Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მდგომაროების შესახებ


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 106 ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის შესახებ 2008 წლის მაისამდე განვლილი პერიოდის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში არადემოკრატიული და დემოკრატიულ გარდაქმნებზე ორიენტირებული ქვეყნების განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების წვლილის ერთგვარი შეჯამებაა. ამ ქვეყნების რიგშია საქართველოც, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურადაა ჩართული დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა თუ განათლების სფეროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზების ხელშეწყობაში.

2007 წელს მიღებული „დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების“ აქტის შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად მოამზადა ანგარიში, რომელშიც მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობის კუთხით გატარებული ღონისძიებები შეაჯამა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის არსებულ მდგომარეობას და ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას ისეთი პარამეტრების მიხედვით აფასებს, როგორიცაა კონკურენციაზე დაფუძნებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების ტრანსპარენტულობა, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, მედიისა და პროფკავშირების ფუნქციონირება და სხვ. ისევე როგორც სხვა ქვეყნების, საქართველოს შესახებ ანგარიშის მონაკვეთიც 4 ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში, ძირითადად, აღწერილია ის, თუ რა პოლიტიკური და საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ 2007 წლის ნოემბრის კრიზისის განსამუხტად. აღნიშნულია ასევე ის, რომ სიტყვის, პრესისა და შეკრებების თავისუფლება, ისევე როგორც საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ხარისხი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს გაუარესდა. საუბარია იმაზეც, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები კვლავაც ირღვევა სასამართლოში, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საზოგადოებაში ძლიერია დაუსჯელობისა და დაუცველობის განცდა და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის შესახებ 2008 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდის მიმოხილვაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების საკითხს სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის მდგომარეობის კუთხითაც შეეხო. კერძოდ, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ძვრები შეინიშნება. კერძოდ, შემუშავდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის მექანიზმები, გაიზარდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეაბილიტაციისათვის განსაზღვრული ბიუჯეტი და თბილისში პირველი თავშესაფარიც გაიხსნა. ეთანხმებიან თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის ამ შეფასებას საქართველოში? კომენტარისთვის „ვორლდ ვიჟენ ჯორჯიას“ ტრეფიკინგის პრევენციული ზომებისა და მისი დაძლევის შესაძლებლობების პროექტის მენეჯერს თინა ბრეგვაძეს მივმართეთ.

[თინა ბრეგვაძის ხმა]“ ტრეფიკინგთან მიმართებაში - განსაკუთრებით ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში - ბევრად დადებითად შეიცვალა ვითარება საქართველოში. ანუ დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა რეფერალური მექანიზმი, არსებობს უკვე ისეთი ინსტანციები, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას, თავშესაფრების სახით, რომლებიც უზრუნველყოფენ მსხვერპლთა რეაბილიტაციას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან არსებითი ნაბიჯებია გადადგმული.“

გვითხრა ”ვორლდ ვიჟენ ჯორჯიას” პროექტის მენეჯერმა,რომელიც სავსებით ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა თბილისისა და ბათუმის თავშესაფრებში განთავსებული ადამიანების რეაბილიტაციისათვის ამ ეტაპზე სახელმწიფო ბევრს აკეთებს, თუმცა სრულყოფილი არაფერია და მომავალში პოზიტიური ნაბიჯები სტაგნაციით არ უნდა შეიცვალოს, - გვითხრა თინა ბრეგვაძემ.
XS
SM
MD
LG