Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიანმარის მთავრობა ქვეყანაში დახმარების შეტანაზე თანხმდება


მნიშვნელოვანი შეფერხებების შემდეგ, მიანმარის მთავრობა, როგორც იქნა, დათანხმდა შევიდეს ქვეყანაში უცხოური დახმარება,

რომელიც დამანგრეველი ციკლონით დაზარალებულ ადამიანებს უნდა მოხმარდეს. ორშაბათს მიანმარში ტაილანდიდან დახმარებით დატვირთული პირველი ამერიკული თვითმფრინავი ჩაფრინდება. მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, მისცემს თუ არა რანგუნი უცხოელ მაშველებს საშუალებას, დახმარება თვითონ გადაანაწილონ დაზარალებულ ადგილებში. არადა, ამ დღეების განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ თავად მთავრობა ამ ამოცანას ვერ ასრულებს.

ტაილანდის საჰაერო ბაზიდან რანგუნში დღეს დახმარებით დატვირთული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი გაფრინდა.

ჯერჯერობით ეს დახმარების ყველაზე დიდი პარტიაა, რაც მიანმარში ჩავიდა. დამანგრეველმა ციკლონმა ქვეყანას ათი დღის წინ გადაუარა, თუმცა ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყანაში შედის, ძალიან მცირეა.

ეს იმის გამო არ ხდება, რომ მსოფლიო არასაკმარის ინტერესს იჩენს მიანმარის მიმართ. პირიქით, დახმარების სურვილი არაერთმა ქვეყანამ თუ ორგანიზაციამ გამოთქვა. კატასტროფამ, ქვეყნის მთავრობის მონაცემებით, 28 ათასი ადამიანის სიკვდილი მოიტანა, საერთაშორისო ექსპერტების აზრით კი, მსხვერპლი 100 ათასს უტოლდება. ექსპერტები შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, ამჯერად უკვე ციკლონის შემდეგ შექმნილი პირობების გამო. ქვეყანა სასმელი წყლისა და საკვების მწვავე დეფიციტს განიცდის და დაავადებების გავრცელების საფრთხის ქვეშაა.


ასეთ ვითარებაში ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმე ხდება. მაგრამ საერთაშორისო დახმარება მიანმარამდე არ აღწევს იმის გამო, რომ ქვეყნის მთავრობა აქამდე უარს აცხადებდა ქვეყანაში საერთაშორისო მაშველების შეშვებაზე.

ამის ნაცვლად, მიანმარის სამხედრო რეჟიმი ამბობს, რომ დახმარებას თავად დაარიგებს - იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად გამოჩნდა: მთავრობას ამის უნარი არ შესწევს.

ვრცელდება ცნობები, რომ ციკლონით დაზარალებულ რეგიონში ათიათასობით ადამიანი დგას გზების პირას და უიმედოდ ელოდება ჰუმანიტარულ დახმარებას. დროდადრო მათთან სხვა რეგიონებიდან ჩასული მიანმარის მოქალაქეები მიდიან და დახმარება ჩააქვთ. მაგრამ ეს სიმბოლური ცალკეული შემთხვევები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს მთავრობის უუნარობას, რეალური დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ მოსახლეობას.

საერთაშროისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამის” წარმომადგენელმა იან ვოლვერტონმა ჩვენი რადიოს ტაჯიკურ სამსახურთან ინტერვიუში ორგანიზაციის შეშფოთება ასე შეაჯამა:

[ვოლვერტონი]
”ჩვენ ძალიან გვაშფოთებს იმ ერთ-ნახევარი მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც უკვე საფრთხის ქვეშ არიან. და იმის გამო, რომ იქ დახმარება არასაკმარისი რაოდენობით შედის, ქვეყანაში, შესაძლოა, შეიქმნას სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.”

თუმცა თანდათან ჩნდება იმედი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ვაშინგტონსა და რანგუნს შორის გამართული ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, მიანმარის მთავრობამ თანხმობა განაცხადა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული შეერთებული შტატების თვითმფრინავის შეშვებაზე, მაშინ როდესაც ვაშინგტონი მიანმარის მთავრობას ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის გამო მწვავედ აკრიტიკებს. ეს კი, შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ქვეყნის მთავრობა, ბოლოს და ბოლოს, თანხმდება უცხოეთის ქვეყნებიდან დახმარება მიიღოს.

ვრცელდება ცნობები, რომ რანგუნმა ერთ-ერთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას დახმარების დარიგების უფლებაც მისცა.

მსოფლიოს ლიდერებმა მიანმარის მთავრობას რამდენჯერმე მოუწოდეს, მისცენ ვიზები საერთაშორისო მაშველებს. ამ მოწოდებებში ნათლად იგრნობა შექმნილი კრიზისის უჩვეულო არსი: მთავრობა საკუთარ ხალხს უფასოდ გამოყოფილ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას არ აძლევს იმის შიშით, რომ პროცესებში საერთაშორისო ძალების ჩართვა მის ძალაუფლებას დააკნინებს.

ამ შიშის გათვალისწინებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა პარასკევს, 9 მაისს, მიანმარის მთავრობას ასე მიმართა:

[ბანი]
”პოლიტიკური შეხედულებების სხვაობა არაფერ შუაშია. მე უზრუნველვყოფ იმას, რომ გაეროს მაშველები არანაირ პოლიტიკურ დებატებში არ ჩაერთონ. ჩვენ ახლა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე - სიცოცხლის გადარჩენაზე - ვლაპარაკობთ.”

მართლა შეიცვალა თუ არა ვითარება უკეთესობისკენ და რამდენად ეცდება მიანმარის მთავრობა ქვეყნის იზოლაციაში დატოვებას, შექმნილი მწვავე კრიზისის მიუხედავად, რამდენიმე დღეში უფრო ნათლად გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG