Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


კოტე ჩოლოყაშვილი განვლილი შვიდი დღის მანძილზე,

ჩვენი თხოვნით, დღიურს წერდა ისტორიკოსი კოტე ჩოლოყაშვილი.



22 ივნისი, კვირა
ამ დღეს ჩვენს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: გერმანიამ ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს, რამაც ჩვენს ისტორიას ღრმა კვალი დაამჩნია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა ვერ მოახერხეს კავკასიის აღება, პროცენტულად ყველაზე მეტნი საქართველოს შვილები დაიღუპნენ. ძალიან კარგად მახსოვს ომის დაწყების დღე. ძალიან კარგი მეგობარი მყავდა - სერგო სოსელია. რაიონიდან იყო ჩამოსული. მე სკოლის პირდაპირ ვცხოვრობდი, ის მარტო იყო. უჭირდა რუსულში. მე დიდი მორუსულე არ ვარ, მაგრამ ვცდილობდი, დავხმარებოდი. ვსხედვართ ყოფილ კიროვის ბაღში და რუსულ ტექსტს ვკითხულობთ. ამ დროს – ლევიტანის სიტყვა: “დაიწყო ომი”... მე გადავრჩი იმით, რომ სტუდენტი ვიყავი და იმ კურსიდან უკვე “ჯავშანი” იყო და ამით დავრჩი. ჩემი ახლობლების უმრავლესობა წავიდა და...
ჩვენთან ომი არ ყოფილა, მაგრამ პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა. ყველა სოფელთან იყო დაფა დაღუპულთა ფოტოებით. მაინც მნიშვნელოვანი იყო, რომ ეგოროვთან ერთად ქანთარიამ ააფრიალა დროშა რაიხსტაგზე.
...ვთამაშობდი კალათბურთს უნივერსიტეტის პირველ გუნდში, რომელიც საკავშირო პირველობაში იღებდა მონაწილეობას. დავდიოდით საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში. ხშირად ვვარჯიშობდით ხოლმე კიროვის ბაღის სპორტულ მოედანზე. წინათ იქ სასაფლაო იყო. მერე ბაღად აქციეს. თამაშების შემდეგ ამოვდიოდი და იმათ შესანდობარს ვამბობდი ხოლმე, ვის სასაფლაოზეც დავრბოდით და დავხტოდით. ძალიან კარგი მღვდელი იყო იქა - გარსიაშვილი. ღვთაებრივი პიროვნება იყო თავისი საქციელითა და მოღვაწეობით.
საოცარია, რომ საბჭოთა კავშირის კალათბურთის ნაკრებში ხუთ კაცში ორი ქართველი იყო - ქორქია და ჯორჯიკია, ფრენბურთში კი - კოტიკო ლომინაძე და გივი ახვლედიანი. სხვათა შორის, ფრენბურთს ძალიან კარგად თამაშობდა შალვა ნუცუბიძე. ერთხელ, უნივერსიტეტის კალათბურთის პირველ გუნდს პროფესორების ფრენბურთის თამაშის შემდეგ უნდა გვევარჯიშა. ისე მოხდა, რომ კოტიკო ლომინაძის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ბატონმა შალვამ ხელებით ვერ შეაჩერა, შუბლში მოხვდა და წააბორძიკა. კოტიკო ძლიერ შეწუხდა: “ბატონო შალვა, ეს რა მომივიდაო?!”. ბატონმა შალვამ უთხრა: ამ თავს ბევრი ოხრისათვის გაუძლია და ამ ტყავის ბურთსაც გაუძლებსო.
კვირას შევიტყვე, რომ გარდაიცვალა ჩემი მამიდაშვილის - ქეთო გარსიაშვილის ქალიშვილი თამრიკო კლიმიაშვილი. ის იყო ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, უნივერსიტეტის ფაკულტეტზე 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორი. ამით მას არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც იცნობენ. გაზრდილი ჰყავს არაერთი სტუდენტი, ამ დარგის სპეციალობაში მომუშავენი. ენციკლოპედიური განათლების გოგონა იყო. ხელოვნებაშიაც კი ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა. საოცარი გოგონა იყო. თავის სიცოცხლეში არავინ გაუკიცხავს. კარგი ხალხი მიდის. უკეთესები მოდიან.

23 ივნისი, ორშაბათი
23 ივნისს უმძიმესი დღეა. მივედი კლიმიაშვილებთან. შევეცადე შემემსუბუქებინა დიდი სევდა ჩემი მამიდაშვილისა და მისი ოჯახისათვის.
მახსოვს, რუსთაველზე ცხოვრობდნენ. ქეთოს მამა რომ დააპატიმრეს, ოჯახი გადაიყვანეს კოოპერაციის ქუჩაზე. მივდიოდით ხოლმე. მაშინ პატიმრების ცოლებსაც იჭერდნენ. საწყალ მამიდაჩემს ბარგი შეკრული ჰქონდა. ჩვენი იქ ყოფნის დროს, მოვიდნენ “ჩეკას” თანამშრომლები. თქვეს - “опять жена”. აიღო მამიდაჩემმა ბარგი და გაჰყვა. რამდენიმე წლის შემდეგ რომ გაათავისუფლეს, წავიდა მისი შვილი - ქეთო და ჩამოიყვანა თბილისში.
მამაჩემი რომ დააპატიმრეს და დახვრიტეს, სოფლიდან გამოგვრეკეს, ჩამოვედით თბილისში. დედაჩემი მამიდაჩემთან ვერ მიდიოდა შიშის გამო. მივიდა ალექსანდრე ალადაშვილთან, რომელმაც შეასწავლა საოპერაციო დის ხელობა. ბატონმა ალექსანდრემ მოგვცა პატარა ოთახი. ალექსანდროვის საავადმყოფოში ვცხოვრობდით. ბატონი ალექსანდრე ძალიან ჰგავდა ილია ჭავჭავაძეს, ხმითაც კი. ერთხელ დიდი სიცხე მომცა. გავახილე თვალი. კაცი მსინჯავდა. გამსინჯა და წავიდა. ამხანაგები მოვიდნენ და მე ვუთხარი: სად იყავით, ილია ჭავჭავაძე იყო, გამსინჯა და წავიდა-მეთქი. ჩემმა მეგობრებმა საფეთქელთან თითი მიიდეს: იფიქრეს, რომ ვერ იყო ჩემი საქმე კარგად.

24 ივნისი, სამშაბათი
დილით ისევ კლიმიაშვილების ოჯახში წავედი. უფროსი კაცი ვარ და მე მეკითხება ყველაფერი.
ფიქრებს ისევ წარსულში მივყავარ: მშობლების დაპატიმრებიდან პირველი დაბადების დღეა ჩემი მამიდაშვილისა - ქეთოსი. ჩემი და მეორე მამიდის სახლები ახლო-ახლოს იყო. დის დაპატიმრების შემდეგ უმშობლებოდ დარჩენილი მისი ქალიშვილები მან თავისთან წაიყვანა. მამიდაჩემმა - პირველი დაბადების დღეაო და არაფერი მაქვსო. მე მაშინ უკვე ვმუშაობდი რეტუშორად: სურათებს რომ ადიდებდნენ, ლაქები უჩნდებოდა. ისე უნდა შეგვეფერადებინა ეს ლაქები, რომ სურათის ხარვეზი აღარ ყოფილიყო შესამჩნევი. თითო სურათში იძლეოდნენ 25 მანეთს. პირველი სტალინის სურათი მომცეს, ისე გაფუჭდა, თითქოს ჯავრი ვიყარე. ერთი ქალი იყო სამხატვრო კომბინატში. ისე გადამალა გაფუჭებული სტალინის სურათი, რომ ვერავის ეპოვნა. ყველას დაგვიჭერდნენ. ისე მოხდა, რომ პირველი გასამრჯელო ისევ სტალინის სურათში მომცეს - 25 მანეთი. გამოვედი, მელიქ აზარიანცის სახლის ქვეშ რომ გასტრონომია - ვიყიდე ტორტი და ვიყიდე კექსი. შევედი მამიდაჩემთან პირველი ჯამაგირით ნაყიდი ტორტით და კექსით. მერე ჩემი მამიდაშვილი გათხოვდა. ირანში იყო მივლინებული. იქიდან გამომიგზავნა საკოსტუმე. შევიკერე პირველი კოსტუმი. მოვდივარ სამსახურიდან. იმელის შენობასთან რომ ქუჩა ამოდის, მოდის ქალი, უჭირავს ბავშვი, რომელსაც თავიდან სისხლი თქრიალით გადმოსდის. მივვარდი, გამოვგლიჯე, ჭავჭავაძის კუთხეში რომ ამბულატორიაა, იქამდე სირბილით მივიყვანე. დავხედე ჩემს კოსტუმს და სულ სისხლში იყო ამოთხვრილი. ეს იყო ჩემი პირველი კოსტუმის ბედი. ის ბიჭი მერე არაერთხელ შემხვედრია...

25 ივნისი, ოთხშაბათი
ისევ სამძიმარზე ვარ. ვზივარ და მოგონებები ერთმანეთს ცვლის:
სკოლის ასაკამდე ვიყავი ჩერქეზიშვილი, რადგან ჩვენი გვარის ხსენება არ შეიძლებოდა. ჩვენი გვარის შესახებ ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: “ჩოლოყაშვილებმა, რაც უნდა ჩაიდინონ, იმდენი დამსახურება მიუძღვით ქართველი ერის წინაშე, არავის უფლება არა აქვს მარჯვენა ხელის ცერის მოჭრისაო”. მიუხედავად ამისა, ქაქუცას ძმა, სიკო, მოკლეს. ვიცით ის ტყე, სადაც ეს მოხდა და თავადაზნაურთა საკრებულოს გადაწყვეტილი გვაქვს, რკინის ჯვარი დავდგათ. როდესაც ქაქუცას გადმოსვენების საკითხი დადგა, როგორც უხუცეს ჩოლოყაშვილთან, მოვიდნენ ჩემთან და მკითხეს, როგორ მოვიქცეთო. მე ვუთხარი - ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება-მეთქი, მაგრამ, აბა, იქაურ ქართველებსაც ჰკითხეთ, მათთვის ეს ძალიან მძიმე იქნება-მეთქი. უცებ, პარიზშიც არ ჩასულა ჩემი ეს სიტყვები?! ჩემი შვილი მირეკავს და მეუბნება, აქ ლაპარაკობენ როგორი კარგი კაცია, ჩვენზეც როგორ ზრუნავსო. რა ვქნათო? ვუთხარი, საფლავის ქვაზე დარჩეს წარწერა, რომ ამა და ამ წელს გადასვენებულია თავის სამშობლოში-მეთქი.
ყოველ 20 მაისს თავადაზნაურთა საკრებულო ვაკის პარკში პანაშვიდს ვუხდით 1921 წელს დახვრეტილ კოტე აფხაზსა და მის თანაგუნდელებს: კოტე აფხაზი თავის გუნდთან ერთად დასახვრეტად მიჰყავდათ (მაშინ ხვრეტდნენ ახლანდელი ფიზკულტურის ინსტიტუტის ადგილას). სცოდნია კოტე აფხაზს, სადაც უნდა დაეხვრიტათ და ვაკის პარკის მხარეს გადამხტარა. გადაყარეს ყველა და იქ დახვრიტეს, სადაც გვინდა მემორიალური დაფა დავდგათ.
ორნი ვიყავით კლასში მამადახვრეტილები, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები საგანგებოდ გვექცეოდნენ, მაგრამ ისე, რომ ვერც ვერვინ შეატყობდა. ცდილობდნენ, რომ ცხოვრებას ჩვენი წონასწორობა არ დაერღვია. მერე მოხდა 37 წელი. ნახევარი კლასის ბავშვების მშობლები დააპატიმრეს. ჩვენ ორმა ვიგრძენით, როგორ გადავიდა ჩვენი მასწავლებლების სითბო და ყურადღება სხვა ბავშვებზე. ჩვენ ხომ უკვე “მოვლილები” ვიყავით. არ ვიცი, როგორ ახერხებდნენ ამას. საშუალო სკოლაშიც ასე იყო და უმაღლესშიც.
ერთხელაც, სტუდენტობისას, შევდივარ მუზეუმში და დგას ცნობილი ენათმეცნიერი არნოლდ ჩიქობავა. ქრისტინა შარაშიძე ესაუბრება (თავის დროზე ერთადერთი ქალი იყო მენშევიკურ მთავრობაში, საქართველოს მუზეუმში ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა). მივესალმე. როგორც ჩანს, ქრისტინას უთქვამს, რომ დედაჩემი ავად არის. საღამოს, დედას სანახავად რომ მივედი, მითხრა - იცი, ჩემთან მოვიდა არნოლდ ჩიქობავაო. რომ შესულა პალატაში, დედამ მეორე პაციენტზე ანიშნა. მას უკითხავს - თქვენ კოტეს დედა არა ხართ, მე სწორედ თქვენს სანახავად მოვედიო. ერთ დღეს კიდევ პალტოს ვიცვამ. შემობრძანდა ბატონი ვარლამ თოფურია. აქ რა გინდაო? დედაჩემია ავად-მეთქი. ამომყვა და დედაჩემი ინახულა. ეს ჩემთვის – სტუდენტი კაცისთვის – დიდი პატივი იყო, ყველა ლექციაზე დიდი რამ. მეც ვპედაგოგობდი შემდეგ და ვცდილობდი, ასეთივე ვყოფილიყავი. არ ვიცი, როგორ გამომდიოდა.

26 ივნისი, ხუთშაბათი
უმძიმესი დღე იყო – თამრიკოს დაკრძალვა.
თამრიკოს პაპა – ლევან გარსიაშვილი – 37 წლამდე სამხედრო პირი იყო და რომ აირია ყველაფერი, დედაჩემი ღელავდა, რომ ოჯახში დარჩენილ ამ ერთადერთ კაცსაც რამე არ მოსწეოდა. მორიდებული ქალი იყო დედაჩემი. ერთხელ ჩვენთან მოსულ ძია ლევანს უთხრა: ჩემო ლევანო, კი არ გეწყინოსო და სულ შენზე ვფიქრობო. ლევანმა უთხრა: როგორ მაკადრე?! სტალინის ფრჩხილი ქვეყანას მირჩევნიაო. დააპატიმრეს. ვერ გატეხეს. საბრალდებო დასკვნაზე ხელი ვერ მოაწერინეს. დახვრიტეს. თავის დროზე ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა დიდი საქმე ჩაატარა მე-12 საუკუნის საქართველოზე. გამოიძახა ბიძაჩემი ლევანი, როგორც სამხედრო პირი, და სთხოვა, შეესწავლა “ვეფხისტყაოსანი” სამხედრო თვალსაზრისით. ძალიან კარგი ნაშრომი დაიბეჭდა.
ახლა მისი შვილიშვილი თამარი გარდაიცვალა.

27 ივნისი, პარასკევი
სამსახურში ვიყავი, მერე - თავადაზნაურთა საკრებულოში. ვესაუბრე წევრებს. რაც ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი ამერიკიდან ჩამოვიდა, დატვირთვა გამინახევრდა. მე თავმჯდომარე მქვია, მაგრამ ქალბატონი იაა საქმის მკეთებელი.
ჩემი ქალიშვილი რუსუდანი ჩამოვიდა ქარელის ექსპედიციიდან. ფოლკლორის განყოფილების გამგეა ლიტერატურის ინსტიტუტში. ძალიან დიდი პატივი მცესო, მეგონა, ჩემი დამსახურება იყოო და ბოლოს მითხრეს - მამაშენის ხათრითო.
ვაჟიშვილიც მყავს - ბიძინა. ზვიადის გუნდში იყო. დააპატიმრეს. რომ გამოვიდა, წავიდა საქართველოდან. ყოჩაღი რძალი მყავს - ქეთი. დაავლო ხელი შვილებს და წავიდა მეუღლესთან. ახლა პარიზში არიან. ბინა არა ჰქონდათ: ერთმა ქართველმა შესთავაზა ბინა. ჩვენი სოფლელი აღმოჩნდა - თოხლიაურელი. ვისი შვილი ხარო - უკითხავს ბიძინასთვის, კოტე ჩოლოყაშვილისო. მე მას არ ვიცნობო, მაგრამ გამიგია, კარგი კაციაო. ქალაქგარეთ გამიყვანა და გასაღები მომცაო. მერე ჩემმა რძალმა იშოვა სამსახური. ჩემი ვაჟი ბიბლიოთეკაში მუშაობს. შვილიშვილებიდან ერთი მესამე კურსზეა, მეორე - მეოთხეზე. რომ დაამთავრებენ, ჩამოსვლას აპირებენ. ერთი შვილიშვილი ჩემთან ცხოვრობდა და ერთი თვის წინ გათხოვდა. მალე ბერ-პაპა გავხდები.

28 ივნისი, შაბათი
რადიო “თავისუფლებიდან” დარეკვას ველოდი. ვფიქრობდი, როგორ გამოადგებოდათ ჩემი მონათხრობი. ალბათ, ბევრ შეცდომას დავუშვებ-მეთქი, ვფიქრობდი. ადრეც მიხდებოდა გამოსვლა ტელევიზიით, რადიოთი, მაგრამ მაინც ცოტათი ვღელავ. რადიოდან მუზეუმში მივდივარ, საქმეები მაქვს. ეთნოგრაფიის განყოფილებაში რაღაც-რაღაცები ჩასამთავრებელი მაქვს. დღეს ყველა ისვენებს. მერე მივდივარ საქართველოს თავადაზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოში – სხდომა უნდა ჩავატარო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG