუალება სწორედ 5 იანვრის არჩევნებია:

[გიორგი ბარამიძე] ”გააჩნია 5 იანვარს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც. თუ მართლა ჩვენ ეს ყველაფერი ევროპულად და ცივილიზებულად გადავიტანეთ, მაშინ გამოჩნდება, რომ, მიუხედავად უმძიმესი კრიზისებისა და შიდა საფრთხეებისა, საქართველოს დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვს უნარი და შესაძლებლობა გამოვიდეს უმძიმესი ვითარებიდან. ცუდია, როცა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდები, მაგრამ თუ მსოფლიოს დაანახვებ, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის უნარი გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ძლიერი ხარ.”

საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კიდევ რამდენიმე პირობის შესრულებას. მათ შორისაა ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, - განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში. თუმცა ბარამიძემ უარყო მოარული ხმები, თითქოს ნატოს ხელმძღვანელობა კატეგორიულ მოთხოვნებს აყენებდეს:

[გიორგი ბარამიძე] ”იქ არ ყოფილა ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთთან რაღაც ვადებზე და ულტიმატუმების ენით გვესაუბრა. მაგრამ შევთანხმდით იმაზე, - და ამაზე არც იყო რაიმე დისკუსია, - რომ ”იმედის” გახსნა სასურველია რაც შეიძლება მოკლე ვადაში. და აღნიშნა გენერალურმა მდივანმა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ასეთი მოლაპარაკებები.”


გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ნატოს შტაბბინას კიდევ ერთი და, შესაძლოა, უმთავრესი მიზნით ესტუმრა. საქართველოს პირველ პირს, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, ერთი მხრივ, უნდა დაერწმუნებინა ბრიუსელი, რომ საქართველო არავითარ სამხედრო აქტივობებს არ აპირებს კონფლიქტურ რეგიონებში პროვოკაციების აღსაკვეთად. მეორე მხრივ კი, ნინო ბურჯანაძემ ნატოს ხელმძღვანელობას სთხოვა მეტი დიპლომატიური გარანტიები, რათა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ საქართველოს პრობლემები არ შეუქმნას რუსეთის მხრიდან, რომლის წარმომადგენლებს არაერთი ტრიბუნიდან უთქვამთ, რომ ოფიციალურად ცნობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

[გიორგი ბარამიძე] ”სწორი ინფორმაცია გაქვთ. ქალბატონმა ნინომ ეს ხაზგასმით აღნიშნა და სთხოვა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სწორედ ამ საარჩევნო პერიოდში მიაქციოს. იმიტომ რომ, ჩვენი ინფორმაციით, არის საფრთხე იმისა, რომ გარკვეულმა ძალებმა ჩათვალონ, რომ საქართველო სუსტია და მოაწყონ პროვოკაციები როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე ზემო აფხაზეთსა და საქართველოს სხვა კუთხეში.”

გიორგი ბარამიძის, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თქმით, ნატოს გენერალური მდივანი დაჰპირდა ნინო ბურჯანაძეს, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება არ მოდუნდება. დავაზუსტებთ, რომ ლაპარაკია საქართველოს ირგვლივ არსებული თუ მოსალოდნელი საფრთხეების მხოლოდ აქტიური დიპლომატიური მუშაობით განეიტრალებაზე. თუმცა 10 დეკემბერისთვის, როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობის გადაწყვეტის თარიღი მოახლოვდება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გამოცხადდება და იგი, სავარაუდოდ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG