Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


და ისევ... რუსეთის პრესა ძალიან ბევრს წერს საქართველოს შესახებ. მარტო დღევანდელი პუბლიკაციების მიმოხილვა საკმაო დროს დაიკავებდა, ამიტომ რამდენიმე პუბლიკაციაზე შევჩერდებით.



”იზვესტია” დღეს წერს, რომ აფხაზეთი თანახმაა, რუსეთის ფედერაციამ მისი ტერიტორია სამხედრო კონტროლის ქვეშ აიყვანოს - უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან.

მოსკოვის ამასწინანდელი ინიციატივები აფხაზეთთან დაკავშირებით - ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბების დასაწყისი”,- განაცხადა შამბამ და დასძინა:
,,ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ყველაზე ფართო სამხედრო თანამშრომლობას.” -
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. ,,ჯერ ამის აუცილებლობა არ არსებობს”, - უთხრა სერგეი შამბამ ”იზვესტიას”.

რუსეთის პრესა ორი დღის განმავლობაში არკვევდა, მართლა გაწყვიტა თუ არა საქართველომ რუსეთთან შეთანხმება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თაობაზე. ჯერ კიდევ გუშინ ”დეილი ტელეგრაფის” რუსული გამოცემა ”გაზეტა” წერდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ არანაირი ცნობა არა აქვს. ,, მე ამის შესახებ არაფერი მსმენია”, - უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს რუსული პრესა უკვე წერდა შეთანხმებიდან გამოსვლაზე, როგორც შემდგარ ფაქტზე, და კომენტარებსაც აქვეყნებდა.

”იზვესტია” რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი მთავარსარდლის, გენერალ კარკუნოვის, კომენტარს ბეჭდავს, რომლის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ამ შეთანხმების გაწყვეტა უარყოფითად არ იმოქმედებს რუსეთის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოებაზე. ისედაც, ეს შეთანხმება გინდა ყოფილიყო, გინდა არა, - განაცხადა გენერალმა, - ჩვენს ქვეყნებს შორის კონტაქტები ამ საკითხებში მხოლოდ პოლიტიკურ და პროტოკოლურ ხასიათს ატარებდა, რადგან საქართველოს მხარე არ ამჟღავნებდა დაინტერესებას გაეაქტიურებინა თანამშრომლობა”,- უთხრა კარკუნოვმა ”იზვესტიას”.

და კიდევ ერთი, დღევანდელი, პუბლიკაცია ”იზვესტიაში”, სათაურით ,,ბურჯანაძე სთხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებაში ჩაერიოს ”. პუბლიკაციას ილუსტრაციაც ახლავს - საქართველოსა და რუსეთის დროშები და, მათ ფონზე, ძაღლი და კატა, რომლებიც ჯიქურ უყურებენ ერთმანეთს. ძაღლი საქართველოს დროშის ქვეშ დგას, რუსეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ კი კატაა გამოსახული.

პუბლიკაციაში კი აღნიშნულია, რომ ნინო ბურჯანაძე თავისი ვიზიტის მთავარ მიზანს იმაში ხედავს, რომ ამერიკის მხარდაჭერა მიიღოს საქართველოსა და -რუსეთს შორის არსებულ დაპირისპირებაში. ,, საუბარია არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რადგან საქართველო არ აპირებს სეპარატისტებთან ომს”, - მოჰყავს გაზეთს ნინო ბურჯანაძის სიტყვები.

დღევანდელმა ”ვედომოსტიმ” კი რუბრიკაში ,,სიტყვები”, რომელშიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და აქტუალური გამონათქვამებია შეკრებილი, დმიტრი როგოზინის ასეთი ციტატა მოიტანა: ,,საქართველოს პოლიტიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჰგავს ნაცისტური გერმანიის აგრესიულ ქმედებას 1930 - იან წლებში.” შეგახსენებთ, რომ დმიტრი როგოზინი ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელია.
XS
SM
MD
LG