Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონის დაბრუნება


იტალიაში საპარლამენტო არჩევნებმა

წარმატება მოუტანა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იტალიის უმდიდრეს ადამიანს, მედიის მაგნატსა და წარმატებულ ბიზნესმენ სილვიო ბერლუსკონის.

“საუკეთესო პოლიტიკური ლიდერი ევროპასა და მსოფლიოში” - ეს სიტყვები საკუთარ თავზე აქვს ნათქვამი ბერლუსკონის. შესაძლოა, მის შეხედულებას ბევრი არ იზიარებდეს, მაგრამ ფაქტია ის, რომ ბერლუსკონი, იტალიელი ამომრჩევლის ნებით, ისევ დაბრუნდა ხელისუფლების სათავეში. კვირას და ორშაბათს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მემარჯვენე პოლიტიკური ძალების ბლოკმა “თავისუფლების ხალხმა” ბერლუსკონის მეთაურობით, უმრავლესობა მოიპოვა იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში. შესაბამისად, სილვიო ბერლუსკონი ბოლო 14 წლის მანძილზე მესამედ ხდება იტალიის პრემიერ-მინისტრი. პირველად ამ პოსტზე 1994 წელს აღმოჩნდა - სულ ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც საკუთარი პარტია შექმნა, “ფორცა იტალია”. მაგრამ მაშინდელმა კოალიციურმა მთავრობამ - სულ შვიდი თვე გაძლო.

2001 წელს ბერლუსკონი ისევ დაბრუნდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ამჯერად, გაცილებით მეტი ხნით - 5 წლით, რაც რეკორდად ითვლება იტალიაში, ქვეყანაში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 60-ზე მეტი მთავრობა ჰყავს გამოცვლილი.

და აი, ბერლუსკონი ისევ, როგორც ითქვა, უკვე მესამედ ჩაუდგება სათავეში მთავრობას. ორშაბათს საღამოს ბერლუსკონის გამარჯვება აღიარა მისმა მეტოქემ არჩევნებში, მემარცხენე-ცენტრისტული ძალების ლიდერმა და რომის ყოფილმა მერმა ვალტერ ველტრონიმ. [ველტრონის ხმა] “როგორც მიღებულია ყველა დასავლურ დემოკრატიაში და ეს მეც სწორად მიმაჩნია, დავურეკე ბლოკ “თავისუფლების ხალხის” ლიდერს, სილვიო ბერლუსკონის, რათა მისი გამარჯვება მეღიარებინა და საქმიანობაში წარმატება მესურვა”.

რაც შეეხება თვით სილვიო ბერლუსკონის რეაქციას, მან იტალიის ტელევიზიას განუცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ “დიდ პასუხისმგებლობას” გრძნობს. [ბერლუსკონის ხმა] “ძალიან აღელვებული ვარ არჩევნების ამ შედეგისა და ნდობის გამო, რომელიც იტალიის ამდენმა მოქალაქემ გამომიცხადა. და მინდა მათ მთელი გულით გადავუხადო მადლობა. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რადგან მომდევნო წლები და თვეები რთული იქნება, მაგრამ შევეცდები მთელი ჩემი ძალა და გამოცდილება მოვახმარო მომდევნო 5 წელიწადს, რადგან ეს წლები იქნება გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის”.

ბერლუსკონი მართლაც რთული ამოცანების წინაშე დგას ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებიც გაწბილებული არიან პოლიტიკოსებით, დიდად აღარ სჯერათ მათი უნარისა, მოაგვარონ ეკონომიკური ან სოციალური პრობლემები. რად ღირს თუნდაც ნაგვის გატანის პრობლემა, რომელმაც არა მარტო დაამახინჯა უმშვენიერესი ქალაქის, ნეაპოლის ქუჩები, არამედ ფაქტობრივად, ანტისანიტარიის პირობებში აცხოვრებს მოსახლეობას.

ერთი მხრივ, იტალია, “დიდი შვიდეულის” წევრი, მსოფლიოს ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნების რიგში დგას, მაგრამ ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება, ვერაფრით დაიკვეხნის. წელს მას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, სულ 0,3 მეათედი პროცენტის ზრდა მოელის, მაშინ როცა 15-წევრიან ევროზონაში ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 1,4 პროცენტს აღწევს.

ბერლუსკონი ახლა გადასახადების შეკვეცას აპირებს, ისევე როგორც იტალიის ვალების შემცირებას. მაგრამ ოპონენტები ეჭვობენ, მან ეს ახლა მოახერხოს, თუ პრემიერ-მინისტრობის წინა პერიოდებში ვერ მოახერხა.
მეორე მხრივ, ბერლუსკონი - მილიარდერი, რომლის ბიზნეს-იმპერიაც მასმედიის, რეკლამის, დაზღვევის, სურსათისა და მშენებლობის სფეროებს მოიცავს - სწორედ ბიზნესში წარმატებების გამო მიაჩნია ბევრ იტალიელს სათანადო კანდიდატად პრემიერ-მინისტრობისთვის.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ბერლუსკონი - როგორც იტალიის კონსერვატიული, მემარჯვენე ძალების წარმომადგენელი - პრო-ამერიკულ პოზიციაზე მდგომად ითვლება. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ პოზიციის გამო იტალიამ, რომელიც აქამდე არ ემხრობოდა საქართველოსა და უკრაინისთვის “მეპ”-ის მიცემას, ახლა შეცვალოს დამოკიდებულება? ჩვენ პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს მივმართეთ შეკითხვით, მოსალოდნელია თუ არა ბერლუსკონის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, რომ იტალია მიემხროს საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციას?

[იხ. აუდიოვერსია: მოკლე ინტერვიუ არჩილ გეგეშიძესთან]

თუმცა, დასძენს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე, არ უნდა დაგვავიწყდეს სილვიო ბერლუსკონის ახლო ურთიერთობა ვლადიმირ პუტინთან. პუტინი კი მართალია, ეთხოვება პრეზიდენტის პოსტს, მაგრამ, როგორც ცნობილია, არ ეთხოვება დიდ პოლიტიკას - იმ სარბიელს, რომელზეც 71 წლის ასაკში კიდევ ერთხელ მოახერხა დაბრუნება სილვიო ბერლუსკონიმ.
XS
SM
MD
LG