Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მალხაზ ხარბედია რადიო "თავისუფლების" თხოვნით,

განვლილი კვირის მანძილზე დღიურს კრიტიკოსი და მწერალი მალხაზ ხარბედია აწარმოებდა.



9 მარტი, კვირა
ლაშას სიცხემ დაუწია. ყველას გვიხარია - 6-დღიანი ვირუსი ხუმრობა საქმე ხომ არაა 1 წლის ბავშვისთვის! მამიდამისმა ამის აღსანიშნავად შუბლზე თმა შეაჭრა, ლაშა პატარა ხევსურს დაესგავსა, მარტივი “ჩოლკით”. 6 დღე ოფლში და ძმარში “ჩამბალი” ბავშვი დედამ და მამიდამ აბანავეს, მაგრამ თავზე მაინც ძმრის სუნი ასდის, ვერაფრით გავიყვანეთ. მე ეს სუნი არ მადარდებს, მე მგონი ლაშასაც. მამამისივით, ლაშასაც უყვარს ძმრიანი კერძები (ჯერ არ ეჭმევა, მაგრამ მაინც იქაჩება), აი, ძმრიან წინდებზე და საფენებზე კი რა მოგახსენოთ. ერთი სიტყვით, კინაღამ ჩავაბასტურმეთ ბავშვი.
მთელი დღეა სახლში ვარ, ხან “მარნისთვის” დასაწერ სტატიაზე ვფიქრობ, ხან “ლიტერატურის” მომავალი ნომრის მასალებს ვარჩევ, მაია სუმბაძეს უნდა გადავუგზავნო, ილუსტრაციები რომ დაურთოს. მაიას კარგად არც ვიცნობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას მისნაირი ელეგანტური მხატვრის ხელი მოუხდება. “ლიტერატურის” ამ ნომერში ბევრი ესე იქნება, ჰაროლდ ბლუმის “ტოლსტოი და გმირობით” დაწყებული, ჰენრი დევიდ ტოროს “სამოქალაქო დაუმორჩილებლობით” დამთავრებული. ტოროს სახელი ბევრს გაუგია, ამ კაცზე ლეგენდები დადის, რომ იგი სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდიდა და ამისთვის ციხეშიც ამოჰყო თავი, შემდეგ უოლდენის ტბის პირას განმარტოვდა და ორი წელი განდეგილად იცხოვრა თავისი ხელით ნაგებ ქოხში. იმასაც ამბობდნენ, რომ მელიები მონადირეებს მის ქოხში ემალებოდნენ. აი, ახლა გავარედაქტირე ტოროს ტექსტი და ეს სიტყვები მომხვდა თვალში: “საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც საერთოდ არ მართავს - როცა ადამიანები ამისთვის მზად იქნებიან, ხელისუფლებაც ასეთი ეყოლებათ.” ან ეს: “ზნეობის ათას მცველზე ერთი ზნეობრივი ადამიანი მოდის. მაგრამ მოლაპარაკება ხომ იმ ერთთან უფრო გონივრულია, ვიდრე დანარჩენ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტთან, ვის ხელშიც ამ მოლაპარაკების საგანს მხოლოდ გაუვლია.”
შუბერტის სიმფონიური ნაწარმოებების სრული კრებული ჩამოვტვირთე დღეს, კარაიანის გაკრიალებული შესრულებით. მაინცდამაინც არა ვარ კარაიანის მოყვარული, მაგრამ ხანდახან მის შესრულებას ლამის თერაპიული მნიშვნელობა აქვს. ახლაც ასე აღმოჩნდა (რა თქმა უნდა, დაუმთავრებელ სიმფონიას ვგულისხმობ). მაგრად მომნატრებია ორივე ნაწილი, წერას რო მოვრჩები, აბადოს და კოლინ დევისის შესრულებასაც დავაყოლებ. კარაიანის სახელზე ყოველთვის რიხტერი მახსენდება ხოლმე, როსტროპოვიჩთან და ოისტრახთან ერთად რომ თავის დაკრულზე აცეკვა ბეთჰოვენის სამმაგი კონცერტის ჩაწერისას. როსტროპოვიჩმა თურმე ეგრევე გაყიდა ძმაკაცები, ყველაფერში ეთანხმებოდა კარაიანს, რიხტერი და ოისტრახი კიდე მაგრად ამჟავდნენ, კარაიანის არაფერი მოსწონდათ და სულ ეკამათებოდნენ. რა თქმა უნდა, კარაიანმა მაინც თავისი გაიტანა, მაზალო ბიძა იყო. ყველაზე საინტერესო ფოტოების ისტორიაა, ფირფიტის გარეკანზე რომელიც უნდა გასულიყო. კარაიანი ცენტრში იდგა ხოლმე ან მახვშივით იჯდა სერიოზული სახით, რიხტერი, როსტროპოვიჩი და ოისტრახი კი ბრიყვებივით იღიმებოდნენ. რიხტერი საშინლად გაბრაზებულა ამაზე.
დღეს მიტინგების ახალი ტალღა დაიწყო.

10 მარტი, ორშაბათი
დაღლილი, სიბერეშეპარული Modern Jazz Quartett-ი მაქვს ჩართული, 1988 წლის ბრძნული ალბომი, For Ellington. მილტ ჯექსონის ჯენტლმენური ვიბრაფონი, ზრდილობიანი მიძღვნები, თავად დიუკის თემები, მეტი რა გინდა სულო და გულო! თანაც, დღეს ერთი კარგი სტუმარი მყავდა, ბიძინა რამიშვილი. როცა ვუთხარი, მარინა ვაშაყმაძის თხოვნით გუშინ “თავისუფლების დღიურების” წერა დავიწყე-მეთქი, ბევრი იცინა. დამთხვევაც ეგეთი უნდა: ბიძინაც რადიო "თავისუფლებაში" მუშაობს, ოღონდ - პრაღაში. ბიძინას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ სულ რამდენჯერმე ვართ შეხვედრილები, რა თქმა უნდა, სამივეჯერ - სუფრასთან. ჩვენისთანა მუცელღმერთა გურმანებისთვის შეხვედრის უკეთესი ადგილი არც არსებობს. ჩემი დის, ეკას მიერ მომზადებულმა კეტას ფილემ, საქონლის ჩაშუშულმა, ისპანახმა ოჯახური რეცეპტით, და ზედაც ქისის ჯიშიდან დაწურულმა კახურმა და ცოტათი ეგზოტიკურმა “წინანდალმა” საღამო გემრიელად გაგვატარებინა. მე და ბიძო უკვე ძველი მეგობრებივით ვართ, ასე მგონია, მრავალი თავგადასავალი გადაგვხდა, მსგავსი გვქონდა მუსიკალური და ლიტერატურული გატაცებები, ერთნაირად “დაგვბრაკეს” ქართული კლასიკური ფილოლოგიის მამებმა (ოღონდ 15 წლიანი სხვაობით), თან კერძებიც რო ერთნაირი გვიყვარს...
ბიძინამ ერთი მაგარი ჩანაწერი მომიტანა, 1979 წელს ჰამბურგში გამართული თამაშის, სადაც "ჰამბურგი" – "დინამო" თბილისის მატჩს რადიო "თავისუფლებით" გადასცემენ კარლო ინასარიძე და ნუგზარ შარია. მაგ პერიოდის “დინამოზე” ისედაც გარეკილი მქონდა, ამ ჩანაწერმა კი მთლად დამაგდო. მაშინ სულ რაღაც 5 წლის ვიყავი და, 1981 წლის რამდენიმე ბრწყინვალე თამაშისგან განსხვავებით, ეს შეხვედრა ნაღდად არ მახსოვდა (წაკითხულს და უფროსების მონათხრობს არ ვგულისხმობ). ამდენი კარგა ხანია არ მიცინია! სალომე ზურაბიშვილის აქცენტის მქონე ორი არაპროფესიონალის წაყვანილი საათნახევრიანი შეხვედრა იდეალური შვება აღმოჩნდა თანამედროვე ქართულ ფეხბურთზე გულაცრუებული გულშემატკივრისთვის. მართალია, მაშინაც წავაგეთ, მაგრამ ამ წაგებას ისეთი კომენტარები ახლდა, რომ თავს ვერ ვიკავებ, რამდენიმე ციტატას მოვიყვან: “ოი, ოი, იეხლა გადააწოდა გერმანელმა, კინაღამ იყო გოლი”; “ტაბლოზე ისევ ქვეყნდება მოთამაშეების სახელები და გვარები: მაგალითად, მეორე ნომერია მუჯირი, მესამე არის ჭილაია (არადა, ჩივაძე იყო, ჭილაია მეხუთეზე თამაშობდა), მეოთხე არის... გლახათ ჩანს აქედან”, ყიფიანის პირველი გოლის მერე კი კარლო ინასარიძეს, რომელსაც ვერ დაეჯერებინა რომ ქართველებმა გოლი გაიტანეს, ასეთი რამე წამოცდა: “ესე იგი ნამდვილი გოლი არის, თბილისის 'დინამომ' გაიტანა პირველი ბურთი, ჯერ მეგონა, რომ არ ჩათვლიდნენ, მაგრამ არის ერთით ნოლი და ბურთი გაიტანა... ვინ გაიტანდა, თუ არა ყიფიანი!.. ესე იგი, ანგარიში არის ნულით ერთი თბილისის 'დინამოს' სასარგებლოდ...”
მე მგონი ვცივდები, წავალ, რამეს “დავარტყამ”. უკვე სამი ხდება.

11 მარტი, სამშაბათი
ანა კალანდაძე გარდაიცვალა. ქართულმა ტელევიზიებმა ერთმანეთზე უხერხული სიუჟეტები მიუძღვნეს პოეტს. ჟურნალისტებს მაგალითი საქართველოს პრეზიდენტმა მისცა შუადღის გამოშვებებში (საღამოს საინფორმაციოებში ეს სიტყვები ამოჭრილი იყო). მან, სამძიმრის შემდეგ გალაკტიონის ლექსი წაიკითხა, როგორც ანა კალანდაძისა: “ატმის რტოო, დაღალულო რტოო...” და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა “თუთა”. "რუსთავი 2"-მა გამოაცხადა, რომ ანა კალანდაძე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა (ჩოხატაურის რაიონის ნაცვლად). ტელეკომპანია “მზის” კულტურის მიმომხილველმა დანანებით აღნიშნა: “ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ცნობილი სახე გამოაკლდა”, თითქოს საუბარი ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერ რომელიმე ძველ “ინტელიგენტზე”, ექიმზე, ან, უბრალოდ, კაი ბიჭზე იყო.
დღეს ბევრი აკრიტიკებს სატელევიზიო მედიას (ბეჭდური, სამწუხაროდ, არავის აინტერესებს და ამიტომ არც არავინ საუბრობს მის შესახებ), მის არაპროფესიონალიზმზე უკვე ლეგენდები დადის, თუმცა ვერა და ვერ ვეღირსეთ ნორმალურ ტელეკრიტიკას (იშვიათი გამონათებების გარდა) - ვერც გაზეთის ფურცლებზე და ვერც ეკრანებზე. არ მიყვარს ბუზღუნი, მაგრამ დღეს რომ უვიცობა და გულგრილობა მეფობს ქართულ ტელეარხებზე, ამას მე მგონი ყველა ხედავს. სიუჟეტებს, რომელსაც ყველაზე მეტი განათლება და გამოცდილება სჭირდება, ყველაზე ხელგაუტეხავი, დამწყები ჟურნალისტი აკეთებს, შედეგად კი ვიღებთ დამტკბარ, უთავბოლო სასკოლო თემას დაახლოებით ასეთი შესავლით: “ყველაფერი ხულოში დაიწყო...” ან “მისი სამუშაო დღე ერთი ფინჯანი ყავით იწყება”, სიუჟეტის შუაწელში ეპიკური ფორმულების დრო დგება: “მერე იყო ბიბლიოთეკის აქტივის წევრობა, ომი, მიხაკების ბიზნესი რუსეთში, ამ დროს დიდი სიყვარულიც ეწვია...” და ბოლოს: “შვილების ეჭვიანობის მიუხედავად, იგი მაინც კომიტეტის თავმჯდომარეა” ან “გათხოვებას ჯერ არ აპირებს, ჯერ კანონები აქვს მისაღები”. რა დამავიწყებს ნატო ონიანს, რომელიც ყოველ კვირადღეს თავის გადაცემაში გარსია მარკესის ფორმულებით გვიყვებოდა შვიდი დღის მანძილზე მომხდარს: “გავა ორი დღე და ჯაბა იოსელიანი იტყვის...”, “რას იფიქრებდა თენგიზ სიგუა, რომ ხუთშაბათს...”, მაგრამ ნატო ონიანი მაშინ მარტო მუშაობდა, დღეს კი თითქმის ყველა ასე მუშაობს, თანაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურების საფასურად. ამას წინათ, რადიოს ერთმა თანამშრომელმა დაიჩივლა Forum.ge-ზე, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ საზოგადოებრივი რადიოს საეთერო სტუდიაში ერთი კომპიუტერიც კი არ დგასო! არადა, უსარგებლო მუსიკალურ კონკურსებზე იხვებივით, გუნდ-გუნდად დაფრინავენ.
არ გადართოთ, რეკლამა მალე გაივლის!

12 მარტი, ოთხშაბათი
თანამედროვე ქართული ლიტერატურის “გადარჩენაზე” დღეს ბევრი საუბრობს და ხშირად მესმის ხოლმე, რომ ლიტერატურის გამოცოცხლებისთვის აუცილებელია ვიღაც გამოვიდეს სადღაც მაღალ კათედრაზე, თქვას რაღაც ხმამაღალი, ვიღაცა დაგმოს, ვიღაც გადააფასოს, ზოგი კი წინ წამოსწიოს, ამით საზოგადოებაც გაღიზიანდება, ტალახიც წამოვა და ყინულიც დაიძრება. არადა, “გამოდი და თქვი” ნამდვილად არაა გამოსავალი, ეგეთი ერთჯერადი გაჯეჯილებისგან მხოლოდ ანეკდოტები რჩება და ამიტომაც, “ჩაიკეტე და წერე”-ს ვარიანტი მირჩევნია. მარტოობის შედეგი უფრო მესმის და მაინტერესებს, ვიდრე საესტრადო პირუეტები, ნაწერს უფრო ვენდობი, ვიდრე ბოღმიან შეძახილებს - გაბრაზებულზე ათას სისულელეს ამბობს კაცი. თანამედროვე ლიტერატურის ორ ნამდვილ გმირს, სალმან რუშდისა და ორჰან ფამუქსაც ახსენებენ ხოლმე სანიმუშოდ, თუმცა ისინი ცოტა სხვა შემთხვევებია. ნიჭს და გაქანებას რომ თავი დავანებოთ, დასავლეთმა, გასაგები მიზეზების გამო, იმდენად დაუფასა მათ ეს თავგანწირვა და გაბედულება, რომ ლიტერატურულ ბიზნესმენებად აქცია და დღეს მათი ნაწარმოებები ლამის სავალდებულო საკითხავია. სხვათა შორის, გაბედულება არც ბროდსკის აკლდა, ბოლო-ბოლო ევტუშენკო ჰყავდა ნაცემი, მაგრამ ბოლოს ისიც ბიზნესმენი გახდა, მიხაილ ბარიშნიკოვთან ერთად რესტორანი გახსნა მანჰეტენზე. მაგრამ ეს სულ სხვა ბიზნესი იყო, ბროდსკი მაინც ჩაკეტილი დარჩა, კათედრა ვერ შეაყვარეს, არადა, სად არ ატარეს ლექსებითა და “სპიჩებით”.
გადაფასება აუცილებელია, მე რომ მკითხო, ყოველ ათწლეულში თუ არა, ოცწლეულის შემდეგ მაინც უნდა იცვლებოდეს კლასიკოსთა წაკითხვები, აღქმა. 60-იანელთა ილია უნდა განსხვავდებოდეს 1987 წლის, ე.წ. საიუბილეო ილიასგან, რომ აღარაფერი ვთქვათ დღევანდელ, 21-ე საუკუნის ილიაზე. გარდა ამისა, ყოველ ეპოქაში ახლიდან უნდა ითარგმნებოდეს დიდი ნაწარმოებები, რამდენიმე აბსოლუტურად განსხვავებული პერიოდული გამოცემა უნდა არსებობდეს, ერთ რომანზე მინიმუმ ხუთი რეცენზია უნდა იწერებოდეს... მაგრამ უმკითხველობას რით ვუშველოთ? რა ვუყოთ ავტორთა უნებისყოფობას, სიზარმაცეს, რისხვას, კონფორმიზმს, გულგრილობას, გაუნათლებლობას? სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება აღიარებული მწერლებისა და ლიტერატურაზე ხელაღებული მწერლების ქვეყნად.

13 მარტი, ხუთშაბათი
საგარეჯოში ვიყავი, მამაჩემის ბიცოლა გარდაიცვალა, მარო. თბილი, კეთილი, სტუმრიანი ქალი. 10 წელია, ჩვენებთან არ ვყოფილვარ საგარეჯოში. ამ დროის მანძილზე მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მათ შორის, 8 წლის წინ მამაჩემის დაკრძალვაზე. შარშან დედაჩემის გამოც ჩამოვიდნენ. ერთი სიტყვით, “ჭირში” ერთადა ვართ. ეზოში არაფერი შეცვლილა, მარტო ბებერი თუთა მოუჭრიათ, ლეღვი და დაბერებული საადრეო ბალიც. ჭანჭურები, კარალიოკები, იასამნები და ტყემლები ისევ დგანან, უკვე კვირტებიც დაიყარეს.
მარო ბებიას კარგი ხელი ჰქონდა, მაგრამ ტყემალი მართლა განსაკუთრებული იცოდა. როცა წამოვიზარდე, მის ნახელავს ხუმრობით კახურად დაყენებულ, ტანინიან ტყემალს ვეძახდი. ჩემმა ბიძაშვილმა, სერგომ, დღესაც გამოიტანა ტყემალი, რომელიც გემოზე ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემს ბავშვობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარო ბოლო რამდენიმე წელი ჩაწოლილი იყო და ტყემლისთვის არ ეცალა.

14 მარტი, პარასკევი
დღეს ჟურნალ “ბიზნესის” მეთორმეტე ნომერი გამოვიდა, ერთი წელი შეუსრულდა გამოცემას, სადაც უკვე მეთორმეტეჯერ დაუზარელად დავწერე ღვინის შესახებ. ჩემი სტატიები სულ ბოლოშია ხოლმე მოქცეული (დედაჩემიც ყოველთვის ბოლოდან იწყებდა ხოლმე ჟურნალის კითხვას), წინ მენეჯმენტი უძღვის, მერე ფსიქოტექნოლოგიები, რესურსები, მარკეტინგი და ჩემი საკოლექციო რუბრიკა, რომელიც ღვინოებს, ბრენდის, არაყს, რომს, ვისკის და სხვა რამეებს გულისხმობს. დღეს ჟურნალ “ბიზნესის” მეთორმეტე ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით ნადიმი გვქონდა, "ალაფურშეტს" რომ ეძახიან და ხანდახან ქეიფშიც რომ გადაიზრდება ხოლმე. იუბილეც ეგ იყო და გაცნობაც, იმიტომ, რომ ჩვენი ჟურნალის ზოგიერთმა თანამშრომელმა დღეს ვნახეთ პირველად ერთმანეთი. ვწრუპეთ “თბილღვინოს” წინანდალი... წრუპვა მეიდანზე გაგრძელდა, ამჯერად ჩემი მეგობრების რესტორანში “დიუმასთან”, რომელიც დღე-დღეზე გაიხსნება და რომლის მენიუზე და ღვინის ნუსხაზეც მე მიწევს ზრუნვა. “დიუმასთან” ერთ კარგ, საკოლექციო საფერავს “წავაცალეთ თავი” და ცოტა საქმეზეც ვისაუბრეთ. Forum.ge-ს ჯაზერების შეკრებაზე უკვე ნასვამი მივედი. “კაიზერის” ლუდხანაში დავაგვიანე, ყველა დაღლილი დამხვდა ხმაურიანი მუსიკითა და უცნაური მომსახურებით. გავიცანი talula, bockuchava, twins, Achos, spinoza (რომელსაც უკვე ჯაზ-არქივარიუსი შევარქვით ატვირთული ალბომების მოწესრიგებისთვის), aleko_tot... PapaShultz-ს ისედაც ვიცნობდი. ბოკუჩავასთან გავაგრძელეთ, სახლში. ავიღეთ ღვინო, ზოგისთვის არაყი, ლუდი, წვენი (სხვათა შორის, წვენი ყველაზე ნაკლები დაილია), მისაყოლებელი, ჩავამწკრივეთ "ვინამპში" შესაფერისი მუსიკა და შევუბერეთ. ეხლაც, ნასვამი, ხან დიუკსა და კოლტრეინს ვღეჭავ, ხანაც ჯანგოთი ვერთობი, სულ მალე ჯინ კრუპასა და ბადი რიჩის “Bernie's Tune”-ი დაიწყება, ასე რომ, სანამ დროა, წავედი.

15 მარტი, შაბათი
“ქართული ღვინის მეორე ეროვნულ კონკურსის” პრეზენტაციაზე მივდივარ, 3 საათზე, რესტორან “მეიდანში”. წლევანდელი ქართული ღვინოების ჩემი "ოქროს მედალოსნები" უკვე გარკვეული მყავს. უბრალოდ, მაინტერესებს, სულ ცოტათი მაინც თუ დაემთხვევა ჩემი და ჟიურის აზრები ერთმანეთს. ეს ყველაფერი 1-2 მაისს უნდა გაირკვეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული მუზეუმი “ღვინის ისტორიის ფონდსაც” აფუძნებენ. საინტერესოა, როგორი იქნება ფონდის სამუშაო გეგმა, იმედია, იგი ცოტათი მაინც შეუწყობს ხელს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვიდეთ “ღვინის აკვნის” მდგომარეობიდან და ინფანტილური ტრაბახი საქმით შევცვალოთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG