Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დასავლეთის მთავრობები ისევ დგანან დილემის წინაშე"


დასავლეთის პრესა განაგრძობს, შეიძლება ითქვას, აქტიურ გამოხმაურებას აფხაზეთთან დაკავშირებულ მოვლენებზე.

მაგალითად, “ფაინენშალ ტაიმსმა” დაბეჭდა სტატია სათაურით “ან ჩაერთეთ საქართველოს გარშემო პროცესებში, ან კიდევ მოემზადეთ ომისთვის”. სტატიაში, რომლის ავტორებიც არიან ცნობილი პოლიტოლოგები რონ ასმუსი და მარკ ლეონარდი, ვკითხულობთ:

“მოსკოვს, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თბილისის პროვიცირება, მიმართოს სამხედრო ზომებს, რომლებიც - დასავლეთის თვალში - თბილისის დისკრედიტაციას მოახდენდა და ბოლოს მოუღებდა ქვეყნის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ.”

სტატიის ავტორები ჩამოთვლიან მოსკოვის ნაბიჯებს, რომელთაც ეფუძნება მათი შეფასება, თუმცა დასძენენ, რომ საქართველოც შორს არის სრულყოფილებისაგან. პრეზიდენტ სააკაშვილს ისინი ქარიზმატულ, მაგრამ ავტორიტარული მიდრეკილებების ლიდერად მოიხსენიებენ, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თუ სააკაშვილს არჩევანის გაკეთება მოუწია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანაობასა და დასავლეთს შორის, სააკაშვილს, შესაძლოა, ხელი გაექცეს აფხაზეთის დასაბრუნებლად სამხედრო ძალის გამოყენებისაკენ.

და მაინც, “ფაინენშალ ტაიმსში” დაბეჭდილი სტატიის ავტორების შეფასებით, საქართველო ყველაზე დამაიმედებელი დემოკრატიაა მთელს რეგიონში. მაშ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა ასეთ ვითარებაში? ამ შეკითხვაზე სტატიაში შემდეგ პასუხს ვეცნობით:

“დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობის დასაცავად საუკეთესო გზაა საქმეში ჩარევა და არა განზე გადგომა. აშშ-მა და ევროკავშირმა ნათელი სიგნალი უნდა გაუგზავნოს ორივე მხარეს. დმიტრი მედვედევს, რუსეთის ახალ პრეზიდენტს, უნდა ეთქვას, რომ დასავლეთთან მომავალ ურთიერთობაზე (ვიზიტებით დაწყებული და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებით დამთავრებული), გავლენას მოახდენს ის, თუ როგორ ექცევა რუსეთი თავის მეზობლებს. დასავლეთის მთავრობებმა განსაკუთრებით ნათლად უნდა მიუთითონ იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში აუცილებლად აისახება დასავლეთის დამოკიდებულებაზე მოსკოვისთვის გამორჩეული პრიორიტეტის მქონე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 2014 წელს სოჭში, რომელიც აფხაზეთთან, იქვე საზღვრის მეორე მხარეს მდებარეობს”.

რაც მთავარია, განაგრძობენ “ფაინენშალ ტაიმსში” დაბეჭდილი სტატიის ავტორები, დასავლეთის ქვეყნები უშუალოდ უნდა ჩაერთონ აფხაზეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ ორ მხარეს შორის ნდობის აღდგენის საქმეში. ამჟამინდელი სამშვიდობო, ისევე როგორც მოლაპარაკებების ფორმატები, არ მუშაობს - ასე ფიქრობენ პოლიტოლოგები რონ ასმუსი და მარკ ლეონარდი.

აფხაზეთის გარშემო დაძაბულ ვითარებას ვრცელ სტატიას უძღვნის შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთი “ნოიე ციურხერ ცაიტუნგიც”. ამასთან, ის საქართველოს მიმართ უფრო კრიტიკულ შეფასებებს მოიცავს. სტატიის ავტორი როგორც წერს, “თბილისი თავს დაჟინებით წარმოსახავს მსხვერპლის როლში და ვერ გამოდის კონფლიქტის მოგვარების რელისტური წინადადედებით”.

სტატიაში მოყვანილია ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ზოგი მწვავე განცხადება, მათ შორის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადება. იგულისხმება აფხაზეთთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკის შედარება ჰიტლერის პოლიტიკასთან სუდეტების საკითხში.

თუმცა “ნოიე ციურხერ ცაიტუნგში” კრიტიკული შეფასებებია გამოთქმული სოხუმისა და მოსკოვის მიმართაც. გაკრიტიკებულია კონფლიქტსადმი დასავლეთის მიდგომა.

“გაეროს პროტექტორატ კოსოვოსაგან განსხვავებით, აფხაზეთის ომის შემდეგ არავის უზრუნია ორივე მხარეზე ჩადენილი დანაშაულების დასადგენად (...) არ უზრუნიათ არც სახელმწიფოებრიობის გარეშე დარჩენილ აფხაზეთზე. მას დახმარება შესთავაზა მხოლოდ რუსეთმა, რომლის სამხედრო ჩარევამაც საერთოდ შესაძლებელი გახდა საქართველოსაგან ამ რეგიონის ჩამოშორება. და დასავლეთიც - იმის გამო, რომ თავის დიდად შეწუხება არ სურდა - გახარებულია იმით, რომ რუსი მშვიდობისდამცველები ზრუნავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების დაცვაზე. გაეროს მისია მათზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა რომ რუსები კონფლიქტის მონაწილე მხარეს წარმოადგენენ, რაზეც სამართლიანად მიუთითებენ ქართველები”.

დაბოლოს, სტატიაზე, რომელსაც “ვაშინგტონ პოსტი” ბეჭდავს. “დასავლეთის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობის არ-არსებობის ფონზე, რუსეთი განაგრძობს თავისი დემოკრატიული მეზობლის პროვოცირებასო” - ასეთ შეფასებას ვეცნობით ქვესათაურის სახით. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკას შესაძლოა, პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი არ განსაზღვრავდეს... ყოველ შემთხვევაში, საყურადღებოა ყოფილ პრეზიდენტ, ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ინტერვიუ საფრანგეთის გაზეთ “მონდთან”, რომ ის, პუტინი, პირადად მონაწილეობდა აფხაზეთში რკინიგზასთან დაკავშირებული გეგმების მომზადებაში.

როგორც უნდა იყოს, განაგრძობს “ვაშინგტონ პოსტში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი, “დასავლეთის მთავრობები ისევ დგანან დილემის წინაშე: როგორ მოექცნენ მთავრობას, რომელიც ძალას იყენებს დემოკრატიული მეზობლის სუვერენობის წინააღმდეგ”.
XS
SM
MD
LG